პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერ სიტიმ მოიგო. სტემფორდ ბრიჯზე ერთადერთი გოლი რიად მაჰრეზმა გაიტანა.
მანჩესტერ სიტიმ ლიდერ არსენალთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ჩელსი კი მე-10 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება.
მატჩის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩათამაშდა. გრემ პოტერის გუნდის ლაზარეთს რაჰიმ სტერლინგი და კრისტიან პულისიჩი შეემატნენ. მათ ნაცვლად მოედანზე პიერ ემერიკ ობამეიანგი და ქერნი ჩუკუემეკა შემოვიდნენ.
მეორე ტაიმი პეპ გვარდიოლამ ჯერ ორმაგი ცვლილებით დაიწყო, 15 წუთში კი ორი ფეხბურთელი კიდევ შეცვალა. მატჩში გარდამტეხი სწორე ეს მონაკვეთი იყო. მანუელ აკანჯიმ, რიკო ლუისმა, რიად მაჰრეზმა და ჯეკ გრილიშმა ჯონ სტოუნსთან ერთად საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს.
ერთადერთი გოლი მაჰრეზმა გრილიშის პასით 63-ე წუთზე, მოედანზე შემოსვლიდან 3 წუთში გაიტანა.
გაშვებული გოლის მომენტში ყველაზე არადამაჯერებლად ესპანელებმა მარკ კუკურეიამ და კეპა არისაბალაგამ ითამაშეს. შესაბამისი იყო გამოხმაურებაც.
კრიტიკა დაიმსახურა ობამეიანგმაც. გაბონელი მოედანზე მე-5 წუთზე შემოვიდა და 68-ე წუთზე გავიდა. მიზეზად პოტერმა გადაღლილობა დაასახელა.
პოტერმა თამაშის გაძლიერება გალაჰერით, ჰაჩინსონითა და ჰოლით სცადა, თუმცა უშედეგოდ. ყველაზე რეალური მომენტი ასევე ახალბედა ჩუკუემეკას შეექმნა, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა.
დღეის მდგომარეობით ჩელსის ტრავმირებულთა სია ასე გამოიყურება:
სტერლინგი, პულისიჩი, მაუნტი, მენდი, ლოფტუს-ჩიკი, კანტე, ჯეიმსი, ფოფანა, ჩილუელი და ბროია.
კომენტარები
“გენიოსი ვარ. ევერტონთან მატჩის შემდეგ მკითხეს 81-ე წუთამდე ცვლილება რატომა არ გავაკეთე. დღეს ამაზე ვფიქრობდი და რამდენიმე ფეხბურთელი შევცვალე.
პირველ ტაიმში არეულად ვთამაშობდით. პრესინგი არ გვივარგოდა. მეორე ტაიმში აკანჯიმ და ლუისმა ეს ყველაფერი გამოასწორეს.
შეიძლებოდა წაგვევგო, თუმცა ახლა არსენალს 5 ქულიანი სხვაობით მივუახლოვდით.
მოხარული ვარ ჩემი ფეხბურთელების შემარეთებით. ასეთი მიდგომის გამომჟღავნება არ არის ადვილი, როდესაც 5 სეზონში პრემიერ ლიგის 4 ტიტული გაქვს მოგებული”.
ხოსეპ გვარდიოლა – მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი
“შევალთ თუ არა ოთხეულში? იქამდე 5 თვეა და ეს ძალიან მცირე მონაკვეთია. დრო საჩვენოდ არ მუშაობს. თუმცა საჭიროა განვაგრძოთ ისეთივე ფეხბურთის ჩვენება, როგორიც დღეს გვქონდა და ერთობა შევინარჩუნოთ.
ობამეიანგი გადაღლილი მომეჩვენა. მესმის, ყველა ფეხბურთელს სურს იყოს მოედაზე და გუნდს დაეხმაროს თუმცა ეს იყო საჭირო გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ.
რაც შეეხება ტრავმებს – ეს სიტუაციას ნამდვილად არ გვიადვილებს”.
გრემ პოტერი – ჩელსის მთავარი მწვრთნელი
პრემიერ ლიგა 1 კვირის შემდეგ განახლდება. მანჩესტერ სიტი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედთან ითამაშებს, ხოლო ჩელსი კრეივენ კოტეჯზე ფულემს ესტუმრება.