კოპენჰაგენი, ვიტესი, რაკუვი – ეს იმ ევროპული კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ანზორ მექვაბიშვილის დამატება სურთ.
დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. GFF Awards-ზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სწორედ მექვაბიშვილი გამოარჩიეს.
ამ დროისთვის ყველაზე დიდ ინტერესს პოლონური რაკუვი და ნიდერლანდური ვიტესი იჩენენ.
რაკუვი
რაკუვი პოლონეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, მიმდინარე სეზონში კი ექსტრაკლასაში ჯერჯერობით პირველ ადგილზეა. ამ პოლონურ გუნდში ირიცხება ვაკო გვილიაც, თუმცა ქართველს სათამაშო ფაქტობრივად არ აქვს.
ამავე გუნდში გაატარა გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი ლუკა გაგნიძემ, თუმცა დინამო მოსკოვის ცენტრალური ნახევარმცველი შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. თამაში არც გაგნიძეს უწევდა.
ვიტესი
რაკუვის არ იყოს, უცხო ქართველი ფეხბურთელებისთვის არც ვიტესია.
წლების განმავლობაში ჩელსისთან დაახლოებული ნიდერლანდური გუნდის პრეზიდენტი სფფ-ის ყოფილი პირველი პირი მერაბ ჟორდანია იყო. არნემულ გუნდში კი გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია თამაშობდნენ.
ვიტესი ერედივიზიონში ამჟამად მე-13 ადგილზეა და ფლეი აუთის ადგილს ორი ქულით უსწრებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდების ნაკრებისა და პსვ-ის ყოფილი კაპიტანი ფილიპ კოკუა.
გასულ სეზონში გუნდს თომას ლაიტში წვრთნიდა. გერმანელთან ერთად ვიტესი მე-6 ადგილზე გავიდა, თუმცა კონფერენს ლიგის კვალიფიკაციის საგზური ფლეი ოფში ვეღარ მოიპოვა.
კოპენჰაგენი
ინტერესი კიდევ ერთი ისეთი გუნდის მხრიდან არის, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. მექვაბიშვილი დათი ხოჭოლავას კოპენჰაგენის რადარზეცაა.
პარკენის ბინადარი ამ სამეულში ყველაზე ძლიერია. დანიელებმა მიმდინარე სეზონში 5-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვლავ იასპარეზეს.
იაკობ ნეესტრუპის გუნდმა მანჩესტერ სიტის, დორტმუნდის ბორუსიისა და სევილიის ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ევროპულ ასპარეზს გამოეთიშა.
კოპენჰაგენი ამჟამად დანიის სუპერ ლიგაში მესამე ადგილზეა.
თავად მექვაბიშვილს 6-იანისა და 8-იანის პოზიციაზე თამაში თანაბარი წარმატებით შეუძლია. შესაბამისად, მის ამ უნარს კლუბში, ახალგაზრდულ და პირველ ნაკრებებში მწვრთნელები აქტიურად იყენებენ ფორმაციის ცვლილებისთვის.
პროგრესი დინამო თბილისში
ანზორ მექვაბიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელია ნათელია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს.
ნახევარმცველი დინამო თბილისის ძირითად გუნდში პირველად ჩისკო მუნიოსის დროს მოხვდა. თუმცა მისი დებიუტი კახა ჩხეტიანის დროს შედგა. როტაციის ფეხბურთელობიდან ძირითადის წევრებოსა და ვიცე-კაპიტნობამდე გზა კი მექვაბიშვილმა არასრულ ორ წელიწადში გაიარა.
ეროვნული ლიგა
2020 – 10 მატჩი, უგოლოდ
2021 – 35, 1 გოლი
2022 – 30 მატჩი, 5 გოლი
ყველა ტურნირზე დინამოს მაისურით მექვაბიშვილს 84 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.
ბურთის მომწოდებლობიდან პირველ გუნდამდე
“პატარაობისას, დინამოს მატჩებზე ბურთის მიმწოდებელი ვიყავი ხოლმე და ჩემს დღევანდელ გუნდს სარბენი ბილიკებიდან ვგულშემატკივრობდი. ნამდვილად საოცარი გრძნობაა, გაიარო ეს გზა და ითამაშო დინამოს სახელით“.
ანზორ მექვაბიშვილი – დინამო თბილისის, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი
ეს ციტატა Setanta Sports-ის მიერ მექვაბიშვილთან ორი წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუდანაა.
გარდა საკუთარი პერსპექტივისა და შესაძლებლობებისა, მექვაბიშვილის პირველ გუნდში დამკვიდრებას ხელი დინამოს გაახალგაზრდავების პოლიტიკამაც შეუწყო. მაგალითისთვის, ხსენებული ინტერვიუს ჩაწერის პერიოდში, 2021 წლის აპრილში სამტრედიასთან მატჩში თბილისურ გუნდს შემადგენლობაში აკადემიის 11 აღზრდილი ჰყავდა.
21-წლამდელთა ნაკრები
მექვაბიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია.
მისი დებიუტი ახალგაზრდულ გუნდში 2020 წლის სექტემბერში შედგა. იმ დროისთვის, როდესაც საფრანგეთის U-21-ის წინააღმდეგ ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდულში პირველად ათამაშა მექვაბიშვილი 19 წლისა და 3 თვის იყო.
მის ანგარიშზე 21-წლამდელებში ჩატარებული 9 შეხვედრაა. ის რამაზ სვანაძის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურაა. მატჩების რაოდენობა საგრძნობლად მეტი იქნებოდა, რომ არა საქართველოს ნაკრებში დაწინაურება.
9 მატჩში ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე სლოვაკეთთან გატანილი 1 გოლია.
2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, მექვაბიშვილი კი სვანაძის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. შესაბამისად, პრესტიჟულ ტურნირზე ქართველი საყრდენისგან, ისევე როგორც მთელი გუნდისგან, გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს.
საქართველოს ნაკრები
2021 წლის 19 მაისს ვილი სანიოლის მეორე დიდ პრესკონფერენციაზე, რომელიც ფრანგმა მწვრთნელმა ქართული მედიისთვის გამართა, ჩვენს კითხვაზე მექვაბიშვილთან დაკავშირებით ასეთი პასუხი გაგვცა.
“გამომდინარე იმ მოთხოვნებიდან, რაც ნაკრებში გვაქვს, ჩავთვალე, რომ მისთვის [გამოძახება] ჯერ კიდევ ადრეა. ანრი მექვაბიშვილი ტექნიკურია და დიდ როლს ასრულებს დინამო თბილისში. ახალგაზრდობის მიუხედავად, ის ჩვენი თვალთახედვის არეშია”.
ვილი სანიოლი – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ამ კომენტარიდან 2 კვირაში მექვაბიშვილი 20 წლის ხდებოდა. გავიდა 10 თვე და ის უკვე სანაკრებო სიაში პირველად ვნახეთ.
დებიუტი ბოსნია ჰერცეგოვინასთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, მერე იყო ალბანეთთან მატჩი, ივნისში კი უკვე ოფიციალური მატჩების დროც დადგა.
მექვაბიშვილმა 2022 კალენდარულ წელს საქართველოს 9 მატჩიდან 7-ში მონაწილეობა მიიღო.
ძირითადში პირველად გიბრალტართან 4:0 მოგებულ მატჩში გამოჩნდა. იმავე გიბრალტართან გასვლაზე კი ნაკრებში პირველ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
ჯაბა კანკავას შემცვლელი
“თამაშის სტილი და ხასიათი – ვის შეუძლია ჯაბა კანკავას შეცვლა ეროვნულ ნაკრებში” – ამ და მსგავსი შინაარსის სტატიებს, ნაკრებიდან კანკავას წასვლის შემდეგ მრავლად შეხვდებოდით.
ეს 2022 წლის 27 იანვარს მოხდა. საქართველოს ნაკრებში მართლაც დიდი სივრცე შეიქმნა, თანაც ორი თვალსაზრისით. ნაკრები დატოვა კაპიტანმა, შესაბამისად ლიდერმა და ჩინებულმა საყრდენმა ნახევარმცველმა.
თუკი კაპიტნის სამკლაური გურამ კაშიამ გადაიბარა და ლიდერის პრობლემა ნაკრებს ნამდვილად არ შექმნია, კანაკავა როგორც საყრდენი სანიოლის გუნდში მექვაბიშვილმა ჩაანაცვლა.
ცხადია, პროცესი არ დასრულებულა, თუმცა აქცენტი სწორედ მექვაბიშვილზე რომ შეჩერდა, ეს მისი ნიჭის, უნარებისა და შრომის შედეგია.
ნაკრებში სადებიუტო გამოძახების შემდეგ ვილი სანიოლმა ქართველ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა:
“ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ლოგიკური იყო ახალი ფეხბურთელების გამოძახება. მან დაიმსახურა თავისი შესაძლებლობების დამტკიცების ეს შანსი. ის თავდაჯერებით უნდა შემოგვიერთდეს და ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორიცაა კვეკვესკირი, გვილია და აბურჯანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლო მომავალში ერთ-ერთი ის მოთამაშე იქნება, რომელიც ნაკრებს დაეხმარება”.
ვილი სანიოლი – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
მექვაბიშვილის მიზანი ევროპაა
ვნახოთ, რას ამბობდა, მექვაბიშვილი 2021 წლის დასაწყისში.
“ვთამაშობ როგორც რვიანის, ასევე ექვსიანის პოზიციაზე. უფრო კომფორტული ალბათ მაინც ექვსიანის ფუნქციების შესრულებაა.
არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ვიტყვი რომ უწყვეტი, დაუღალავი შრომით და სწორი მიდგომით, ყოველთვის შეიძლება დიდ შედეგს მიაღწიო. ვფიქრობ, თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა ყოველთვის სათანადოდ ფასდება. მთავარია დაელოდო შედეგს და ის აუცილებლად მოვა.
ოცნებასთან ერთად, მიზანია ევროპის ტოპ ჩემპიონატში ვითამაშო. ახლა მხოლოდ დინამოში საუკეთესო თვისებების გამოვლენა და წარმატების მიღწევა მინდა, მაგრამ საბოლოო მიზანი ზუსტად ეს არის”.
ანზორ მექვაბიშვილი – დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი
ანზორ მექვაბიშვილი მიზანთან საკმაოდ ახლოს არის. ინტერესი დანიის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის წამყვანი კლუბებისგან რეალურია.