სარჩევი

ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. მიაღწია იმას, რისთვისაც ბილარდოსა და მენოტისაც კი არ მიუღწევიათ, – მოიგო კოპა ამერიკა და მსოფლიო ჩემპიონატი ერთად. არ დაგვივიწყდეს მესამე ტიტულიც, სკალონიმ “ფინალისიმაც” მოიგო.

როგორც კი გუნდი ჩაიბარა საკუთარი ხელი დაატყო, ჰქონდა ხანგრძლივი წაუგებელი სერია. რა თქმა უნდა, მესის წვლილი უდიდესია, მაგრამ მის გარშემო გუნდის შეკვრა, სწორედ სკალონის დამსახურებაა.

მესი აქამდეც იყო, ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე, და ვერავინ ისეთი კომფორტი ვერ შეუქმნა, როგორიც სკალონიმ.

მთავარი მწვრთნელობის პირველი დღიდან მოყოლებული, სკალონის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

2018 წელი: 6 თამაში, 4 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი;

2019 წელი: 15 მატჩი, 8 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება;

2020 წელი: 4 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე;

2021 წელი: 16 თამაში, 11 მოგება, 5 ფრე;

2022 წელი: 16 თამაში, 13 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი;

საერთო ჯამში: 57 თამაში, 39 მოგება, 13 ფრე, 5 მარცხი.

რას ნიშნავს სკალონეტა?

არგენტინელებმა ნაკრების მთავარ მწვრთნელს La Scaloneta შეარქვეს, მისი გვარისა და სიტყვა Camioneta-ს სინთეზის შედეგად. Camioneta არის დიდი მანქანა, ვენი, ავტობუსი. საფეხბურთო ტერმინოლოგიაში “Park the bus” ჟოზე მოურინიუმ დაამკვიდრა, სხვათა შორის, როდესაც პირველად გამოიყენა ეს ტერმინი, მეტოქე გუნდის მწვრთნელს საყვედურობდა, მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა და თამაში გააფუჭაო. მას შემდეგ კი თავად იქცა “ავტობუსის მძღოლად”.

სკალონის არგენტინა მეტწილად დაცვიდან თამაშობს. მის ხელში არგენტინამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაცვაში თამაში. ზედმეტსახელიც აქედან მოდის.

სკალონიმ ასისტენტებად ყოფილი თანაგუნდელები, პაბლო აიმარი, რობერტო აიმარი და ვალტერ სამუელი აიყვანა.

ყველაფერი წინ არის

44 წლის სკალონი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. მესიზე ცხრა წლით დიდია და ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაშიც მოასწრეს. მაგალითად, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე მოხვდა ნაკრების განაცხადში. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ხუან ხოსე ტრამუტოლა გახლავთ, რომელიც არგენტინის ნაკრებს გაუძღვა 1930 წელს, 27 წლის ასაკში. პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაიმ ფინალში სწორედ არგენტინა დაამარცხა.

სკალონიმ არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას კვლავ ის გაიყვანს.