ვენი, ვიდი, ვიცი – ლიონელ მესი მივიდა, ნახა, გაიმარჯვა. არგენტინამ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გაირკვა. არგენტინამ 11-მეტრიანები 4:2 მოიგო.
90 წუთი
ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. არგენტინელები ბევრად შემართულად გამოიყურებოდნენ.
ლეო მესისა და ანხელ დი მარიას გოლებით არგენტინამ ტაიმი 2-0 მოიგო.
პირველ შემთხვევაში ანხელ დი მარიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ გამოიყენა. იმ ეპიზოდში თამაშის წესები უსმან დემბელემ დაარღვია.
მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო. ალბისელესტემ ერთი ამოსუნთქვით შეუტია და ანხელ დი მარიამ 2-0 გახადა.
მეორე ტაიმში საფრანგეთი რადიკალურად განსხვავებულად ათამაშდა.
დიდიე დეშამის ცვლილებებმა ბოლო 10 წუთში იმუშავა. კილიან მბაპემ დუბლი გაიფორმა.
პენალტის გატანის შემდეგ მეორე გოლი 23 წლის ფორვარდმა ისეთი გოლი შექმნა, ბევრს ზინედინ ზიდანს რომ გაახსენებდა.
დამატებითი ტაიმები
დამატებით დროში ისევ 10-იანების დრო დადგა.
არგენტინის სასარგებლოდ 3:2 ჯერ ლეო მესიმ გახადა, ხოლო შემდეგ კილიან მბაპემ გაათანაბრა.
პენალტები
ემილიანო მარტინესმა არგენტინას და ლეო მესის კოპა ამერიკა 2021-ში მოაგებინა. პრემიერ ლიგელი მეკარე დღესაც საკვანძო ფეხბურთელი იყო.
ასტონ ვილას მეკარემ კინგლის კომანს აუღო. შემდეგ ორელიან ჩუამენიმ კარს ააცილა, რაც სერიაში გარდამტეხი აღმოჩნდა.
არგენტინელთა მხრიდან ლეო მესიმ, პაოლო დიბალამ, ლეანდრო პარედესმა და გონსალო მოტიელმა გაიტანეს.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია. ალბისელესტემ მუნდიალი ისტორიაში მესამედ მოიგო.
სეზარ ლუის მენოტისა და კარლოს ბილარდოს შემდეგ, ლიონელ სკალონი მესამე არგენტინელი ჩემპიონი მწვრთნელია.