მსაჯმა ჩასტვინა, ხორვატები მოედანზე შეცვივდნენ და მესამე ადგილი იზეიმეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ხშირად ხდება, რომ მესამე ადგილი დიდად არ ანაღვლებთ, ხორვატია-მაროკოს მატჩზე ამას ვერ ვიტყვით. ერთიც და მეორეც საკმარისად მოტივირებული გამოვიდა მოედანზე. პატივი სცეს საკუთარ თავსაც, გაწეულ შრომასაც და მაყურებელსაც.
მაროკოს შეეძლო კიდევ უფრო დიდი ისტორიული ნაბიჯი გადაედგა და გამხდარიყო პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მედლით დაბრუნდებოდა სახლში. ხორვატებს კი ხანმოკლე დამოუკიდებლობის მანძილზე შეეძლოთ რიგით მეორე ბრინჯაო წაეღოთ სახლში. ასეც მოხდა. 1998 წელს მოპოვებულ ბრინჯაოს კიდევ ერთიც წაამატეს. ამ თაობის საუკეთესო მიღწევა კი წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედალია.
ასე დამთავრდა რაღაც ძალიან დიდი ხორვატთა საფეხბურთო ისტორიაში. შეგვიძლია ამ ყველაფერს ლუკა მოდრიჩის ეპოქა ვუწოდოთ. ლუკამ გამარჯვებით დაასრულა გზა მსოფლიო ჩემპიონატებზე.
მაღალი ტემპი და ლამაზი გოლები
თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ბევრი მომენტი შეიქმნა და ლამაზი გოლებიც გავიდა. ანგარიში იოსკო გვარდიოლმა გახსნა, თავური დარტყმით, ლამაზ ნახტომში. აშრაფ დარიმ ზუსტად ორ წუთში გაათანაბრა. მაროკოელებმა სტანდარტული მდგომარეობა კარგად გამოიყენეს.
მატჩის მშვენება კი ორსიჩის გოლი გამოდგა, მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში დაატრიალა. ბონო ამ დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა. ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო.
მეორე ტაიმში მომენტები შეიქმნა, მაგრამ გოლები აღარ გასულა. მაროკო ყველაზე ახლოს გოლთან დამატებული დროის მეხუთე წუთზე იყო, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენეს.
კომენტარები
“ეს მედალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მთელი გუნდისთვის და ქვეყნისთვის. ამ მიღწევით ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ხორვატიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საფეხბურთო სამყაროში. კატარს გამარჯვებულები ვტოვებთ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, არ ვიცი ვიქნები თუ არა ევროზე გერმანიაში, ამას დრო გვიჩვენებს, მგონია, რომ მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. ჩემი მიზაია, რომ ერთა ლიგისთვის ვიყო მზად, მერე ვნახავთ რა და როგორ იქნება“, – თქვა ლუკა მოდრიჩმა მატჩის შემდეგ.
“ჩემი გუნდითა და ქვეყნით ძალიან ამაყი ვარ, ჩვენთვის ბრინჯაოს მედალი ოქროს ტოლფასია, ჩვენ ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ. მინდა მივულოცო მაროკოს ნაკრებს, მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და კარგ შედეგებს მიაღწიეს. ალბათ ჩვენგან არავინ ელოდა, რომ კიდევ ერთ წარმატებულ ტურნირს ჩავატარებდით, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი ოცნებები გვაქვს”, – თქვა ხორვატთა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა.
“ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. მსოფლიო ჩემპიონატს თავაწეულნი ვტოვებთ, ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ძალიან დავიღალეთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად. მინდა ჩემს თანაგუნდელებს მივულოცო”, – თქვა მაროკოელთა მეკარე ბონომ.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა. ფინალში საფრანგეთი არგენტინას შეხვდება.