მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები არგენტინას შეხვდება. ფრანგები ზედიზედ მეორედ გავიდნენ მუნდიალის ფინალში და შეუძლიათ მესამედ მოიგონ მსოფლიო ჩემპიონატი.
საფრანგეთის ნაკრები მეოთხე ფინალს ითამაშებს, წინა სამიდან ორი გამარჯვებით დაასრულა, ერთში დამარცხდა:
1998: საფრანგეთი – ბრაზილია 3:0
2006: საფრანგეთი – იტალია 1:1 (3:5 პენ.)
2018: საფრანგეთი – ხორვატია 4:2
არგენტინა ფინალში მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას, წინა ხუთი ფინალიდან ორი მოიგეს:
1930: არგენტინა – ურუგვაი 2:4
1978: არგენტინა – ნიდერლანდები 3:1
1986: არგენტინა – გერმანია 3:2
1990: არგენტინა – გერმანია 0:1
2014: არგენტინა – გერმანია 0:1
მესი vs მბაპე
კატარის მსოფლიო ჩემპიონატს სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა. ისე მოხდა, რომ სამივე ამ ნაკრების ლიდერი პარი სენ-ჟერმენის შემტევია. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პსჟ-ს თავდამსხმელი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. კილიან მბაპეს შანსი აქვს ზედიზედ მეორედ მოიგოს მუნდიალი. წინა ჩემპიონატზე ხშირი იყო პელესთან შედარებები, არცერთ თინეიჯერს ისე მაგრად არ უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც პელეს და მბაპეს. პელემ ზედიზედ მოიგო 1958 და 1962 წლებში, თუმცა, მეორე მუნდიალის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, კილიანს კი შანსი აქვს ისე მოიგოს ზედიზედ მეორედ, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
23 წლის ასაკში ორჯერ მსოფლიო ჩემპიონობა წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა. თუ მბაპეს წვლილს მივიღებთ მხედველობაში, მით უმეტეს.
მეორე მხრივ, ლიონელ მესი ეცდება კარიერის საუკეთესო წერტილი დასვას. მუნდიალის წინ შემოგთავაზეთ ბლოგი – The Last Dance, აღვნიშნეთ, რომ მესისა და რონალდუს ჩემპიონობის ასეთი შანსი არასდროს ჰქონიათ. ერთმა შეძლო ფინალამდე მისვლა, მეორემ ვერა. დიდი საფეხბურთო ეპოქის ორი შემოქმედიდან მხოლოდ ერთს შეეძლება მსოფლიო ჩემპიონობით მოიწონოს თავი.
ეს ერთი მატჩი, სულ რაღაც 90 წუთი, ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. ბევრ პროფესიონალს აღუნიშნავს, რომ მესის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, მსოფლიო ჩემპიონატის გარეშეც ძალიან დიდია მისი მემკვიდრეობა, მაგრამ, რეალურად მუნდიალის თასი ძალიან ბევრ რამეს ცვლის. თითქოს შეუძლებელია მესის სახელი უფრო მეტად გაიზარდოს, მაგრამ ჩემპიონობის შემთხვევაში ასე იქნება.
მესიმ თქვა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებშიც. მბაპეს კი ყველაფერი წინ აქვს, ამჟამად ისე ჩანს, რომ მიროსლავ კლოზეს მთავარი მდევარი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვის.
მიმდინარე ჩემპიონატზე მესისა და მბაპეს 5-5 გოლი აქვთ გატანილი. ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატებზე მბაპეს 9 გოლი აქვს შეგდებული, მესის – 11.
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სია კი ასეთია:
11 გოლი: კოშიჩი, მესი, კლინსმანი;
12 გოლი: პელე;
13 გოლი: ფონტენი;
14 გოლი: გერდ მიულერი;
15 გოლი: რონალდო;
16 გოლი: კლოზე;
ლიონელ მესის შეუძლია გახდეს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ორჯერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მსგავსი აღიარება არ ჰქონია არც პელეს, არც მარადონასა და არც ზიდანს.
- პელემ მუნდიალის ოქროს ბურთი 1970 წელს მოიგო. 1958-ში ვერცხლის ბურთი და საუკეთესო თინეიჯერის ტიტული ერგო.
- მარადონამ მუნდიალის ოქროს ბურთი 1986 წელს ჩაიბარა, 1990-ში ბრინჯაოს ბურთი ერგო.
- ზიდანმა მუნდიალის ოქროს ბურთი 2006 წელს მოიგო, 1998-ში კი სამეულშიც ვერ მოხვდა.
ასე რომ, მესის შეეძლება კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს.
აქლემის ვირუსი
ფინალამდე ცუდი ამბები გავრცელდა ფრანგთა ბანაკიდან. სამ ფეხბურთელს აქლემის გრიპი შეეყარა. ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია რაბიოსა და უპამეკანოს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფიცირებულია კომანიც. საფრანგეთს ისეთი ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომ ფინალში გასვლა მაინც შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე გამოაკლდათ კიმპემბე, კანტე და პოგბა. ამას დაემატა კარიმ ბენზემას ტრავმა ვარჯიშზე და ერნანდესის ტრავმა გახსნით მატჩში.
დანაკლისი ძალიან დიდია, ფრანგები კი ფინალში არიან. ეს უკვე დიდი წარმატებაა. ერთი მხრივ, დაიწერა, რომ პოგბასა და ბენზემას გამოკლებამ გუნდზე დადებითად იმოქმედა, ყველაზე მეტად სწორედ ეს ფეხბურთელები ურევდნენ შიდა სამზარეულოს. აი, დანარჩენებზე ამის თქმა არ შეიძლება, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატიდან ვინმეს ძალიან ცუდად გაახსენდეს ტრიბუნაზე მოჩხუბარი რაბიოს დედა, მაგრამ თავად ფეხბურთელი მშვიდი და გაწონასწორებულია.
სამედიცინო გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ფრანგები მზადყოფნაში შეხვდნენ თამაშს.
არგენტინაში ყველაფერი რიგზეა
ჩემპიონატის დაწყებამდე ლიონელ მესის ტრავმა აწუხებდა. განცალკევებით ვარჯიშობდა, გულშემატკივარი შიშობდა კიდეც, თუმცა, ჩემპიონატის მიმდინარეობისას ყველაფერი დალაგდა.
ხორვატებთან მატჩის დასაწყისში ფეხს იტკიებდა, მოგვიანებით ტრავმის არსებობა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მესი თავს კარგად გრძნობს. ეს ემილიანო მარტინესმაც დაადასტურა ინტერვიუში.
ისიც კი დაიწერა, რომ ლეო მესი ერთადერთი იყო ვინც ერთდღიანი დასვენებით არ ისარგებლა და სავარჯიშოდ გავიდა. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა, არგენტინაში არც ტრავმებია და არც გრიპი.
ურთიერთშეხვედრები
საფრანგეთსა და არგენტინას 12-ჯერ აქვთ ერთმანეთთან ნათამაშები. არგენტინას ექვსი მოგება აქვს, საფრანგეთს სამი. სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონატებზე სამჯერ უთამაშიათ:
1930 წელს არგენტინამ მოიგო -1:0
1978 წელს კვლავ არგენტინამ იმარჯვა – 2:1
2018 წელს საფრანგეთმა მოიგო – 4:3
კომენტარები
“სასტუმროდან რომ გამოვედი ფეხბურთელებს ეძინათ, მათი მოკითხვა ვერ მოვასწარი. ზუსტ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის შესახებ ხვალ მივიღებ, იმედი მაქვს, რომ ყველა მწყობრში იქნება“, – თქვა დიდიე დეშამმა ინფიცირებულ ფეხბურთელებზე.
“არაფრის გვეშინია, გუნდში კარგი ატმოსფეროა. სირთულეები ადრეც გვქონია, ფინალამდე სხვანაერად ვერ მიხვალ, თამაშისთვის მშვიდად ვემზადებით. ზოგიერთ ფრანგს მესის ჩემპიონობა სურს, ამას ვერაფერს ვუზამთ”, – დეშამმა ჟინიაკი და ტრეზეგე იგულისხმა, რომელთაც მესის ჩემპიონობა უსურვეს. ტრეზეგეს არგენტინული წარმოშობა ყველაფერს გასაგებს ხდის, მაგრამ ჟინიაკის პოზიცია ცოტა არ იყოს გაუგებარია.
“არგენტინის ნაკრები ახლა სულ სხვა გუნდია, ვიდრე 2014 წელს იყო, შვიდი მათგანი ახლაც ნაკრებშია, თუმცა, ეს სულ სხვა გუნდია. ფორმაციას ხშირად ცვლიან და სურპრიზებს უნდა ველოდოთ. როგორც მაროკოს შემთხვევაში მოხდა. არგენტინის ნაკრები დეტალურად გვყავს შესწავლილი”, – თქვა დეშამმა.
კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, უგო ლორისმა:
“არგენტინას ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული ფეხბურთელები, ჰყავდათ მარადონა, ახლა ჰყავთ მესი, მაგრამ ეს მატჩი ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ ერთი ფეხბურთელის სახელმა გადაფაროს. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ”.
“ძლიერი გუნდი გვყავს, შეგვიძლია ბურთის ფლობაც და კონტრშეტევებზე თამაშიც, ბევრი სწრაფი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც მეტოქისთვის პრობლემის შექმნა შეუძლიათ”.
ფინალის წინ კომენტარი გააკეთა ლიონელ სკალონიმ:
“მბაპეს შეჩერება მხოლოდ გუნდურად შეგვიძლია. ის ჯერ ახალგაზრდაა და პროგრესს აუცილებლად გააგრძელებს. თუმცა, საფრანგეთის ნაკრები მხოლოდ მბაპე არ არის, მას ძალიან კარგი ფეხბურთელები უმაგრებენ ზურგს, რომლებიც უკეთეს ფეხბურთელად აქცევენ, საფრანგეთი გუნდურობით გამოირჩევა“.
“ბედნიერებაა, როცა ვუყურებთ თუ რა ხდება არგენტინაში, ბედნიერებაა, როცა იცი, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შენ ხარ. საუკეთესო ფანები გვყავს, გვიხარია, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე სიხარულის საბაბს ვაძლევდით, ეს ყველაფერი ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს“.
განწყობა საბრძოლოა, გუნდების შანსებს თითქმის თანაბრად აფასებენ, არ გამორიცხავენ დამატებით დროსა და თერთმეტმეტრიანების სერიას. ყურადღების ცენტრში იქნებიან ლიონელ მესი და კილიან მბაპე. მოლოდინი დიდია, ალბათ 21-ე საუკუნეში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ფინალურ მატჩსაც კი ველით.
საფრანგეთისა და არგენტინის მატჩი ხვალ გაიმართება, თბილისის დროით 19:00 საათზე.