საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი დაიწყო.
მწვრთნელთა განათლების კურსს საქართველოს ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები ესწრებიან.
აღნიშნული სასწავლო კურსი საქართველოში პირველად ტარდება და შექმნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
- მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ (A) ნაკრებში
- საქართველოს ეროვნული (A) ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში
- შეუსრულდა, ან სწავლების პერიოდში უსრულდება 30 წელი
გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, გიორგი მერებაშვილი, სანდრო კობახიძე, ვაკო ყაზაიშვილი, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, გიორგი ნავალოვსკი და გოგიტა გოგუა – ეს იმ მოქმედ და ვეტერან ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც კურსს გაივლიან.
სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მათ საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები.
კურსის მონაწილეებს გამოცდილებას უეფას ექსპერტები და Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული უზიარებენ.