სარჩევი
ხორვატიამ ბრაზილია მეოთხედფინალში დაამარცხა | Setanta Sports

ლოგიკის და მოლოდინის წინააღმდეგ – მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

პირველ მეოთხედფინალში მაყურებელმა გვიანი შოუს დრამა იხილა. საყოველთაო ფავორიტად მიჩნეული ბრაზილია 105-ე წუთიდან 117-მდე იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ნეიმარის გოლს პეტკოვიჩმა უპასუხა.

ძირითადი 90 წუთი 0-0 დასრულდა. მიუხედავად 8 ზუსტი დარტყმისა, პენტაკამპეონებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეკარე ლივაკოვიჩი კვლავ მატჩის გმირი იყო.

პირველი ექსტრა ტაიმის ბოლო წუთზე სელესაომ ზლატკო დალიჩის გუნდის წინააღმდეგობა მაინც გატეხა. გოლი ულამაზესი კომბინაციის შედეგად ნეიმარმა გაიტანა. პსჟ-ის ფორვარდი ამ გოლით პელეს გაუთანაბრდა, ორივე მათგანის ანგარიშზე ნაკრებში 77 გოლია.

ამის მიუხედავად თამაშის გადარჩენა და საქმის პენალტებამდე მიყვანა ვიცე-ჩემპიონმა მაინც შეძლო. გოლი წმინდა ზაგრებული გამოვიდა. მისლავ ორშიჩის პასით ბრუნო პეტკოვიჩმა გაიტანა. ედერსონს ბურთის მოგერიებაში ხელი მცველისგან ასხლეტამ შეუშალა. საგულისხმოა, რომ ეს ხორვატთა მიერ კარის ჩარჩოში ზუსტად შესრულებული ერთადერთი დარტყმა იყო 120 წუთში.

საბოლოოდ, პენალტების სერიაში ხორვატებმა იმძლავრეს. როდრიგოს გაცუდებულ დარტყმას კაზემიროს და ბრუნოს ზუსტად შესრულებული პენალტები მოჰყვა, თუმცა მარკინიოსის ძელსმორტყმული ბურთმა უკვე ბრაზილიის მარცხი გააფორმა, რადგან ხორვატთაგან ყველამ – ვლაშიჩმა, მაიერმა, მოდრიჩმა და ორშიჩმა, დარტყმები უზადოდ შეასრულეს.

საგულისხმოა, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატზეც ხორვატებმა ფინალამდე ყველა ჯერზე ექსტრა ტაიმი ითამაშეს, – მერვედ და მეოთხედფინალებში თერთმეტმეტრიანების სერიით მოიგეს, ხოლო ნახევარფინალში ექსტრატაიმში გაიმარჯვეს.

ხორვატია ნახევარფინალში არგენტინა-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.