სარჩევი
ЧС-2022. Франція та Австралія у плей-оф | Setanta Sports

მესამე წრეში D ჯგუფის მატჩები უფრო ადრე გაიმართა, C ჯგუფის გუნდებმა უკვე იცოდნენ ვის შეხვდებოდნენ მერვედფინალში, მაგალითად, არგენტინამ იცოდა, რომ გასვლის შემთხვევაში ავსტრალიასთან მოუწევდა თამაში.

დანია – ავსტრალია

შეგვიძლია მცირე სენსაცია დავარქვათ იმ ამბავს, რომ დანიის ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით. ამ გუნდისგან ჯგუფიდან გასვლასაც ელოდნენ და სპეცილისტების ნაწილი უფრო გრძელ გზასაც პროგნოზირებდა, ერთეულებმა ფინალშიც კი მოიაზრეს. არ ვიცი რატომ, ალბათ ევროპის ჩემპიონატზე კარგმა თამაშმა აფიქრებინა ხალხს, რომ დანია მუნდიალზეც წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ბოლო ტურამდე ჰქონდა შანსი, უნდა დაემარცხებინა ავსტრალია და ჯგუფიდან გასასვლელად ტუნისთან იბრძოლებდა, ბურთები დაითვლებოდა, საჭიროების შემთხვევაში ბარათებიც და ა.შ, მაგრამ ვერ მოიგო. დანია ავსტრალიასთან დამარცხდა. ლეკიმ ლამაზი გოლი შეაგდო, დანიას კი ბრძოლისუნარიანობაც აღარ ეტყობოდა.

ჯგუფის ყველაზე სუსტ გუნდად მოიაზრებდნენ ავსტრალიის ნაკრებს, მოაერხეს და მერვედფინალში გავიდნენ. არგენტინასა და ავსტრალიას ურთიერთდაპირისპირების კარგი ისტორია აქვთ, ჯერ მარტო მარადონას დაბრუნება რად ღირს, მუნდიალზე გასასვლელ პლეიოფში.

საფრანგეთი – ტუნისი

უკვე გასული გრანდების ჩვეული დილემაა, ჩაატარონ თუ არა მესამე მატჩიც ძირითადი შემადგენლობით. დასვენების შემთხვევაში დიდი დრო რჩებათ მერვედფინალისთვის მოსამზადებლად, თუმცა, ტონუსს კარგავენ ხოლმე, რაც ხშირად გვინახავს.

დეშამს, როგორც ჩანს, ეს ამბავი არ ანაღვლებს. მთელი გუნდი შეცვალა და დამარცხდა კიდეც. შემოუშვა მბაპე, გრიზმანი, დემბელე, რაბიო, ზუსტად იმიტომ, რომ ტონუსი არ დაეკარგათ, გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. უფრო სწორად, გრიზმანმა შეაგდო, მაგრამ გოლი VAR-მა გააუქმა, ანტუანის პოზიციამ მეტოქის მცველების თამაშზე იქონია გავლენა, ამიტომაც არ ჩაითვალა გოლი, თუმცა, საკამათო ამბავია. რაიმე რომ გადაეწყვიტა ამ გოლს, უფრო საკამათოც იქნებოდა. არც არაფერი გადაუწყვიტავს, საფრანგეთი მაინც პირველი ადგილით გავიდა, ტუნისი მაინც ჯგუფში ჩარჩა.

ვერ შეძლო გატანა კილიან მბაპემ, არადა, ეტყობოდა, რომ ყველა შეხვედრაში სურდა გოლის შეგდება, ალბათ, ცოტა განაწყენდა კიდეც ძირითადში რომ არ დაიწყო თამაში, კილიანს ყველაზე მეტად ეტყობა, რომ სანაკრებო ტურნირსა და დიდ გამარჯვებებს არის მოწყურებული.

საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში პოლონეთს დაუპირისპირდება.

ავსტრალია კი არგენტინას.