სარჩევი
მატჩისწინა მიმოხილვა - მასპინძლები ეკვადორს მიიღებენ | Setanta Sports

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მასპინძელი კატარისა და ეკვაროდის დაპირისპირებით გაიხსნება. შეხვედრა ალ ბაით არენაზე შედგება, სტადიონი 60,000 მაყურებელს იტევს და დედაქალაქ დოჰას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ფიფას რეიტინგში კატარის ნაკრები 50-ე ადგილს იკავებს, ეკვადორი 44-ეს.

გახსნის თარიღი ერთი დღით გადმოწიეს, რათა ტრადიცია შენარჩუნებულიყო და ტურნირი მასპინძელ ქვეყანას გაეხსნა.

კატარი პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ ტურნირისთვის ეს ნაკრები დიდი ხანია ემზადება, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სპორტული თვალსაზრისით, ასეულს მიღმა მყოფი გუნდი სწრაფად პროგრესირდა და 50-ე საფეხურზეა, რაც მათი საფეხბურთო ისტორიის გათვალისწინებით მშვენიერი მაჩვენებელია.

პროგრესში თავის წილი მიუძღვის ჩავი ერნანდესს, რომელიც კატარის კლუბ ალ სადს წვრთნიდა, ეროვნული ნაკრები ძირითადად ალ სადის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. 2019 წელს კატარმა აზიის თასი მოიგო, რაც მათ ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევაა.

კატარის მთავარი მწვრთნელის, ფელიქს სანჩესის მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება. გარდა ეკვადორისა კატარის მეტოქეები ნიდერლანდები და სენეგალი იქნებიან.

„სამი მატჩი გვექნება, ოპონენტების შესახებ საკმარის ინფორმაციას ვფლობთ, ვიცით, რომ ჩვენზე მაღლა დგანან, ისტორიის, ინდივიდუალისტებისა და ლეგიონერების ხარჯზე. ფურცელზე ფავორიტები არიან, შესაძლოა სამ ქულას უკვე გეგმავენ, ჩვენ კარგი შედეგის ჩვენებას ვეცდებით, რაც დიდ სიხარულს მოგვიტანს“,

– ამბობს ფელიქსი.

მხედველობაში უნდა გვყავდეს აკრამ აფიფი, ალ სადის 25 წლის გარემარბი, რომელიც აზიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 2019 წელს თასის მოგებაში ლომის წილი დაიდო, ერთი გოლი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეკვადორის ნაკრების საშუალო ასაკის მაჩვენებელი 25 წელია, ყველაზე ახალგაზრდა გუნდია სამხრეთ ამერიკიდან და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კატარის მუნდიალზე. ეკვადორმა შესანიშნავად ჩაატარა შესარჩევი ეტაპი, მეოთხე ადგილით გავიდნენ ჩემპიონატზე, ჩამორჩნენ ბრაზილიას, არგენტინასა და ურუგვაის. სახლში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, კოლუმბია 6:1 გაანადგურეს, დაამარცხეს ურუგვაი, ჩილესთან ორი მატჩის ჯამში ოთხი ქულა მოიპოვეს, ხოლო არგენტინასთან და ბრაზილიასთან ქულა აიღეს.

გუნდის მთავარი ვარსკვლავი ბრაიტონის 21 წლის ნახევარმცველი მოიზეს კაისედოა, რომელიც ბალანსაა და სიმძლავრეს ანიჭებს ეკვადორის ნაკრებს.

ეკვადორს არგენტინელი გუსტავო ალფარო წვრთნის, რომელიც ტრადიციული 4-4-2-ის მიმდევარია. 2006 წელს ეკვადორი მერვედფინალში გავიდა, ამჟამად უკეთესი შედეგის მიღწევას ეცდება.