20 თებერვალს, 17:00 საათიდან მესტიის უძველეს უბანში, ლანჩვალში, Red Bull Lukvrame გაიმართა. ლუხმედებით, სვანური ხელნაკეთი ციგურებით, სრიალის შეჯიბრებაში ორმოცდაათამდე მონაწილე ვიხილეთ. წელს ადგილობრივებსა და მოყვარულ მონაწილეებს შორის, ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა თეზო ნიკოლოზიანი, ლატალის თემიდან:
თეზო ნიკოლოზიანი: „ლატალის თემიდან ვარ, ლუხმედებით ვსრიალებ ბავშვობიდან. ლუხმედები ოჯახში მქონდა, მემკვიდრეობით მერგო, ეს გამარჯვება ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი, მთავარია ამ სპორტის პოპულარიზაცია მოხდეს, რაც შეიძლება მეტმა მომავალმა თაობა ისწავლოს სრიალი ამ სვანური სასრიალოებით.“
Red Bull Lukvrame – ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრებაა, რომელიც სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახულ ხის ციგურებით სრიალის უძველეს ტრადიციას აცოცხლებს. რიგით მესამე შეჯიბრებაზე, მონაწილეებისთვის სარბოლო გზაზე განსაკუთრებული დაბრკოლებები იყო განთავსებული, რომელიც მათ სწრაფ სრიალს უფრო ექსტრემალურს ხდიდა.
ანდრო ბურდული, Red Bull Lukvrame-ს იდეის ავტორი: “რაც გვინდოდა იყო, რომ არ დაკარგულიყო ლუხმედებით სრიალის ტრადიცია, და გარდაქმნილიყო ექსტრემალურ სპორტად, რადგან მართლა ექსტრემალური სპორტის სახეობაა. და დღეს ზუსტად ეს შედგა.“
საკვალიფიკაციო ეტაპიდან 16 საუკეთესო მონაწილე შეირჩა და ერთმანეთს, საუკეთესო დროის დასაფიქსირებლად, დაძაბულ ბრძოლაში დაუპირისპირდა. შეჯიბრები ს პირველი ადგილი, თეზო ნიკოლოზიანს ერგო. მეორე ადგილზე გავიდა დავით ფილფანი, ხოლო მესამეზე გოგა გულედანი.
Red Bull Lukvrame-ს უნიკალურ სპორტულ ღონისძიებად აქცევს: თაობიდან თაობაზე გადაცემული ლუხმედებით სრიალის მხიარული ადათ- წესი, მომაჯადოებელი მესტია და გაბედული მონაწილეები.
ლუხმედი – ხის ხელნაკეთი ინსტრუმენტი, გამოიყენებოდა ყინულსა და დატკეპნილ თოვლზე გადასაადგილებლად და სასრიალოდ. სწორედ ამიტომ, ღონისძიების სახელწოდებაში ფიგურირებს სვანური სიტყვა „ლუკვრამე“, რომელიც „გაყინულს“ ნიშნავს.
ღონისძიების შექმნისა და ჩატარების იდეა საქართველოში დაიბადა და პირველად 2022 წლის თებერვალში ჩატარდა.
Red Bull Lukvrame მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მხარდაჭერით, ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWT) ფარგლებში გაიმართა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების გვერდს: Red Bull Lukvrame 2026