სპორტინგი vs პსჟ – ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურში მოქმედი ჩემპიონები ლისაბონს ესტუმრებიან, სადაც პორტუგალიურ გრანდს – სპორტინგს დაუპირისპირდებიან.
მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართველ გულშემატკივარში, რადგან მოედანზე ჯვაროსნების ორ ფეხბურთელს – გიორგი ქოჩორაშვილს და ხვიჩა კვარაცხელიას ვიხილავთ. ქართველი ფეხბურთელების დუელი თბილისის დროით 23:59 სთ-ზე დაიწყება – პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 2-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
აქვე, დღეს გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გამარჯვების მოპოვებას ამსტერდამის აიაქსის წინააღმდეგ შეეცდება.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ის პლატფორმაზე გაშუქდება.
ასეთ დროს პრაქტიკულია ‘მულტივიუს’ ფუნქციის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც პლატფორმაზე ერთდროულად რამდენიმე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.


ჩემპიონთა ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილში პსჟ-ს და სპორტინგს მხოლოდ სამი ქულა აშორებთ – ამასთან საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი სპორტინგი, ტურნირზე დაუმარცხებელ პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.
ლისაბონელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ მე-4 საშინაო მატჩის მოგებას ეცდებიან, ამით ისინი საუკეთესო რვა გუნდში შესვლისთვის განაცხადს გააკეთებენ და ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო კედლებში მოგებათა სერიის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ, თუმცა მეორე მხარეს არის პარი სენ-ჟერმენი – მოქმედი ჩემპიონი და როგორც წესი, პორტუგალიელებს მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგაზე უჭირთ – სპორტინგს ამ ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია და გამარჯვების მოპოვება ვერც ერთხელ შეძლო (1 ფრე, 3 წაგება).
მოქმედი ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილში 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მესამე ადგილზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი მოგებით ლუის ენრიკეს გუნდი საუკეთესო რვა გუნდში ადგილს, დიდი ალბათობით, გაინაღდებს. პარიზელები ამ შეხვედრამდე ბოლო 6 მატჩში 5 გამარჯვებით მოვიდნენ, ის ერთადერთი მარცხი პსჟ-მ სენსაციურად საფრანგეთის თასზე, თანაქალაქელი პარიზის წინააღმდეგ იწვნიეს.
საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ლილის წინააღმდეგ პსჟ-მ ჩვეული სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა, უსმან დემბელემ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა. ფრანგული გუნდის ვარსკვლავები მშვენიერ ფორმაში შედიან და სეზონის მეორე ნახევრისთვის ეს ლუის ენრიკეს გუნდისთვის გარდამტეხიცაა. სპორტინგთან მატჩში მოქმედი ჩემპიონები გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით ითამაშებენ და ამ აზრს ამყარებს ის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც პსჟ-ს ბოლო 9 ლიგის ფაზურ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს (7 მოგება, 1 ფრე).
ორივე ქართველი ფეხბურთელი – გიორგი ქოჩორაშვილიც და ხვიჩა კვარაცხელიაც მწყობრში არიან, ასე რომ, გადაწყვეტილება მხოლოდ მწვრთნელებზეა ითამაშებენ თუ არა ისინი დღევანდელ შეხვედრაში, თუმცა შანსი დიდია, რომ გარკვეული დროით მაინც, ორივე ქართველი მოედანზე ერთად ვიხილოთ.
სხვა მხრივ, ლუის ენრიკეს გუნდს ტრავმირებული საფონოვი, ჟოაო ნევეში, ნჯანტუ და კან-ინ ლი გამოაკლდება, ამასთან აფრიკის თასის ფინალში თამაშის შემდეგ გუნდს ვერც იბრაჰიმ მბაიე და აშრაფ ჰაკიმი დაეხმარებიან. კარგი ამბავია, რომ გუნდს ნუნო მენდეში დაუბრუნდება, რომელსაც მხრის მცირე დაზიანება აწუხებდა.
ლისაბონელთა მხარეს მორტენ ჰიულმანდი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ხოლო ედუარდო კუარეჟმა და ჯოვანი ქუენდა ტრავმირებულები არიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა იონიდისის თამაშიც, რომელიც ბოლო რამდენიმე მატჩში გუნს წვივის დაზიანების გამო ვერ ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ სპორტინგი და პარი სენ-ჟერმენი ოფიციალურ მატჩში პირველად ხვდებიან ერთმანეთს. აქამდე პორტუგალიური და ფრანგული კლუბები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ, სადაც გამარჯვება პარიზელებმა მოიპოვეს (4:2).


ტურის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ინტერი ლონდონის არსენალს უმასპინძლებს – იტალიის და ინგლისის ჩემპიონატის ლიდერები ჩემპიონთა ლიგის ფაზის საუკეთესო რვა გუნდში არიან. მიკელ არტეტას გუნდს 6 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა აქვს (18) მაშინ, როცა ინტერმა მხოლოდ ლივერპულთან და ატლეტიკოსთან წაგებებით დაკარგა ქულები.
ამ მომენტისთვის ევროპის ორი უძლიერესი გუნდის დაპირისპირების ხილვა ქართველ მაყურებელს Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე – სხვა მატჩები:
ქაირათი – ბრიუგე
ბუდე/გლიმტი – მანჩესტერ სიტი
კოპენჰაგენი – ნაპოლი
ოლიმპიაკოსი – ლევერკუზენი
რეალ მადრიდი – მონაკო
ტოტენჰემი – დორტმუნდი
ვილიარეალი – აიაქსი
გალათასარაი – ატლეტიკო მადრიდი
ყარაბაღი – აინტრახტი