სარჩევი
სცენები აფრიკის თასის ფინალში - ბრაჰიმის კოშმარი | Setanta Sports

ბრაჰიმის კოშმარი – რაბათში გამართული აფრიკის თასის ფინალი მაროკოს და სენეგალის ეროვნულ ნაკრებებს შორის დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა.

აფრიკის თასის ფინალი

მაროკო – სენეგალი 0:1 (დამატებითი დრო)

მატჩის სტარტზე გუნდები ნაკლებად რისკავდნენ და ერთმანეთის შეცდომას ელოდებოდნენ, ფაქტობრივად ასე გაგრძელდა მეორე ტაიმშიც, მინიმალურ უპირატეოსბას ბურთის ფლობის მხრივ მაროკოს ნაკრები ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები სენეგალმა შექმნა.

აბსოლუტური სიგიჟე დატრიალდა მოედანზე მატჩის მიწურულს, როცა სენეგალს გატანილი გოლი შეტევაში ჯარიმის გამო არ ჩაეთვალა, რის შემდეგაც 2 წუთში მენდის კარში პენალტი VAR-ის ჩარევის შემდეგ დაინიშნა.

სენეგალის კარში დანიშნულ პენალტს ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის პროტესტი მოჰყვა – ‘ტერანგას ლომების’ სტაფის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის მეკარე ფერლან მენდიმ მოედანი დატოვეს და გასახდელში წავიდნენ.

ფეხბურთელების და სტაფის მოედნის დატოვებას მოედანზე კიდევ უფრო დიდი არეულობა მოჰყვა და საქმეში პოლიციაც ჩაერთო. დაახლოებით 10-წუთიანი არეულობის შემდეგ, სენეგალის ნაკრების ფეხბუთელმა – სადიო მანემ ფეხბურთელებს მოუწოდა მოედანზე დაბრუნებულიყვნენ და თამაში გაეგრძელებინათ, თანამემამულეებმაც დაუჯერეს და თამაში გაგრძელდა. აქ მოხდა სასწაული – ფერლან მენდი, რომელსაც აქამდე მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვებული ჰქონდა, ბრუნდება სტადიონზე, დგება კარში და ბრაჰიმ დიაზის შესრულებულ პანენკას იღებს – თამაში დამატებით დროში გადადის.

დამატებითი დროის პირველივე წუთებზე სენეგალის ნაკრების და ვილიარეალის ნახევარმცველმა, პაპე გეიემ უძლიერესი დარტყმით დალაშქრა ბონოს კარი და ‘სტუმრები’ დააწინაურა.

მიუხედავად მოროკოელთა არა ერთი მცდელობისა თამაშში დაბრუნებულიყვნენ, სენეგალმა თავი კარგად დაიცვა და საქმე ბოლომდე მიიყვანა – რაბათში გამართული ეს უპრეცედენტო ფინალი სენეგალის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

სენეგალის ნაკრებმა აფრიკის თასის მოგება ისტორიაში მეორედ შეძლო. აქამდე ‘ტერანგას ლომებმა’ ეს ტიტული 2021 წელს, ეგვიპტის ნაკრების დამარცხებით მოიგეს.