სარჩევი
პსჟ vs ლილი - უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე | Setanta Sports

პსჟ vs ლილი – საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები პარკ დე პრანსზე გამარჯვების შემთხვევაში დროებით პირველი ადგილის დაბრუნებას ეცდებიან.

პსჟ vs ლილი – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sport 1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე 16 იანვარს, 23:59 სთ-ზე დაიწყება.

ლუის ენრიკეს გუნდი საჩემპიონო რბოლაში ლანსთან ერთადაა, რომელიც ახლა პარიზულ კლუბს ერთი ქულით უსწრებს და ლიგა 1-ში 7-მატჩიან მოგებათა სერიაზეა. დაძაბული შიდა ჩემპიონატის ფონზე, პარი სენ-ჟერმენი ამ კვირაში საფრანგეთის თასიდანაც გამოვარდა, სადაც პარიზულ დერბიში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1), ასე რომ, ლიგა 1-ის ტიტულის მოგების გარეშე ეს სეზონი ცალსახად წარუმატებლად ჩაითვლება ლუის ენრიკეს გუნდისთვის.

16 იანვარს პარიზული გუნდი ლილის წინააღმდეგ ეცდება რეაქციის გამოვლენას და წარმატების მიღწევას – ამ ყველაფრის წინაპირობაა ის ფაქტი, რომ პარიზულ გუნდს მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე 6 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული.

2026 წლის დასაწყისში ლილი ისეთივე კარგ თამაშს ვეღარ აჩვენებს, როგორც ამას გასულ წელს აკეთებდა, ახალი წლის დადგომის შემდეგ ლილმა ორივე ჩატარებულ თამაშში წააგო, ჯერ რენთან, ხოლო შემდეგ ლიონთან, ორივე ეს შეხვედრა წითლებმა საკუთარ მოედანზე დათმეს. რეაბილიტაციის მოსახდენად ისინი პარკ დე პრენსზე გასამართ ურთულეს მატჩში ეცდებიან წარმატების მიღწევას. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს შესვენების დაწყებამდე ლილს ბოლო 7 მატჩში 6 მოგება ჰქონდა და ბრუნო ჟენესიოს გუნდი თითქოს შესვენებაზე კარგ ფორმაში გავიდა, თუმცა ახლა მათ რიტმი უკვე დაკარგული აქვთ.

2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულ უსმან დემბელეს ლილის წინააღმდეგ 5 საგოლე მოქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული (2 გოლი, 3 შედეგიანი გადაცემა) და აქამედ ლილის წინააღმდეგ არასდროს წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).

ლილის ვეტერანი, ოლივიე ჟირუ უკვე ზედიზედ 8 მატჩია, რაც მოედანს გატანილი გოლის გარეშე ტოვებს, აღსანიშნავია, რომ ჟირუს გატანილი ბოლო 7 გოლიდან, 5 გოლი მატჩის მიწურულს, 75-ე წუთის შემდეგ გავიდა.

საკადრო პრობლემების მხრივ, პარი სენ-ჟერმენს შესაძლოა კუნთის ტრავმის გამო ჟოაო ნევეში გამოაკლდეს, ხოლო აშრაფ ჰაკიმი პარიზულ გრანდს აფრიკის თასზე ყოფნის გამო ვერ ეხმარება. რაც შეეხება ლილს, ბოლო მატჩში მიღებული ტრავმის გამო სტუმრებს ბენჟამინ ანდრე ვერ დაეხმარება, რაც გუნდის ნახევარდაცვაში პრობლემებს შექმნის.

ხვიჩა კვარაცხელია – 2025 წლის შეჯამება

ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ბოლო მატჩში პარიზის წინააღმდეგ 64 წუთი ითამაშა თასზე, დიდი ალბათობით, ქართველი ვარსკვლავი ლილთან გასამართ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. კვარს ლილის წინააღმდეგ ერთადერთი მატჩი აქვს ჩატაბეული, გასულ სეზონში ქართველი ლილთან სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 28 წუთი დაჰყო.