ალექსანდრე თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვება – ქართველმა მებრძოლმა UFC კატარზე ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ ბრძოლაში დომინანტური გამარჯვება მოიპოვა.


UFC კატარზე გამართულ ბრძოლაში ალექსანდრემ, მიუხედავად ძლიერი მეტოქისა, დომინანტური ბრძოლა აჩვენა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ რაუნდში ალმახანს უფრო მეტი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, იგრძნობოდა, რომ ალექსანდრე თოფურიას დარტყმები გაცილებით დამაზიანებელი იყო, ვიდრე ყაზახის.
პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ბეკზატს ზიანი უკვე სახეზეც ეტყობოდა, ხოლო ალექსანდრე აბსოლუტურად დაუზიანებლად მიიწევდა წინ და ბრძოლის რიტმს აკონტროლებდა.
თოფურიამ მეორე რაუნდში მოთმინების მასტერკლასი გვაჩვენა, ქართველი გრძნობდა თავის უპირატესობას დგომშიც და მიწაზეც, შესაბამისად ყველაფერს აკონტროლებდა და მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა გადამწყვეტ მომენტებში. ქართველის უსწრაფესი ჯები მეტოქეს უკან ახევინებდა და ზიანს უფრო და უფრო უმატებდა. გარდა ამისა, ქართველმა ჭიდაობის მასტერკლასიც გვაჩვენა და ყაზახი მებრძოლი მიწაზე ეფექტური გდებებით გადაიყვანა.
მესამე რაუნდში ბეკზატი ოქტაგონზე ფინიშის ასაღებად გამოვიდა, თუმცა კინაღამ თვითონ დაფინიშდა. ალექსანდრემ უმძიმესი დარტყმები გაუტარა ბეკზატს, რამაც ყაზახ მებრძოლს წონასწორობა დააკარგვინა. ცალსახად ჩანდა, რომ დარტყმის ძალით თოფურია მეტოქეს აღემატებოდა, რაც ბრძოლის ბოლოს ბეკზატს სახეზეც დაეტყო.
ამგვარად, ალექსანდრე თოფურიამ ამ გამარჯვებით, როგორც მინიმუმ, TOP 15-ში შესვლის განაცხადი გააკეთა.
ალექსანდრე თოფურია vs ბეკზატ ალმახანი – სრული ბრძოლა
ალექსანდრე თოფურიამ ბრძოლის შემდეგ მადლობა გადაუხადა მეტოქეს და მხოლოდ პატივისცემით მოიხსენია ბეკზატი. გარდა ამისა, ქართველმა აღნიშნა, რომ ის ამ საქმეში ცნობადობის გამო არაა და ყოველდღიურად საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ MMA-ში ძლიერია.
“რა თქმა უნდა, არსებობს კარგი და ცუდი სცენარები – თუმცა მე ყველაფერს განვიხილავ ბრძოლის წინ და არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. ეს MMA-ია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ახლა ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებული მე დავრჩი.
ბრძოლის განმავლობაში სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ვხედავდი სივრცეებს, სადაც ძლიერ დარტყმებს ვატარებდი. ვფიქრობ, ეს გამარჯვება სიმშვიდემ მომიტანა. ვგრძნობდი ბრძოლის რიტმს და საკუთარი თავის მჯეროდა.
როცა თავდაჯერებულობასთან ერთად კარგი გუნდი გყავს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს მიზანი – ეს არ არის ის, რომ გავხდე ცნობილი, მე უბრალოდ მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ ამ საქმეში კარგი ვარ. ყოველდღიურად ამისთვის ბევრს ვშრომობ.
ცხოვრება ასეთია, დღეს ურთულესი 15 წუთი მქონდა ყაზახი ბიჭის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი გული აქვს. მას დღეს არ წაუგია, ეს უბრალოდ ბრძოლაა და მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩემთან ერთად ოქტაგონი გაიზიარა”
რაც შეეხება სხვა ბრძოლებს, არმან ცარუკიანმა მეინ ივენთში დენ ჰუკერი დაამარცხა და ოქტაგონიდან ილია თოფურია გამოიწვია.
მეინ ქარდზე თავისი გამარჯვება მოიპოვა იან გარიმაც, რომელმაც ყოფილი ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი 3 რაუნდში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და სატიტულო განაცხადი გააკეთა.
UFC-ის შემდეგი ივენთი 7 დეკემბერს გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაში საჩემპიონო ქამარს ქართველი მერაბ დვალიშვილი რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს.
ტრადიციულად, UFC 323-ის პირდაპირ რეპორტაჟს ქართველი მაყურებელი setantasports.com-ის პლატფორმაზე იხილავს.
უყურე მერაბ დვალიშვილის ბრძოლას setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.