პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ეტიჰადზე მანჩესტერ სიტიმ ლივერპული მიიღო და მეტოქე სოლიდური ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
პეპ გვარდოლას გუნდი თამაშს პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა და ძირითადად შეტევებს ფლანგებიდან ახორციელებდა. ჟერემი დოკუს მხოლოდ პირველ 15 წუთში უკვე 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა.


დოკუმ ერთ-ერთ მომენტში გიორგი მამარდაშვილის ფეხზე კონტაქტი იპოვა და თავის გუნდს პენალტი მოუპოვა. ქართველმა მეკარემ ერლინ ჰოლანდის დარტყმული ბურთი მოიგერია და თითქოს ეს ლივერპულის წარმატების კატალიზატორი უნდა ყოფილიყო, თუმცა სლოტის გუნდი შეტევაში ვერაფერს ქმნიდა.
ნორვეგიელმა გოლების მანქანამ პირველ ტაიმში მაინც გაიტანა თავისი გოლი – ჰოლანდმა ლივერპულის დაცვაში გაჩენილი თავისუფალი ზონა აითვისა და აუღებელი თავური დარტყმით აიღო მამარდაშვილის კარი.
შემდეგ იყო სადავო მომენტი, რა დროსაც ვირჯილ ვან დაიკის გოლი VAR-მა გააუქმა. ჰოლანდიელმა კაპიტანმა კუთხურიდან თავური დარტყმით გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა წითლების განაპირა მცველი, ენდრიუ რობერტსონი – თითქოს შოტლანდიელი მომენტზე გავლენას არ ახორციელებდა, თუმცა მსაჯმა გოლის გაუქმების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ინგლისურ პრესაში ვან დაიკის არჩათვლილ გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ გოლი უსამართლოდ გაუქმდა. თავად ვირჯილ ვან დაიკმაც, მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გოლი ჩასათვლელი იყო.
პირველი ტაიმის დამატებით დროში, ნიკო გონსალესის შორეული დარტყმის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკს მოხვდა ბურთი და რიკოშეტით ლივერპულის კარში შევარდა, ქალაქელები შესვენებაზე დამაჯერებელი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმის სტარტზე სლოტმა მოედანზე მილოს კერკეზი და კოდი გაკპო გამოიყვანა, რითაც ლივერპულის ფლანგები უფრო სწრაფი გახდა, თუმცა შეტევაში წითლებს არაფერი გამოუვიდათ. 63-ე წუთზე ჟერემი დოკუმ დამსახურებული გოლი გაიტანა შორეული დარტყმით და მატჩში წერტილი დასვა.
მანჩესტერ სიტი vs ლივერპული – მიმოხილვა
სიტიმ ლივერპულის სატიტულო ოცნებები დაასრულა?


გვარდიოლას გუნდმა შტამბეჭდავი განაცხადი გააკეთა ლივერპულის დამარცხებით – ქალაქელები უკეთეს გამარჯვებაზე ვერც იოცნებებდნენ.
გამოჩნდა, რომ ლივერპულს დაცვაში პრობლემებთან ერთად, ნახევარდაცვის პრობლემებიც აქვს, რაიან გრავენბერხი და ალექსის მაკალისტერი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალთან გამართული მატჩის შემდეგ გამოფიტულები ჩანდნენ.
ლივერპულის წინააღმდეგ ასეთი გამარჯვებით პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ფანები დაარწმუნა, რომ ქალაქელები ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან არსენალთან ერთად.
საინტერესოა, რომ ეს მატჩი გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 მატჩი იყო და ეს ესპანელს არასდროს დაავიწყდება. თავის საიუბილეო მატჩში პეპმა ენერგიული, შემტევი ფეხბურთი გვაჩვენა და ლივერპულს შანსი უბრალოდ არც ერთ კომპონენტში დაუტოვა.
სანდერლენდთან გამართულ შეხვედრაში ბოლო წუთზე დაკარგული 2 ქულის შემდეგ არსენალი მანჩესტერ სიტის 4 ქულით უსწრებს. ფაქტია, დიდებულ ფორმაში მყოფი ერლინგ ჰოლანდი და გუნდის სხვა ფეხბურთელები სათამაშო რიტმის შენარჩუნებით პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაგებად იბრძოლებენ.
რაც შეეხება ლივერპულს, რთულად წარმოსაგენია მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგის პრეტენდენტად ჩავთვალოთ. წითლები ლიდერ არსენალს უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან და მე-5 თამაში წააგეს პრემიერ ლიგაში. ლივერპულს ბოლო 5 მატჩში 4 წაგება აქვს პრემიერ ლიგაში და სანაკრებო პაუზამ ფაქტობრივად სულზე მოუსწრო.
სანაკრებო პაუზის შემდეგ 1 იანვრამდე ლივერპული პრემიერ ლიგაში სატურნირო ცხრილის ბოლო 5 ადგილზე მყოფ გუნდებს შეხვდება.
კალენდარი წითლებს კარგი ექნებათ ახალ წლამდე, თუმცა პრობლემები ბევრია. მადრიდის რეალთან მატჩში წითლებმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენეს და მეტოქეს ბევრი მომენტი შეუქმნეს, თუმცა სიტის წინააღმდეგ მოედნის ცენტრში ნაკლები ინტენსივობა და ნაკლები აგრესია შეინიშნებოდა, რაც ამ სეზონში სხვა მატჩებშიც გვინახავს.
თეორიულად, წარმოსადგენია ლივერპულის 8-ქულაინი ჩამორჩენის აღმოფხვრა, მაგრამ პირდაპირ რომ ვთქვათ, მანჩესტერ სიტისთან წაგებამ გვაჩვენა, რომ ლივერპული ამისთვის მზა არ არის.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.