ესპანეთის ეროვნული ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო პაუზას სერიოზული დანაკლისით ხვდება. ფურია როხას ორი ლიდერი – როდრი და იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებენ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ესპანეთის ნაკრები ელჩეში 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წთ-ზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.
ჯგუფში ესპანელები ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე არიან, ხოლო საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ბულგარეთის ნაკრები გასვლაზე 0:3 დაამარცხეს, ხოლო შემდეგ თურქეთში მასპინძლები 0:6 გაანადგურეს.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ გუნდს, ვილი სანიოლის გუნდმა დინამო არენაზე თურქეთთან გამართული პირველი ტურის მატჩი დათმო (2:3), რის შემდეგაც რეაბილიტაცია ბულგარეთთან გამართულ საშინაო მატჩში მოახდინა (3:0).
სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ესპანეთის ნაკრებს როდრისა და ლამინ იამალის გარდა, მადრიდის რეალის მცველი, დინ ჰაუსენიც გამოაკლდება. ტრავმირებულები არიან ასევე ნიკო უილიამსი და ფაბიან რუისი.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაცხადი:
მეკარეები – დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო)
მცველები: პაუ კუბარსი, (ბარსელონა), აიმენიკ ლაპორტი (ატლეტიკ ბილბაო), დანი ვივიანი (ატლეტიკ ბილბაო), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), პედრო პორო (ტოტენჰემი), დანი კარვახალი (რეალი)
ნახევარმცველები: მიკელ მერინო (არსენალი), მარტინ ზუბიმენდი (არსენალი), პედრი (ბარსელონა), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), დანი ოლმო (ბარსელონა),
თავდამსხმელები: ხესუს როდრიგესი (კომო), ბორხა იგლესიასი (სელტა), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ალვარო მორატა (კომო).
ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში პირველი მოსამზადებელი ვარჯიში უკვე ჩაატარა. ჯვაროსნები ესპანეთთან და თურქეთთან გასამართ გასვლით შეხვედრებს გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისით ხვდებიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი), დავით კერესელიძე (დილა)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია), ირაკლი აზაროვი (შახტარი) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი),
თავდამსხმელები: საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), გიორგი გულიაშვილი (სარაევო), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი).