ქართველი ფეხბურთელები 2025-26 სეზონს იწყებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 15 აგვისტოდან მაისის ბოლომდე მაყურებელს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საკლუბო მატჩების ხილვა setantasports.com-ზე შეეძლება.
პრემიერ ლიგა, ჩემპიონშიფი, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ბუნდესლიგა 2, სერია A – 4 წამყვანი ლიგა TOP 5-დან და 12 ქართველი ფეხბურთელი setantasports.com-ის პირდაპირ ეთერში.
ერთადერთი წამყვანი ჩემპიონატი და ქვეყანა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება ესპანეთია. ლა ლიგა და ლა ლიგა 2 ამ სეზონს, ჯერ-ჯერობით ქართველების გარეშე იწყებენ.
ქართველი ფეხბურთელები – სეზონი 2025-26
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ქართველი ფეხბურთელები – 2025-26
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რაოდენობა ტოპ ჩემპიონატებსა და კლუბებში თანდათან იმატებს. მივეჩვიეთ, რომ ტურიდან ტურამდე ჯვაროსნების ფეხბურთელებს კლუბებში ჩვენს პლატფორმასა და არხებზე თვალს ვადევნებთ, თუმცა ამ სეზონში რაოდენობრივად საგრძნობი მატებაც გვაქვს.
თანაც გვაქვს შანსი, რომ გარდა ტოპ ჩემპიონატების და მეორე დივიზიონებისა, ქართველებს ევროტურნირების ძირითად ფაზაშიც მრავლად ვნახავთ.
ქართველი ფეხბურთელები – პრემიერ ლიგა და ჩემპიონშიფი
პრემიერ ლიგურ გუნდებში, ამ სეზონში, ორი ქართველი – გიორგი მამარდაშვილი და ვახტანგ სალია იქნებიან.
მნიშვნელოვანია გვქონდეს სწორი მოლოდინი – ლივერპულისა და ნიუკასლის ქართველებს მუდმივად, ტურიდან ტურამდე ძირითად შემადგენლობაში ვერ დაველოდებით, თუმცა არის შანსი, წუთები, უშუალოდ პრემიერ ლიგაში, ორივე მიიღოს.
მამარდაშვილი ლივერპულში მეორე მეკარე იქნება, თუმცა მხოლოდ ჯერ-ჯერობით. წინასასეზონო შეკრება ალისონ ბეკერმა მეუღლის ქირურგიული ჩარევის გამო გამოტოვა და კარში მამარდა იდგა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ პრე სეზონზე, ენფილდზეც ითამაშა, თუმცა ქომიუითი შილდის მატჩში კრისტალ პალასის წინააღმდეგ კარს ბრაზილიელი იცავდა.
პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე კარს ალისონ ბეკერი დაიცავს, მამარდა კი სათამაშო დროს თასებზე მიიღებს. თუმცა ეს მოცემულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. ამ გზაზე კი გადამწყვეტი მამარდას მდგრადი ფსიქოლოგია იქნება.
აქვე სახსენებელია, რომ გასულ სეზონში ალისონ ბეკერმა პრემიერ ლიგაში 2508 წუთი ითამაშა, რაც თითქმის ტურნირის 1/3-ის გამოტოვებას ნიშნავს.
ლივერპული პრემიერ ლიგის 2025-26 სეზონის გამხსნელ შეხვედრაში ბორნუმთს უმასპინძლებს.
რაც შეეხება სალიას – ვახოს ნიუკასლი არ გაანათხოვრებს. 30 აგვისტოს ქართველი 18 წლის გახდება და ტაინსაიდურ გუნდს მასთან კონტრაქტის გაფორმებაც შეეძლება.
ედი ჰაუს გუნდში ბევრი რამ გასარკვევია. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა პირველ გუნდში რეგისტრაციას სალია, თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ 17 აგვისტოდან დინამო თბილისის აღზრდილი ნიუკასლს შეუერთდება.
ცხადია, პირველ გუნდში კონკურენცია უდიდესია და ამიტომაც სალიაც ადაპტაციის პერიოდში მეორე გუნდში უფრო იკითხება, თუმცა არსებობს შანსი, ვახომ სადებიუტო წუთები ნიუკასლის პირველ გუნდში ამ სეზონშივე მიიღოს.
ნიუკასლი პრემიერ ლიგის პირველ ტურში ასტონ ვილას ვილა პარკზე ესტუმრება.
რაც შეეხება ჩემპიონშიფს – აქ ქართველების ყურადღება უოტფორდისკენ იქნება მიპყრობილი. გიორგი ჩაკვეტაძე სამწუხაროდ სექტემბრის შუა რიცხვებამდე იუქმებს და ამის გამო თურქეთთან და ბულგარეთთან გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
ჩაკვეს მიმართ სატრანსფერო ინტერესი უხვად იყო, თუმცა ამ ამბავში გადამწყვეტი ტრავმა და უოტფორდის მხრიდან მისი შენარჩუნების სურვილი აღმოჩნდა.
შესაბამისად, გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაკვეს კვლავ უოტფორდის შემადგენლობაში დავაკვირდებით.
უოტფორდისთვის სეზონი სასურველად ვერ დაიწყო. ჩემპიონშიფის პირველ ტურში ჩარტონთან მარცხს, EFL თასზე ნორვიჩთან წაგება მოჰყვა. ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის მეორე ტურში უოტფორდი ვიქერიჯ როუდზე ქპრ-ს უმასპინძლებს.
ქართველი ფეხბურთელები – ლიგა 1
კვარა, ჟორჟი, აბუ და წიტა – ლიგა 1-ში ამ მოცემულობით მინიმუმ 4 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
პსჟ-მა და კვარამ ახლახანს UEFA-ს სუპერ თასი მოიგეს. ცხადია, ლიგა 1-ის მთავარი ფავორიტი კვლავ პარიზული კლუბია.
გასული სეზონის ტრიუმფატორი ტიტულების დაცვას შეეცდება, თუმცა რამდენად იოლი იქნება სეზონის სტარტი ამის თქმა რთულია. მიზეზი ზაფხულში ნათამაშები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და დასვენების მცირე დროა.
შესაბამისად, ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების მომსწრე ტურიდან ტურამდე რომ გავხდეთ, არ უნდა გაგვიკვირდეს.
ლიონს პრობლემები აქვს. გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრმა ფეხბურთელმა, მათ შორის ლიდერთა უმეტესობამ დატოვა. ჟორჟს საუკეთესო ასისტენტები გამოაკლდნენ.
გასულ სეზონში TOP 5-ში ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება ჟორჟი-შერკის ტანდემს ჰქონდა.
შესაბამისად, ლიონმა ახალი იდენტობა სეზონის განმავლობაში უნდა შეიძინოს. ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცით, ჟორჟი გუნდის მთავარი ცხრიანი იქნება.
რაც შეეხება მეცს – გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის იჯარების შემდეგ, ჟორჟის ყოფილი ბანაკი, ყველაზე ქართული გუნდი გახდა TOP 5 ლიგაში.
მეცის მთავარი ამოცანა ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. მოსალოდნელია, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი მეცის ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონი ლანსს ესტუმრება, მეცი სტრასბურს უმასპინძლებს, ხოლო პსჟ გასვლაზე ნანტთან ითამაშებს.
ქართველი ფეხბურთელები – ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2
ერთი კვირის შემდეგ უკვე ბუნდესლიგა და სერია A-ც დაიწყება. გერმანიის საფეხბურთო ელიტაში ბუდუ ზივზივაძეს გიორგი გოჩოლეიშვილიც შეუერთდა.
ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგაში ადგილი პლეი ოფის გზით შეინარჩუნა. ბუდუ კვლავ ბადენ ვიუტემბერგული გუნდის მთავარი იმედი იქნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველ თვეებს მარვინ პიერინგერი გამოტოვებს.
ჰაიდენჰაიმი კვლავ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს, თუმცა წინა სეზონისგან განსხვავებით ბუდუს გუნდს ევროსარბიელზე ძალების გადანაწილება არ დასჭირდება, შესაბამისად, ფრანკ შმიდტის გუნდს მეტი რესურსის მიმართვა შეეძლება ბუნდესლიგაზე.
რაც შეეხება გიორგი გოჩოლეიშვილს – ქართველი ჰამბურგში იჯარის წესით ითამაშებს. სეზონის ბოლოს კი წითელ შორტებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ჰამბურგი გერმანული ფეხბურთის ელიტაში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა. დინაზავრები ეცდებიან ბუნდესლიგის ცხრილის შუაში ადგილი კომფორტულად დაიმკვიდრონ. მერლინ პოლცინის გუნდში გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაციის ჰამბურგიდან 11 ფეხბურთელია შემორჩენილი.
ჰამბურგის მთავარი იარაღი მომავალ სეზონში საშინაო ფოლკს პარკ შტადიონი უნდა იყოს, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო, ისტორიული ქულა აიღო.
ამ უქმეებზე გერმანიაში კლუბები სეზონს სათასო ბატალიებით გახსნიან, ბუნდესლიგის პირველ ტურში კი ჰაიდენჰაიმი ვოლფსბურგს უმასპინძლებს, ხოლო ჰამბურგი გასვლაზე მიონხენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ბუნდესლიგა 2-ს აქ ნიურნბერგის შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს. საქართველოს ნაკრების მცველმა პირველ ორ ტურში, ელვერსბერგსა და დარმშტადთან 90-90 წუთი ითამაშა, თუმცა სამწუხაროდ გუნდმა ორივე მატჩი დათმო.
მიროსლავ კლოზეს გუნდს თანდათან შეტევაში გაუმჯობესება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. მომდევნო ტურში ნიურნბერგი პროისენ მიუნსტერს ესტუმრება.
ქართველი ფეხბურთელები – სერია A
აპენინებზე ელიტაში ორი მცველი, ორი საბა ითამაშებს – საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი. საქართველოს ნაკრების მცველები შესაბამისად, უდინეზესა და ტორინოს ღირსებას დაიცავენ.
მათი სათამაშო დრო და სტაბილური ხარისხი ნაკრებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. ვილი სანიოლს ეროვნულ გუნდში, შედარებით შემჭიდროვებული არჩევანი სწორედ ცენტრალური მცველი ზონაში აქვს, ამიტომაც ორივე საბასგან სეზონის მძლავრი და სტაბილური სტარტი უმნიშვნელოვანესი იქნება.
საზოვონმა გასულ სეზონში ემპოლის რიგებში ტრავმის გამო ფაქტობრივად ვერ ითამაშა. 9 თვის შემდეგ ევროპის U21 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, იქაც დაშავდა, თუმცა მომჯობინება მოასწრო და ტორინოს რიგებში სერია A-ს სტარტზევე ველით.
რაც შეეხება გოგლიჩიძეს, საბამ ემპოლი დატოვა და უდინეზეში გადავიდა. Googlichidze, როგორი წარდგენითაც მას უდინეზეში დახვდნენ, უდინური გუნდის ძირითადში მოიაზრება და სტაბილური სათამაშო პრაქტიკა თურქეთსა და ბულგარეთთან გასამართი სასექტემბრო მატჩებისთვის საკვანძო შეიძლება აღმოჩნდეს.
სერია A-ს პირველ ტურს სწორედ ქართველები დახურავენ. უდინეზე ვერონას უმასპინძლებს, ხოლო ტორინო ინტერს ესტუმრება.
ქართველი ფეხბურთელები – ევროტურნირებზე
ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს ევროსარბიელზე რომ ვიხილავთ უკვე ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ცხადია, თუმცა ვინ და ვინ არის ისეთი, ვისაც სამივე ევროტურნირზე დანამდვილებით ვიხილავთ.
ვახო სალიას ნიუკასლიც ჩემპიონთა ლიგაზეა, თუმცა რამდენად იქნება 17 წლის ქართველი პირველ გუნდში დატვირთული დრო გვიჩვენებს.
გიორგი ქოჩორაშვილი და მის სპორტინგს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში დანამდვილებით ვიხილავთ.
არსებობს შანსი რომ ქართველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. კვალიფიკაციის პლეი ოფს თამაშობენ გაბრიელ სიგუას ბაზელი, ოთარ კიტეიშვილის შტურმი და ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ქაირათი.
უარეს ვარიანტში, მათი გუნდების პოტენციური წაგების შემთხვევაში, ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ჩვენს ეთერში უკვე ევროპა ლიგაზე იხილავთ.
ევროპა ან კონფერენს ლიგას ითამაშებენ ლუკა გუგეშვიშვილის პაოკი და გურამ კაშიას სლოვანი. ისინი კვალიფიკაციის დასკვნით ეტაპზე არიან.
ევროპა ლიგის ძირითად ბადეში იქნება გიორგი მიქაუტაძე.
კონფერენს ლიგაზე კი ირაკლი აზაროვის დონეცკის შახტარსა და ლაშა ოდიშარიას ლატვიურ რფს-ს გასვლას დაველოდებით, რომლებიც კვალიფიკაციის ბოლო სტადიაზე არიან.
შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები setantasports.com-ზე მორიგი სეზონი და მორიგი თავგადასავალი იწყება.