სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია vs არსენალი - გამოხმაურება | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელია vs არსენალი – როგორია გამოხმაურება, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის შემდეგ. ცხადია, ქართველს აქებენ, თუმცა სტატიაში ეს ყველაფერი დეტალურად ვნახოთ.

პირველი ქართველი შემტევი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და პირველი საგოლე მოქმედება – კვარამ უსმან დემბელეს 2025 წელს 26-ე გოლი გაატანინა.

ხვიჩა კვარაცხელია vs არსენალი

პსჟ-მა ემირეითსზე 0-1 გაიმარჯვა და ლონდონიდან შინ უპირატესობით დაბრუნდა. საპასუხო შეხვედრა უკვე 7 მაისს, პარკ დე პრენსზე გაიმართება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sports-ზე შეგეძლებათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ხვიჩა კვარაცხელია – გამოხმაურება

მართალია, არსენალი 0-1 პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად UEFA-მ ვიტინია დაასახელა, თუმცა კვარა მინდორზე საუკეთესო თუ არ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

წინ, უკან, შუაში – თამაშის კვარასეულ მანერას საუკეთესოდ ერთი სიტყვა, ყოვლისმომცველი ასახავს.

ბუნებრივია, ეს არ გამორჩენიათ მსოფლიოში გამორჩეულ გამოცემებსა, თუ ფეხბურთის მიმომხილველებს. ცხადია, ამ სტატიაში რეზონანსის გამორჩეულ ნაწილს შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე კიდევ მატჩის პერიპეტიებზე და მათგან უდავოდ გამორჩეულ მომენტზე – საპენალტე ეპიზოდზე.

ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ იურიენ ტიმბერი თამაშის წესებს საჯარიმოში არღვევდა. ეს წინადადება ყოველგვარი სუბიექტური შეფასებისგან დაცლილია, და ის მხოლოდ ჩემს აზრს არ წარმოადგენს.

მაგალითად, PGMOL-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მსაჯი კით ჰეკეტი ფიქრობს, რომ არსენალსა და ტიმბერს “გაუმართლათ, რომ იმ მომენტში VAR-მა სლვაკო ვინჩიჩს ეპიზოდის გადახედვის რჩევა არ მისცა”.

სამწუხაროა, თუმცა ადამიანურ შეცდომას კვარასა პსჟ-ის მორიგი, პოტენციური აქტივი ემსხვერპლა.

ობიექტურ მსაჯულებად შესაძლოა საუკეთესონი ამ შემთხვევაში L’ÉQUIPE და Le Parisien ვერ მივიჩნიოთ, თუმცა ავტორიტეტული ფრანგული გამოცემებიც ამ აზრს იზიარებენ.

ხვიჩა კვარაცხელია პენალტი არსენალი | Setanta Sports

შეტევის გარდა კვარა დაცვაშიც საუცხოო იყო. მის ანგარიშზე მატჩში ყველაზე მეტი, 6 წარმატებული ვარდნაა. ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისმა გუნდმა ემირეითსზე უბურთოდ უკეთ ითამაშა, ვიდრე ბურთით, ეს კი ცხადია, სხვებთან ერთად, ხვიჩას დამსახურება იყო.

რაც შეეხება მატჩისშემდგომ გამოხმაურებას, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა. დამსახურებული რეზონანსის ნაწილი ასე გამოიყურება:

“ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალი დააქუცმაცა...

ქომაგებს მიკელ არტეტას მოწოდებისთვის რომ ესმინათ და “სტადიონზე ბუცებითა და მაისურებით მოსულები კვარაცხელიას დაპირისპირებოდნენ, კვარა მაინც იპოვიდა ღრიჭოს...

მატჩამდე არტეტამ თქვა, რომ ქომაგსაც [მეტაფორულად] ყველა ბურთისთვის უნდა დაერტყა, აჯობებდა, რომ ქომაგებს კვარაცხელიასთვის ფეხში დაერტყათ.

კვარაცხელია არამხოლოდ მატჩის საუკეთესო გარემარბი, არამედ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც იყო, იმის გამო, რასაც ის დაცვაში აკეთებდა…”

Daily Mail

“ხვიჩა კვარაცხელია და ახალი პსჟ: ქართველი გარემარბის სამუშაო ეთიკა ჩემპიონთა ლიგის ტრანსფორმაციას კარგად აღწერს...

არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც ლუის ენრიკე კილიან მბაპეს ევედრებოდა – დაერწმუნებინა, რომ თავდაცვითი მოვალეობები შეესრულებინა. ახლა, კვარაცხელიას სახით, პსჟ-ს 70 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც შესაძლოა უფრო მეტსაც კი აკეთებდეს[ვიდრე მბაპე]…

ტიმბერს კვარაცხელიას გაკონტროლება უჭირდა.”

Sky Sports

“ამ სეზონში, სტაბილურობის გამო, შესაძლოა, ტიმბერი არსენალის საუკეთესო ფეხბურთელიც კი იყოს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ეს მიმართება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა”

BBC

“კარგა ხანია ტიმბერი ამგვარი პრობლემების წინაშე არ გვინახავს, კვარაცხელიამ მას საქმე საგრძნობლად გაურთულა, თუმცა მატჩის ბოლოსკენ ტიმბერმა არსენალის თამაშთან ერთად პროგრესი განიცადა.”

London’s Evening Standard

„როცა კვარა ბურთს იღებს, მასთან შეხებიდან მოწინააღმდეგეზე შეტევამდე, შესაძლოა, მხოლოდ წამის მეათედი გავიდეს. რა სწრაფი აზროვნებაა – აიძულებს ტიმბერს უკან დაიხიოს.

ბურთთან დაშორება ოდნავ დიდი იყო, მაგრამ ის მაინც წინ მიიწევს, ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეულ შეხებაზე.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, რომელიც რვა წლის ასაკში მივიღე: ამგვარად მცველს არ რჩება დრო, რომ მოასწროს სიტუაციის გაანალიზება. ნებისმიერ ნაბიჯზე შეგიძლია მარჯვნივ ან მარცხნივ შეტევა.

ის ძალას უმატებს ერთი ერთზე თამაშისას, შეჰყავს მცველი საჯარიმოში და აიძულებს ნახევარმცველს გააოროს. ამ დროს დემბელე თავისუფლდება…“

ალესანდრო დელ პიერო

„ჩემთვის მოედანზე საუკეთესო მოთამაშე კვარაცხელია იყო. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მისგან ასეთი აჩქარება აქამდე არასოდეს მინახავს! გარდა ამისა, პსჟ-ის ნახევარმცველი ნამდვილად დომინირებდა მოედანზე.“

ფაბიო კაპელო

ხვიჩა კვარაცხელია სიმბოლოა იმ ახალი პსჟ-სი, რომელიც სუპერვარსკვლავების გარეშე, შრომასა და გუნდურობაზეა დაფუძნებული.

მისი მენტალიტეტი ძალიან მომწონს. როცა ფლანგის მცველი ხარ, ეს დიდ სიმშვიდეს გაძლევს, რადგან ზუსტად იცი – ყოველთვის დაგეხმარება, ყოველთვის დაბრუნდება და საკუთარ საქმეს შეასრულებს.

დემბელე დაცვის პირველი ხაზია, ხოლო კვარაცხელია ტიტანურ სამუშაოს ასრულებს, რომ მარცხენა ფლანგზე დაცვას მხარი დაუჭიროს. ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი გუნდის ერთიანი სულისკვეთების შესახებ.“

ბიქსენტ ლიზარაზუ

დევიდ უები ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

Sky Sports-ი კვარას შესახებ ვილი სანიოლის ასისტენს დევიდ უებსაც გაესაბრა. ინგლისელმა საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

აი რას წერს პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა უებისა და კვარას შესახებ.

დევიდ ვები ხვიჩა კვარაცხელიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სანიოლის თანაშემწე მწვრთნელის რანგში. მისთვის ხვიჩას წარმატება მოულოდნელი არ არის. „ხშირად ამბობენ, რომ სუპერვარსკვლავ მოთამაშეებს შრომის ეთიკა არ გააჩნიათ, მაგრამ კვარას შემთხვევაში ასე არ არის,“ — ამბობს ის Sky Sports-თან ინტერვიუში.

„ნაკრების შეკრებები ძალიან მოკლე, ინტენსიური და კონცენტრირებულია, ამიტომ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ფეხბურთელებთან დიდხანს ვიმუშაოთ. თუმცა, რაც არ უნდა მოკლე იყოს დრო, მისი დასრულების შემდეგ კვარა ყოველთვის რჩება და დამატებით მუშაობს. ამას არავინ სთხოვს, თვითონ იღებს ამ გადაწყვეტილებას.

იგი ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, ურტყამს კარში, ვარჯიშობს ერთი ერთზე შეტევაში – არაფერი გამორჩეული, უბრალოდ მუდმივად სრულყოფს საკუთარ ძირითად უნარებს. როცა უყურებ ელიტურ ფეხბურთელებს, ხედავ, რომ ეს მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს. კვარაცხელიაც ასე იქცევა – ამას აკეთებს პირველივე დღიდან.

ძალიან ძნელია მისი ვარჯიშიდან გამოყვანა, რადგან პროცესზე უაღრესად ორიენტირებული ადამიანია. სურს, ბევრი გოლი გაიტანოს, სურს, მაქსიმალურად ხშირად ჰქონდეს ბურთთან შეხება და მტკიცედ სჯერა, რომ დამატებით 1 ან 2 პროცენტით შრომა თამაშის დროს მის შედეგიანობას აამაღლებს.“

ლუის ენრიკეზე ეს შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა ის, რაც ხვიჩას თვისებებიდან პსჟ-ისთვის იდეალურია, მისი მრავალმხრივი თამაშის უნარია. არსენალთან მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში, კვარაცხელიამ ფლანგი შეიცვალა – მარცხნიდან მარჯვნივ გადავიდა. მცირე ხნის განმავლობაში დემბელემ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, ხვიჩამ კი წინ წაწეული შემტევის პოზიცია დაიკავა.

„მათი თამაში ძალიან მოქნილია, რადგან ფიქსირებული ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავთ, რის გამოც კვარაცხელიას შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს ხაზებს შორის, მიიღოს ბურთი სხვადასხვა ზონაში,“ – აღნიშნავს ვები. „ის განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როცა მოძრაობისა და თვითგამოხატვის თავისუფლება ეძლევა – ეს კი მას მეტოქეებისთვის რთულად პროგნოზირებად მოთამაშედ აქცევს.“

პსჟ vs არსენალი – წყვილის საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, პარკ დე პრენსზე გაიმართება.