სარჩევი
საქართველოს ფუტსალის ნაკრები - ერთ ნაბიჯში ევროპიდან | Setanta Sports

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. მეინ რაუნდიდან ავთო ასათიანის გუნდი პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდა.

საქართველო 3:3 საფრანგეთი – ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჯვაროსნებს 4-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ, რათა პირველი ადგილით პირდაპირ ევროპაზე გასულიყვნენ.

საფრანგეთი ჯგუფის ფავორიტობის გარდა, მთლიანად ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია – ლე ბლუმ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა, შესაბამისად, ამოცანა ურთულესი იყო.

ამის მიუხედავად სვანიძისა და ჯვარაშვილის გოლებით საქართველო 2:0-ს იგებდა, თუმცა მერე ფრანგებმა მატჩი სათავისოდ მოატრიალეს. საბოლოო ანგარიში კი სებისკვერაძემ დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

“რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრების 4-ბურთიანი სხვაობით დამარცხება რომ რთული იქნებოდა, ეს კარგად ვიცოდით. პლუს ის ფაქტორიც მოქმედებდა, რომ 5 ჩვენს მოთამაშეს ყვითელი ბარათი ჰქონდა და კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, სექტემბრის პლეი-ოფში ვერ ითამაშებდნენ. ამას კი ძალიან ვუფრთხოდით, რადგან არ გვინდოდა, რომ ვინმეს გამოგვკლებოდა…

ვფიქრობ, ბიჭებმა გმირობა ჩაიდინეს და ჯგუფში მაქსიმალურად საუკეთესო ადგილი დავიკავეთ. რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ ტოპ-გუნდებთანაც შეგვიძლია თამაში. ეს შეხვედრამ აჩვენა – ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო, ბოლო წუთებზე მოგებაც შეგვეძლო. დაგროვილი გამოცდილება მოედანზე უკვე აისახება…

გულშემატკივარს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იყო. საერთოდ, ასეა – თუ ერთად ვიქნებით, ძლიერები ვიქნებით, თუ არა და, ყველას გაგვიჭირდება. ჩვენი მოწინააღმდეგე 21 მაისს გაირკვევა, მერე კი კარგად უნდა მოვემზადოთ სექტემბრის მატჩებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. პლეი-ოფის წილისყრაში განთესილები და განუთესავები არ იქნებიან – 10 ჯგუფიდან საუკეთესო მეორეადგილოსანი 8 გუნდი ბრმა წილისყრით დაწყვილდება…

თუ წარმოვიდგენდი, რომ ახალი გუნდით ჯგუფში მეორე ადგილს დავიკავებდით? მიზანი თუ არ გაქვს, მუშაობაც აზრს კარგავს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიზნად გასვლა გვქონდა დასახული. მეორე ვარიანტი იყო, საუკეთესო მეორეადგილოსანი რომ ვყოფილიყავით…

ბოლო მომენტამდე ამ გეგმით მივდიოდით და ვფიქრობ, ამოცანას თავი კარგად გავართვით. ფეხბურთის ფედერაციამ მოსამზადებლად კარგი პირობები შეგვიქმნა. რუმინეთთან ამხანაგური მატჩებიც ძალიან დაგვეხმარა მომზადებაში, რადგან ისეთი ელემენტები დავხვეწეთ, რაც კოსოვოსა და საფრანგეთთან აუცილებლად გამოგვადგებოდა და გამოგვადგა კიდეც.”

ავთო ასათიანი

*ფოტო და ვიდეო – ეროვნული ნაკრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრები – ევროპის ჩემპიონატი

საბოლოოდ, ჯგუფიდან პირველი ადგილით საფრანგეთი გავიდა, საქართველომ კი მეორე ადგილი დაიკავა. 13 ქულით მეორეადგილოსნებს შორის საქართველომ მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა და იტალიას მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩა.

საბოლოოდ EURO 2026-ის პლეი-ოფში 8 ნაკრები ითამაშებს:

  • იტალია
  • საქართველო
  • ბოსნია ჰერცეგოვინა
  • ბელგია
  • სლოვაკეთი
  • უნგრეთი
  • ყაზახეთი
  • რუმინეთი

საქართველოს მეტოქე სწორედ დანარჩენი 7 ნაკრებიდან შეირჩევა. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა, 21 მაისს, თბილისის დროით, 16:15 წუთზე გაიმართება.

უშუალოდ პლეი-ოფის მატჩები შინ-გასვლის პრინციპით 15-24 სექტემბერსაა ჩანიშნული.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა კი უკვე 24 ოქტომბერს, კაუნასში, ლიეტუვაში შედგება. EURO 2026 კი 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიასა და ლიეტუვაში ჩატარდება.

რაც შეეხება პოტენციურ მეტოქეებს – მათ შორის ცხადია, არის სასურველი და ნაკლებად სასურველი ვარიანტებიც, თუმცა საქართველოს ნაკრების პროგრესისა და მეტოქეთა უმეტესობის ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, ასათიანის გუნდს კარგი შანსი ექნება, ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები – შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბრუიძე (არმია), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)