სარჩევი
სენტ ეტიენი vs პსჟ და სხვა - საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება | Setanta Sports

სენტ ეტიენი vs პსჟ, ზუკა vs კვარა, თანაც ორი ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული გუნდის შეხვედრაში. ცხადია, ქართულ ჭრილში ეს ცენტრალური მატჩი და დუელია, თუმცა setantasports.com-ზე კიდევ 7 შეხვედრას ნახავთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მონაწილეობით.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მატჩები

28-30 მარტს Setanta Sports-ის მაყურებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 ფეხბურთელის 8 მატჩს იხილავს.

სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფში, ორი მატჩის ჯამში 9-1 მოგების შემდეგ ბიჭები თავიანთ კლუბებში დაბრუნდნენ. მათ აბსოლუტურ უმეტესობას 2025 წლის პირველ სანაკრებო შესვენებამდე ფორმის პიკი ჰქონდა, შესაბამისად, მათგან კლუბებში მინიმუმ იდენტურ ხარისხს ველოდებით.

ამ ყველაფრით ტკბობა კი ჩვენს პლატფორმაზე, setantasports.com-ზე შეგეძლებათ. ქართველი ლეგიონერების განრიგი კი ასე გამოიყურება.

თარიღიტურნირიმატჩიდრო
28 მარტი, პარასკევიესპანეთის ლა ლიგა 2ტენერიფე – გრანადა23:30
28 მარტი, პარასკევისაფრანგეთის ლიგა 1სტრასბური – ლიონი23:45
29 მარტი, შაბათიინგლისის ჩემპიონშიფიუოტფორდი – პლიმუთი16:30
29 მარტი, შაბათიიტალიის სერია Aკომო – ემპოლი18:00
29 მარტი, შაბათიგერმანიის ბუნდესლიგავოლფსბურგი – ჰაიდენჰაიმი18:30
29 მარტი, შაბათისაფრანგეთის ლიგა 1სენტ-ეტიენი – პსჟ22:00
29 მარტი, შაბათიესპანეთის ლა ლიგა 2ალმერია – ლევანტე23:55
30 მარტი, კვირაესპანეთის ლა ლიგავალენსია – მალიორკა20:30

ჩვენც ქრონოლოგიურად გავყვეთ ქართველი ლეგიონერების მატჩების მოკლე წინასწარ მიმოხილვას.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ტენერიფე vs გრანადა

ტრადიციულად, ლა ლიგა 2-ში სანაკრებო შესვენების დროსაც თამაშობენ. გამონაკლისი არც მარტის სანაკრებო ფანჯარა იყო.

გიორგი წიტაიშვილის გარეშე გრანადამ რეალ ოვიედოს სძლია და პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა.

თანაც წინა ტურში გრანადასთვის სასიამოვნო რამ მოხდა, მის წინ მყოფმა ოთხივე უშუალო კონკურენტმა წააგო. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება, თანაც ასეთი სიმჭიდროვის პირობებში.

სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში გრანადა მე-8-დან მე-5 ადგილზე გადაინაცვლებს. ფრან ესკრიბას გუნდს შანსი აქვს ლა ლიგაში ერთსეზონიანი პაუზის შემდეგვე დაბრუნდეს. ეს კი გიორგი წიტაიშვილის ამჟამინდელი კლუბისთვის ლა ლიგაში რიგით 28-ე სეზონი იქნება.

რაც შეეხება ტენერიფეს, გუნდი რომლის ზეობის ხანაც 90-იან წლებში იყო, გასავარდნ ზონაშია. მეტიც, კანარის კუნძულების წარმომადგენლებს უშუალოდ გრანადასთან მატჩებშიც საკმაოდ უჭირს.

ამ მატჩში ყველანაირი წინაპირობაა, რომ კლუბში დაბრუნებულმა გიორგი წიტაიშვილმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ნასრიდების მაისურით, 27 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სტრასბური vs ლიონი

პარასკევსვე ჩაებმება საკლუბო ცხოვრებაში გიორგი მიქაუტაძე. ჟორჟის ლიონი სტუმრად, 6-ქულიან შეხვედრაში სტად დე ლა მენოზე ითამაშებს.

სტრასბური ლიონს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. მასპინძლები მე-7 ადგილზე არიან, ხოლო სტუმრები – მე-5. ლიონს სამი ქულით საჩემპიონთალიგო ზონაში დაბრუნება კარგა ხნის შემდეგ პირველად შეუძლია.

ლიონის სამი ქულა და მონაკოსა და ნიცას წაფორხილება კი ლიონისთვის მე-3 ადგილის შენარჩუნებას მომდევნო ტურამდე ავტომატურად ნიშნავს.

ჟორჟი კი საუცხოო ფორმაშია. საკლუბოს მიქაუტაძემ სანაკრებო სერიაც მიაყოლა და მასზე კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი აალაპარაკა. საინტერესოა, მისი ახლახანს მაქებარი ფონსეკა ჟორჟს სასტარტოდან დააწყებინებს, თუ – არა?!

ცხადია, ქართველს ძირითად შემადგენლობაში ადგილი ეკუთვნის, რაც არ უნდა დიდი ფიგურა იყო ალექსანდრ ლაკაზეტი.

უოტფორდი vs პლიმუთი

შაბათს უკვე ნაკრების ფეხბურთელების მონაწილეობით 5 შეხვედრას ვნახავთ. დღეს 16:30-დან გიორგი ჩაკვეტაძე დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების ისტორიაში გოლებსა და ასისტებში, ორივეში 10-მდე პირველი ასული ფეხბურთელიც საუცხოო ფორმაშია და არც მისი გუნდების სატურნირო შანსები გამოიყურება მთლად უიმედოდ.

ჩემპიონშიფში უოტფორდი მე-10 ადგილზეა, თუმცა საპლეიოფო ზონამდე 5 ქულა აშორებს. ისიც ცხადია, რომ ზედა ოთხეულს ნაკლებად თუ დაეწევა ვინმე, შესაბამისად, პლეი ოფის ორი ადგილისთვის, მე-5 და მე-6 პოზიციებისთვის გათამაშების დასკვნით ნაწილში 10-მდე გუნდი იბრძოლებს.

მართალია FA Cup-დან ლივერპული გააგდო, მაგრამ სულს ღაფავს პლიმუთ არგაილი. ყველაზე დიდი ისეთი ინგლისური ქალაქის კლუბს, რომელსაც პრემიერ ლიგაში არასდროს ყოლია წარმომადგენელი, ბოლო, 24-ე ადგილი უჭირავს.

თანაც პლიმუთი გასვლაზე განსაკუთრებით სუსტია. სულ 8 ქულა აქვს სტუმრად აღებული და პირველი გამარჯვებაც ბოლო საგარეო შეხვედრაში, პორტსმუთთან მოიპოვა.

შესაბამისად, წყვილში ფავორიტი უოტფორდია, თანაც ჩინებულ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძით. თუმცა ეს ჩემპიონშიფია, სადაც პროგნოზის გაკეთება ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა.

კომო vs ემპოლი

ჩაკვეს მატჩის დასრულებიდან ნახევარ საათში საბა გოგლიჩიძე სესკ ფაბრეგასს ესტუმრება. საქართველოს ნაკრებში სრულფასოვანი და ცალსახად წარმატებული დებიუტის მქონე მცველის ემპოლი კომოს ეწვევა.

სამწუხაროდ, კვლავ ტრავმას იშუშებს საბა საზონოვი, თუმცა ცენტრალური მცველის პროგრესი სახეზეა. უმძიმესი ტრავმის მიღების შემდეგ 6 თვე უკვე გავიდა და სამატჩო განაცხადში უახლოეს მომავალში საქართველო U21-ისა და ეროვნული ნაკრების მცველი თავისუფლად შეიძლება ვიხილოთ.

საბას სათამაშო პრაქტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მისი კარიერისთვის, ასევე საქართველო U21-ისთვის, რომელსაც 11-28 ივნისს სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატი ელის.

შეგახსენებთ, U21-ის ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ყველა მატჩს მაყურებელი Setanta Sports-ზე იხილავს.

სერია A-ში კომო მე-13 ადგილზეა 29 ქულით, ხოლო ემპოლი გასვარდნ ზონაში, მე-18 ადგილს, 22 ქულით იკავებს.

გოგლიჩიძის გუნდს სამშვიდობომდე 3 ქულა აშორებს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ პარმას ბურთების ბალანსში 7-იანი უპირატესობა უჭირავს. ემპოლი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და შანსი ცხადია იქნება.

თუმცა ჯერ რობერტო დავერსას გუნდმა გამარჯვების გემო უნდა გაიხსენოს. მართალია თასზე ახლახანს ემპოლიმ იუვენტუსი დაამარცხა, თუმცა სერია A-ში 14 თამაშია არ მოუგია. გოგლიჩიძისა და საზონოვის გუნდმა ბოლო 8 დეკემბერს გაიმარჯვა, შესაბამისად ნავსის გატეხვის დროა.

ვოლფსბურგი vs ჰაიდენჰაიმი

18:30-დან უკვე საქმეში ბუნდესლიგა და ბუდუ ჩაერთვებიან. ჰაიდენჰაიმიც ემპოლის მსგავსად საკუთარ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ამ გზაზე კი განსაკუთრებული სირთულეები ახლა იწყება. ვოლფსბურგი გასვლა, ლევერკუზენი შინ, აინტრახტი გასვლა, ბაიერნი შინ, შტუტგარტი გასვლა და ამის შემდეგ უშუალო მეტოქე ბოხუმი შინ.

რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ჰაიდენჰაიმი მე-17 ადგილზეა და მეტ-ნაკლებად სამშვიდობოს მე-16 ადგილზე მყოფ ბოხუმთან ქულას აგებს. პლეი აუტის მე-16 ადგილის დაკავება ფრანკ შმიდტის გუნდის გაცხადებული მიზანია.

ამის მიღწევაში კი გუნდს ბუდუ ეხმარება. ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ისტორიაში 81-ე და 82-ე გოლები გაიტანა და საკუთარ გუნდს ბოლო 2 ტურში 4 ქულაც მოუტანა.

აი ვოლფსბურგი კი მე-8 ადგილზეა. რალფ ჰაზენჰუტლის გუნდმა ბოლო ორ ტურში ერთი ფრედ ითამაშა, ერთი კი წააგო. ეს ფაქტორი კი ცხადია ჰაიდენჰაიმის მისიას ართულებს, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ფოლკსვაგენ არენაზე ალპების კლოპის გუნდს ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე ფრედ აქვს ნათამაშები.

ბოხუმი თუკი ლევერკუზენთან ტურის გამხსნელ შეხვედრაში დამარცხდება და ჰაიდენჰაიმი ქულას აიღებს, ბუდუს გუნდი მე-16 ადგილზე გადაინაცვლებს. ქართველს სასტარტო შემადგენლობაში ველით.

სენტ ეტიენი vs პსჟ

დღისა და უქმეების მთავარ საკლუბო ქართულ მოვლენას კი ჩვენი მაყურებელი უკვე 22:00-დან ნახავს. სენტ ეტიენი vs პსჟ, ზუკა vs კვარა – ბავშვობის საუკეთესო მეგობრები ერთმანეთის პირისპირ ლიგა 1-ში პირველად წარსდგებიან.

მართალია დღეს გუნდების ძალების შედარება წარმოუდგენელია, თუმცა ისტორიულ და ქართულ პრიზმაში წყვილი უაღრესად საინტერესოა. ლოკალურად ფრანგულად თუ შევხედავთ, მაშინ ერთმანეთის პირისპირ ორი ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული გუნდი თამაშობს. სენტ ეტიენს პარი-სენ ჟერმენმა ტიტულებში რამდენიმე წლის წინ გადაასწრო.

აი ქართული პრიზმა კი ინდივიდუალური დუელითაა საინტერესოა. ბავშვობის ძმაკაცები, რომლებსაც ერთმანეთთან მუდმივი შეჯიბრი აქვთ: ვინ უფრო ლამაზია, ვინ უფრო უკეთესია FC-ში(FIFA-ში) ან გრეხედბოლი და სხვა ნებისმიერი, ამჯერად ლიგა 1-ში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ცხადია, სტატისტიკა და რიცხვები საინტერესოა, თუმცა უფრო საინტერესოა – კარიერაში რამდენჯერ, სად და რა პირობებში უთამაშიან ზუკას და ხვიჩას ერთმანეთის პირისპირ. თანაც ეს მაშინ, როდესაც ასაკობრივებს თავი რომ დავანებოთ, მათ კარიერაში სამ საერთო კლუბს ვნახავთ: დინამო თბილისი, რუბინი და დინამო ბათუმი.

რუსთავი 1-1 ლოკომოტივი

პირველად ერთმანეთის პირისპირ, პროფესიონალურ დონეზე, დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი ორი ფეხბურთელი 2018 წელს წარსდგა. მაშინ კვარა რუსთვში თამაშობდა, ხოლო ზუკა – ლოკომოტივში.

ის მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მესხი 2-ზე გოლები გიორგი პაპავამ და დავით (პელე) ჯიქიამ გაიტანეს. ამ მატჩის ძიებისას აზარტით ველოდი – ეგ მატჩი მე ხომ არ მიმყავდა – მეთქი, თუმცა ბოლოს ჩანაწერში დავით მინაშვილის ხმა რომ გავიგე, კოვზი ნაცარში ჩამივარდა.

არსენალი 0-3 რუბინი

მართალია ტულის არსენალთან რუბინში ყოფნისას დავითშვილს და კვარაცხელიას ერთადაც უთამაშიათ და გოლიც ერთად აღუნიშნავთ, თუმცა ზურიკოს ტულაში იჯარის გამო, მეგობრებს ერთმანეთის პირისპირაც მოუხდათ თამაში.

2021 წელს გამართულ იმ მატჩი ორივემ სასტარტოდან დაიწყო, კვარამ კი გოლითაც გამოიჩინა თავი.

შესაბამისად, კვარა +1.

ზურიკო რუბინიდან იჯარით ვოლგოგრადის როტორშიც იყო, რომლის წინააღმდეგაც კვარამ 2 მატჩი გამართა. ამ 2 მატჩში როტორის მხრიდან ჯამში 7-მა ქართველმა ითამაშა, თუმცა მათგან დავითშვილი არცერთი ყოფილა.

შესაბამისად, ზუკას და კვარას ერთმანეთის პირისპირ სულ 2 მატჩი აქვთ, აქედან ორივეჯერ ორივე სასტარტოში იყო. კვარას ანგარიშზე ამ შეხვედრებში 1 გოლი და 1 გამარჯვებაა. შესაბამისად, უმცროს დავითაშვილს ბალანსის გამოსწორება ესაჭიროება.

ცხადია, ეს ურთულესი იქნება, თუმცა სენტ ეტიენი შინ თამაშობს, თანაც პსჟ ლიგა 1-ს სოლიდური ჰანდიკაპით ლიდერობს. შესაბამისად, სასტარტო მოტივაცია მწვანეებს რომ უფრო დიდი ჰქონდეთ, სულაც არ იქნება გასაკვირი. თუმცა რამდენად ეყოფა ეს დავითაშვილის გუნდს, ეგ საკამათოა.

ალმერია vs ლევანტე

შაბათ სათამაშო დღეს ქოჩორა დახურავს. ლა ლიგა 2-ის ლიდერი ლევანტე სტუმრად ალმერიასთან ითამაშებს.

გუნდებს 6 ადგილი და 9 ქულა აშორებთ ერთმანეთთან. ქოჩორას გარეშე ლევანტემ კასტელონს 3-2 მოუგო და სანტანდერის რასინგის წაფორხილების გამო ერთპიროვნულად გალიდერდა.

ცხრილის ზედა ნაწილში არსებული სიმჭიდროვე პროგნოზების გაკეთებას ართულებს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის გუნდს რეალური შანსი აქვს დაბრუნდეს ლა ლიგაში.

რაც შეეხება გიორგის, მას ჩინებული სანაკრებო მატჩები ჰქონდა. ორრაუნდიან დუელში სომხეთის წინააღმდეგ, ანგარიში სწორედ მან გახსნა.

გიორგისა და სპორტინგის პოტენციურ თანამშრომლობაზე კიდევ უფრო მეტი იწერება. ჩვენი ინფორმაციით, ლისაბონურ გუნდს შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს, თუმცა ქოჩორა ახლა მხოლოდ ლევანტესთან ერთად ლა ლიგა 2-ში წარმატებულ შედეგზე ფიქრობს. ამის მიუხედავად, უდიდესი შანსია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თანავე, კაპიტანი საქართველო პორტუგალიის დედაქალაქის ლომებში აღმოჩნდეს.

ვალენსია vs მალიორკა

ქართველი ლეგიონერებიდან უქმეებზე ბოლო გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. ვალენსიას ესპანური სეზონის მთავარი მოულოდნელობა მალიორკა ესტუმრება.

საქართველოს ნაკრებში მამარდა გახდა პირველი მეკარე, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა. ამას გარდა, გიორგიმ ნაკრებში კარი მშრალად მეცხედ შეინახა და ამ მაჩვენებლით, ეროვნულ გუნდში მის მწვრთნელს დავით გვარამაძეს გაუთანაბრდა.

ვალენსია ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მე-15 და მე-19 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. ამ დროისთვის, ღამურები 28 ქულით მე-16 პოზიციას იკავებენ. თუმცა დაქვეითების საფრთხე კვლავ რეალურია.

რაც შეეხება მალიორკას, ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მე-7 ადგილიდან 12 ქულაა, თუმცა მე-5-მე-6 ადგილებისთვის ბრძოლა იაგობა არასატეს გუნდისთვის მარტივად წარმოსადგენი სცენარია.

ამ ეტაპზე სულ ეს არის, შეგახსენებთ ყველა მატჩის ხილვას მაყურებელი ჩვენს პლატფორმაზე, setantasports.com-ზე შეძლებს. 30 %-იანი ფასდაკლების მისღებად კი შეგიძლიათ ჩვენი პრომოკოდები NEWS25 და YEAR25 გამოიყენოთ.