სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ ტრანსფერი რეალურია | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ – ინტერესი რეალურია, ტრანსფერის შესაძლებლობა კი მაღალი. თუმცა ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის.

იმის მიუხედავად, რომ ნაპოლიმ ქართველს კლუბის ზამთარშივე დატოვების ნება დართო, გადაწყვეტილი, ცხადია, ჯერ კიდევ არაფერია.

ხვიჩა კვარაცხელია ტრანსფერი – პსჟ

პირველი ჰორიზონტზე პსჟ გამოჩნდა. ქართველის სამსახურით ფრანგები ადრეც იყვნენ დაინტერესებულნი.

ზაფხულში გავრცელებული არაოფიციალური, თუმცა სანდო წყაროების ინფორმაციით, პსჟ ნაპოლის კვარა-ოსიმენის ტრანსფერში 210 მილიონ ევროს უხდიდა. თუმცა შეთავაზება მაშინ აურელიო დე ლაურენტისმა დაბლოკა.

მერე ოსიმენი ნაპოლიმ საერთოდ აღარ დაარეგისტრირა, რადგან მის წასვლას ელოდა. საბოლოოდ ნიგერიელი იჯარით გალათასარაიში მოხვდა, საიდანაც, უდიდესი ალბათობით, ნაპოლი ამ ზამთარსვე გაასხვისებს.

ისევ კვარას რომ მივუბრუნდეთ, პსჟ 80 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს ნაპოლის, თუმცა არსებობს რიგი საკითხები, მათ შორის, მთავარი ფინანსური ფეარ პლეის წესია.

ხვიჩა კვარაცხელია ტრანსფერი – ლივერპული

პსჟ წამყვანი პრეტენდენტია, თუმცა სეტანტასეტე ასევე მოხვდა ისეთ მსურველთა სიაში, როგორიცაა მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და ლივერპული.

ლივერპული განიხილავს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას, თუ გადაწყდება, რომ ქართველი ვინგერი ნაპოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში დატოვებს.

ნაპოლი არ ჩქარობს შეელიოს ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელს, რომელმაც კლუბის შემადგენლობაში 107 შეხვედრაში 30 გოლი და 29 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ლოგიკურია, რომ ასეთ ფეხბურთელს ნაპოლი მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეელევა.

სიტუაციის მიმართ მეტად ყურადღებითაა განწყობილი ლივერპული, მიუხედავად იმისა, რომ შეტევის მარცხენა ფრთაზე დეფიციტს არ განიცდის მერსისაიდული გრანდი.

ლუის დიასი, კოდი გაკპო, დიოგუ ჟოტა, დარვინ ნუნიესი – ფეხბურთელები, რომელთაც არცთუ ურიგოდ შეუძლიათ ლივერპულის მარცხენა ფლანგიდან საგოლე საფრთხის შექმნა.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი კი გამოიწვევს რომელიმე მათგანის გუნდიდან წასვლას.
ლივერპული არ არის დაინტერესებული ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციისა და პროფილის მქონე ფეხბურთელის შეძენით, მაგრამ თუ სატრანსფერო ბაზარი მისცემს კლუბს შესაძლებლობას, მზაობას გამოთქვამს ქართველი შემტევისთვის ბრძოლაში ჩასაბმელად.

ამ შესაძლებლობას კი დამატებით საინტერსოს ის ფაქტი ხდის, რომ 2025 წლის ზაფხულიდან ლივერპულს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.

მართალია, ლივერპულმა გასულ ზამთარში არ გააკეთა ტრანსფერი, მაგრამ წინა წლებში დაგვანახა, რომ კლუბს შეუძლია სწრაფი და ქმედითი ნაბიჯით უპასუხოს მიმზიდველ გარიგებას. მაგალითად, როგორც იყო ეს კოდი გაკპოსა და ლუის დიასის შემთხვევაში.

მაგრამ სიტუაციას ართულებს ის ასპექტი, რომ ლივერპულმა ზუსტად არ იცის რომელი დეპარტამენტების გაძლიერება დასჭირდება სეზონის ბოლოს, რადგანაც ბუნდოვანება შეინიშნება ვირჯილ ვან დაიკის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და მო სალაჰის კონტრაქტებთან დაკავშირებით.

ხვიჩა კვარაცხელია ტრანსფერი – მანჩესტერ იუნაიტედი

ჰორიზონტზე გამოჩნდა მანჩესტერ იუნაიტედიც. მართალია, ფაბრიციო რომანომ მოარული ხმა მალევე უარყო, თუმცა დევიდ ორნშტეინი და სხვები წერენ, რომ წითელი ეშმაკების ინტერესი რეალურია.

კვარა მანჩესტერს ადრეც სურდა, თუმცა ფაქტია, საქმე რეალურ შეთავაზებამდე არ მისულა.

ახლა კი გუნდიდან მარკუს რაშფორდის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. შესაბამისად, ცნობებმა, რომ იუნაიტედი ნაპოლის გაცვლას სთავაზობს მეტი დამაჯერებლობა შეიძინა.

ჰორიზონტზე არიან ჩელსი და ნიუკასლი. ამ უკანასკნელს კვარას სახელს დიდხანს მოარულ ხმად უკავშირებდნენ. თუმცა რეალური წინსვლა არც აქ ყოფილა.

იდენტური სიტუაციაა ჩელსისთან მიმართებაშიც. მართალია, მუდრიკის დოპინგ სკანდალის შემდეგ ჩელსის მარცხენა გარემარბი მოაკლდა, თუმცა გუნდში კვლავ დიდი კონკურენციაა.

შესაბამისად, ეს ფაქტორი ჩელსის კვარასთვის ბრძოლაში ერთ-ერთ აუტსაიდერად აქცევს.

პრემიერ ლიგური გუნდების ინტერესის მიუხედავად, გასული დღის განმავლობაში ფაბრიციო რომანოსგან შევიტყვეთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ახლოს პარიზში გადასვლასთან არის.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მცდელობამ ვერ გაამართლა, პარიზელები დაუბრუნდნენ ნაპოლისთან მოლაპარაკების მაგიდას.

ნაპოლისა და პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა უშუალო კონტაქტზე იმყოფებიან. პარიზელები არ იშურებენ ძალისხმევას ქართველის თავიანთ გუნდში დასამატებლად. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პსჟ მზადაა, დიდ თანხას რამდენიმე ფეხბურთელის ნაპოლიში გაშვებაც დაამატოს, მაგალითად, დაიწერა მილან შკრინიარის ტრანსფერში ჩართვაზე.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს და ახალი კონტრაქტისკენ ინერტულმა მოძრაობამ სხვა კლუბებისგან მისდამი დაინტერესება გააჩინა. ახლა კი ყველაფერი ნაპოლისა და აურელიო დე ლაურენტისზეა დამოკიდებული.