სარჩევი
ქართველები ბუნდესლიგაში - კახა ცხადაძიდან ბუდუ ზივზივაძემდე | Setanta Sports

ქართველები ბუნდესლიგაში – 1990-იანების მიწურულსა და 2000-იანებში ეს სიტყვები მართებული იყო. მიზეზი ქართული წარმომადგენლობაა, თუმცა აგერ უკვე 10 წელია ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს აღარ უთამაშია.

სხვა საქმეა აკაკი გოგიას შემთხვევაც, რომელიც საქართველოშია დაბადებული, თუმცა გერმანიის მოქალაქეა. ბოლოს ბუნდესლიგაში ქართველთაგან სწორედ მან ითამაშა.

ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ ფეხბურთელი იყო რეგისტრირებული თუმცა არ უთამაშია. ამ სტატიაში ყველა ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ.

მიზეზი კი ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმში ტრანსფერია.

კახა ცხადაძე

კახა ცხადაძე პირველი იყო, ვინც ქართველთაგან ბუნდესლიგაში ითამაშა. მართალია ზოგადად პირველი ქართველი ლეგიონერი ტოპ 5-ში გია გურული იყო, რომელმაც ლე ავრით ლიგა 1-ში ითამაშა, თუმცა მომდევნო ორი ლეგიონერი, თანაც მალევე, სწორედ ბუნდესლიგაში გვყავდა.

1993 წელს ოკუპანტი რუსეთიდან კახა ცხადაძე ფრანქფურტის აინტრახტში გადაბარგდა. არწივებში ცხადაძემ ბუნდესლიგაში 64 მატჩი გამართა და 1 გოლიც გაიტანა. კახამ 1992-1996 წლებში არასრული 4 სეზონის ჩატარება მოასწრო.

ის ბურთი, ჯეი ჯეი ოკოჩას საგოლე პასით, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შტუტგარტს გაუტანა, რომელშიც აიკე იმელი, თომას შტრუნცი, ჯოვანი ელბერი, ფრედი ბობიჩი, ანტე ჩოვიჩი, ფრანკო ფოდა და სხვა კარგი და მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

რევაზ არველაძე

რევაზ არველაძე ბუნდესლიგაში 1 სეზონი აქვს გატარებული. ძმებში უფროსმა არველაძემ კიოლნის მაისურით 1993-1994 სეზონში 7 მატჩში მიიღო სათამაშო დრო.

მწირი სათამაშო დროის მიუხედავად 1 გოლი მასაც აქვს. რეზიმაც კახა ცხადაძის მსგავსად შტუტგარტს გაუტანა.

იმ მატჩში ცხადაძის ქვე თავში ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა გვიდო ბუხვალდი და ფრიც ვალტერიც თამაშობდნენ.

მაშინ კიოლნს ცნობილი მორტენ ოლსენი წვრთნიდა. მოგვიანებით, Setanta Sports-ის საინფორმაცია კამპანიაში “ასოცირებული სპორტსმენები” რევაზ არველაძე იმ წინაღობებსა და სირთულეებს იხსენებდა, რაც ევროპაში მის ტრანსფერს თან ახლდა.

ალექსანდრე იაშვილი

ალექსანდრე იაშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში 1998 წლის აგვისტოში შედგა. იაშკა ბუნდესლიგა 2-სა და ბუნდესლიგაში ქართველთაგან ცალსახად გამოირჩევა.

ბუნდესლიგაში 198 ჩატარებულ შეხვედრაში იაშვილმა 32 გოლი გაიტანა და 34 ასისტი გაიფორმა.

ლიუბეკში დაწყებული გერმანული კარიერა ბუნდესლიგურ დონეზე იაშკამ ფრაიბურგსა და კარლსრუეში განაგრძო.

ჩატარებული მატჩებით, გატანილი გოლებითა და ასისტებით მას ქართველთაგან ბუნდესლიგა 2-ში საუკეთესო შედეგი ეკუთვნის. 32-გოლიანი მისი მაჩვენებელი კი უშუალოდ ბუნდესლიგაში თანასაუკეთესო შედეგია.

სხვათა შორის, იაშკამ მის სადებიუტო ბუნდესლიგურ შეხვედრაშიც შეძლო თავის გამოჩენა. მაშინ კლაუს ტოპმიოლერის ბოხუმს გაუტანა. მე-2 ტურში კი გოლით ლევერკუზენის ბაიერსაც დაამახსოვრა თავი.

1998 წელს დაწყებული ბუნდესლიგური მოგზაურობა 2009 წელს დასრულდა. მანამდე, შუალედსა და მას მერეც იყო ბუნდესლიგა 2, თუმცა ეს სტატია მხოლოდ გერმანული ფეხბურთის ელიტას ეხება.

კარლსრუეში ბუდუს ტრანსფერში მისი წვლილი საკმაოდ დიდი იყო. ასევე მისი ყოფილი გუნდელები იყვნენ მწვრთნელი კრისტიან აიხნერი და ასისტენტი ზლატან ბაირამოვიჩი.

ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის მოქმედი პრეზიდენტის დებიუტი ბუნდესლიგაში ასევე 1998 წელს შედგა, თუმცა იაშვილთან შედარებით, 1-თვიანი დაგვიანებით.

ფოლკერ ფინკემ კობიაშვილი პირველად ბუნდესლიგაში პირდაპირ მიუნხენის ბაიერნთან დააყენა. ოტმარ ჰიცბელდის გუნდში ალბათ მეკარე დრერერის გარდა, სხვადასხვა დროს, ყველა ვარსკვლავის სტატუსს ატარებდა.

ეს იყო ბუნდესლიგაში ჩვენთვის უნიკალური მატჩი, რომელიც 1998 წლის 15 სექტემბერს გაიმართა. იმ შეხვედრაში მინდორზე 2 ქართველი იდგა. ის მატჩი ჩემპიონთა ლიგის მომავალმა ფინალისტმა 2-0 მოიგო. გოლები ელბერმა და შტრუნცმა გაიტანეს.

რაც შეეხება კობიაშვილის ბუნდესლიგურ მონაგარს – ყველაზე მეტი მატჩი მის ანგარიშზეა. ლევანმა ფრაიბურგის, შალკესა და ჰერტას მაისურით 351 შეხვედრა ჩაატარა.

კობიაშვილმა ამ დროის მანძილზე 32 გოლი და 33 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერთით ნაკლები საგოლე მოქმედება ალექსანდრე იაშვილთან შედარებით.

1998 წელს დაწყებული ბუნდესლიგური კარიერია ლევან კობიაშვილისთვის 2014 წელს დასრულდა.

ის იყო საქართველოს წარმომადგენელი ბოლო ფეხბურთელი ვისაც, ბუნდესლიგაში უთამაშია, თუმცა ცხადია, ეს მიმართება 11 იანვრიდან უნდა შეიცვალოს, მას შემდეგ რაც ბუდუ ჰაიდენჰაიმის მაისურს ბუნდესმატჩში მოირგებს.

ლევან ცქიტიშვილი

თბილისში, წვიმაში, დინამო არენაზე, თმაშევერცხლილმა კაცმა იტალიელები რომ ათრია, გახსოვთ? ცხადია, თქვენს უმეტესობას ახსოვს.

ეგ წლების შემდეგ იყო, მანამდე კი როდესაც ცქიტიშვილის დებიუტი შედგა ბუნდესლიგაში, 1999 წლის 20 თებერვალი იდგა. დებიუტს გუნდში მისვლიდან 6 თვე დასჭირდა.

მისი გამოჩენით ფრაიბურგი კიდევ უფრო ქართული გუნდი გახდა და ტობიას ვილის [ტობიაშვილის] სახელ-გვარის ჟღერადობით მესამე ქართველის გუნდში თამაშით მოწადინებულ ქომაგებს სურვილი აუსრულდათ.

სამწუხაროდ მინდორზე სამივეს ერთად ყოფნა 2000 წლის 20 მაისამდე გადაიდო. ეს ვოლფსბურგთან მატჩში მოხდა. მიზეზი ტრავმები იყო. მანამდე კი პირველად სამნი განაცხადში 1999 წლის 17 სექტემბერს როსტოკის ჰანზასთან მოხვდნენ, თუმცა იქ ცქიტიშვილი თადარიგში დარჩა.

ბუნდესლიგაში ცქიტამ 127 მატჩი ჩაატარა ფრაიბურგისა და ვოლფსბურგის მაისურით 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

არჩილ არველაძე

არჩილ არველაძე უფროსი ძმის გზას გაჰყვა და კიოლნში ითამაშა. ბილის თხების გუნდში აჩი ნიდერლანდური ბრედადან გადავიდა.

კიოლნში მის ანგარიშზე 29 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო.

დებიუტი 2000 წლის 13 აგვისტოს, შალკეს წინააღმდეგ შედგა. მალევე ფრაიბურგთან მატჩიც შედგა. იმ მატჩში 4-დან 3-მა ქართველმა ძირითადიდან დაიწყო. მინდორზე ლევან კობიაშვილის გამოსვლის შემდეგ კი 10 წუთით მინდორზე ერთბაშად 4-მა ქართველმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი.

აჩიმ პირველი გოლი 30 სექტემბერს ჰერტას გაუტანა, დანარჩენი 6 კი – მეორე წრეში შეყარა. ცხადია, უკვე მიღებულმა ტრავმამ და ქირურგიულმა ჩარევამ მის როგორც ბუნდესლიგურ, ისე მთლიან, კარიერას დაღი დაასვა.

ოთარ ხიზანეიშვილი

ოთარ ხიზანეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში 2005 წლის ზამთარში შედგა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ფრაიბურგში ოკუპანტების დედაქალაქიდან გადავიდა.

ხიზანეიშვილმა ბუნდესლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ, ფრაიბურგი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, სადაც ოთარს ბევრად მეტი მატჩი აქვს გამართული.

ბრაიზგაუს ბრაზილიელთა გუნდის დატოვების შემდეგ კი ის ისევ ბუნდესლიგა 2-ის გუნდ აუგსბურგში გადაბარგდა.

ამ დროისთვის კობიაშვილი უკვე შალკეში იყო გადასული, ხიზანეიშვილის მისვლით კი შავი ტყის გუნდში ისევ ქართული ტრიო შეიქმნა.

ლევან ყენია

ქართულ ფეხბურთში ალბათ, გრძნობებს შორის ყველას სინანული სჭარბობს. ნებისმიერ თაობაში მრავლად შეიძლება ისეთი ქართველი ფეხბურთელების ჩამოთვლა, რომელთა პერსპექტივა და ნიჭი ბევრად მეტს გვპირდებოდა, რეალურად კი მათმა კარიერამ იმედი ვერ გაამართლა.

ლევან ყენია იმ მცირე გამონაკლისთა შორისაა, ვისაც ამ იმედგაცრუებაში წვლილი თავად არ მიუძღვის.

ლევანი ბევრ საკითხში ‘თამაშის წესების შემცვლელი’ იყო. ლოკომოტივში გამოჩენის თანავე, ჯერ ხო მაყურებლის დასწრების რაოდენობა გაზარდა, შემდეგ კი რესურსულად მწვავე პერიოდში გულშემატკივარს იმედი გაუჩინა, რომ ნაკრებს ელიტური კლასის შემტევი ნახევარმცველი ეყოლებოდა.

ყველაფერი აქეთ მიდიოდა, თუმცა რკინის ფელიქს მაგათის დაუდევრობამ და სიჩქარემ ლევანს ტრავმა გაუმეორა, და როგორც მოგვიანებით გაირკვა, კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელების საშუალება დაუკარგა.

ყენია შალკეში ლოკომოტივიდან 2008 წლის იანვარში გადავიდა. ჯერ 19-წლამდელებში შემდეგ კი მეორე გუნდში ყენიამ ადაპტაცია წარმატებით გაიარა.

მომდევნო 2008-2009 წლების სეზონში კი მისი დებიუტი უკვე ბუნდესლიგაშიც შედგა. მიხაელ ბიუსკენს ის რამდენიმე წუთით კარლსრუესთან ათამაშა. მაშინ ქართველმა ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.

მომდევნო სეზონში ლევანი უკვე აქტიურად მოიაზრებოდა ძირითადის და უახლოესი როტაციის ფეხბურთელად.

ჩემპიონატის სტარტზე 10 მატჩში 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ სულ ეს იყო მისი ბუნდესლიგური კარიერა. მიზეზი კი კოჭის ტრავმა გახდა.

რამდენიმეწლიანი უქმობის შემდეგ იყო ლვივის კარპატი, მერე დუსელდორფის ფორტუნა მეორე ბუნდესლიგაში. იყო ალაგ-ალაგ შექმნილი ჰაილაითები, თუმცა ლევანმა ის დონე ვეღარ დაიბრუნა.

საბოლოოდ მისი ბუნდესლიგური მონაგარი 11 მატჩში 2 საგოლე გადაცემა იყო. ის ერთადერთი გოლი კი გელზენკირხენული გუნდის მაისურით ლევანს თასზე, ვინდეკთან აქვს გატანილი.

დავით თარგამაძე

დავით თარგამაძე ფრაიბურგს 2008 წლის ზაფხულში შეუერთდა. სწრაფმა გარემარბმა ბუნდესლიგაში მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო, 8-ის კი – ბუნდესლიგა 2-ში.

ბრაიზგაუელთა რიგები თარგამაძემ 2010 წეელს დატოვა და კარიერა უკრაინაში გააგრძელა. წლების შემდეგ კი კარიერა საქართველოში დაასრულა.

აკაკი გოგია

აკაკი საქართველოში, რუსთავში დაბადებული და გერმანიაში გაზრდილი ქართველი ფეხბურთელია.

ის ვოლფსბურგის აკადემიის აღზრდილია. გოგიას გერმანიის მოქალაქეოება ჰქონდა. წლების განმავლობაში მის მიმართ არსებობდა ინტერესი, რომ საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, თუმცა აკაკის გადაწყვეტილება სხვაგვარი იყო.

პირველად ის ბუნდესლიგის განაცხადში 2011-2012 წლების სეზონში ვოლფსბურგის შემადგენლობაში მოხვდა, თანაც ბაიერნთან, თუმცა ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა მგლების მაისურით არ მიუღია. მაშინ ვოლფსბურგს სტივ მაკლარენის წვრთნიდა, გოგიას პოზიციაზე კი მარიო მანჯუკიჩი თამაშობდა, ხორვატს გვერდს დიეგო უმაგრებდა, ბიჭებს კი წინ გრაფიტე ეხსნებოდა. დიდი კონკურენცია იყო.

საბოლოოდ მისი დებიუტი ბუნდესლიგაში, 1 წლის შემდეგ, უკვე აუგსბურგის ფეხბურთელის რანგში შედგა. 12 მატჩში აკაკიმ 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ფრაიბურგის წინააღმდეგ.

წლების შემდეგ მან ბუნდესლიგა უნიონ ბერლინითაც ითამაშა. სადაც 10 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა. კიოპენიკელებთან ერთად პირველ სეზონში მან ტრავმა მიიღო და მხოლოდ 3 მატჩი გამართა. მომდევნო სეზონში ურს ფიშერი უფრო მეტად ენდობოდა, თუმცა მატჩების დიდი რაოდენობა არ აქ დაუგროვდა, მხოლოდ – 7.

გოგია მერე ციურიხში წავიდა, იქიდან კვლავ გერმანიას დაუბრუნდა. ფეხბურთს კვლავ თამაშობს, თუმცა ობერლიგა სუდის ფრაიტალში.

ზაზა ზამთარაძე

ზაზა ზამთარაძე დღესდღეობით სფფ-ის ტექნიკური დირექტორია. ზაზა ფრაიბურგში 2001-2003 წლებში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში თამაში არასდროს მოუწია.

სამაგიეროდ, ობერლიგაში ფრაიბურგის მე-2 გუნდში 50-მდე მატჩი აქვს ჩატარებული. ასევე თასზე შალკეს წინააღმდეგ 1 მატჩი.

გიორგი კიკნაძე

გიორგი კიკნაძეც ფრაიბურგის ფეხბურთელი იყო, თუმცა პირველ გუნდში არც მას უთამაშია.

ისიც ზაზა ზამთარაძის მსგავსად ბრაიზგაუელთა რიგებში 2001-2003 წლებში ირიცხებოდა.

გიორგი კიკნაძე ლევან ყენიას ბიძაა. კარიერის განმავლობაში კიკნაძე დინამო თბილისში, ქუთაისის ტორპედოში, ცხინვალის სპარტაკში, ლოკომოტივსა და სამსუნსპორში უთამაშია.

ლუკას ჰუფნაგელი

ლუკას ჰუგნაგელი ნატურალიზებული ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2015 და 2017 წელს 2 მატჩში აქვს წუთები მიღებული. პირველად ესტონეთთან, მეორედ კი – სერბეთთან.

ჰუფნაგელს გერმანელი მამა და ქართველი დედა ჰყავს. ის მიუნხენის ბაიერნის აკადემიის პროდუქტი იყო. სამწუხაროდ მისი კარიერა პროფესიონალურ დონეზე, სამწუხაროდ რეგრესით წავიდა.

ინგლოშტადტი, უნტერჰახინგი, ნიურნბერგი და ბოლოს დონაუსტაუფი – ლუკასმა კარიერა 2023 წელს საბოლოოდ დაასრულა.

2015-2017 წლებში კი ფრაიბურგის საკუთრებაში იყო თუმცა ოფიციალური მატჩი არც მას უთამაშია.

ქართველები ბუნდესლიგაში

ფეხბურთელიკლუბიდებიუტიმატჩები
კახაბერ ცხადაძეფრანკფურტის აინტრახტი20 თებერვალი, 199364
რევაზ არველაძეკიოლნი16 თებერვალი, 19947
ალექსანდრე იაშვილიფრაიბურგი/კარლსრუე15 აგვისტო, 1998198
ლევან კობიაშვილიფრაიბურგი/შალკე/ჰერტა12 სექტემბერი, 1998351
ლევან ცქიტიშვილიფრაიბურგი/ვოლფსბურგი20 თებერვალი, 1999127
არჩილ არველაძეკიოლნი13 აგვისტო, 200029
ოთარ ხიზანეიშვილიფრაიბურგი22 იანვარი, 20058
ლევან ყენიაშალკე 0411 აპრილი, 200911
დავით თარგამაძეფრაიბურგი12 სექტემბერი, 20092
აკაკი გოგიააუგსბურგი/უნიონ ბერლინი6 აგვისტო 201122
ზაზა ზამთარაძეფრაიბურგი0
გიორგი კიკნაძეფრაიბურგი0
ლუკას ჰუფნაგელიფრაიბურგი0

ქართველები ბუნდესლიგა 2-ში

ფეხბურთელიკლუბიდებიუტიმატჩები
ალექსანდრე იაშვილი4 კლუბი23 თებერვალი, 1997241
მათე ღვინიანიძემიუნხენ 186013 აგვისტო, 200687
ლევან კობიაშვილი2 კლუბი15 თებერვალი, 199886
დავით სირაძე4 კლუბი9 თებერვალი, 200472
ბუდუ ზივზივაძეკარლსრუე5 მარტი, 202357
ხვიჩა შუბითიძეერცგებირგე აუე3 აგვისტო, 200346
ლუკას ჰუფნაგელი2 კლუბი15 აგვისტო, 201535
ლევან ცქიტიშვილი2 კლუბი11 აგვისტო, 200233
ოთარ ხიზანეიშვილი2 კლუბი28 იანვარი, 200630
ნიკოლოზ გელაშვილიბოხუმი5 თებერვალი, 201225
გიორგი ჭანტურიადუისბურგი5 ოქტომბერი, 201522
ილია კანდელაკიკარლ ცაის იენა10 აგვისტო, 200720
მურთაზ შელიაზაარბრიუკენი14 ნოემბერი, 199318
გურამ გიორგობელიძედინამო დრეზდენი3 ოქტომბერი, 202118
გიორგი ლომაიაკარლ ცაის იენა4 თებერვალი, 200715
გიორგი ონიანიკარლ ცაის იენა23 სექტემბერი, 200713
გიორგი დეკანოსიძეგროიტერ ფიურტი15 აპრილი, 200113
გიორგი ლორიამაგდებურგი29 იანვარი, 201911
ლევან ყენიაფორტუნა დიუსელდორფი28 ივლისი, 201311
გიორგი ქინქლაძეზაარბრიუკენი4 მარტი, 199411
მიხეილ აშვეთიაკარლ ცაის იენა4 თებერვალი, 200710
გიორგი ჩაკვეტაძეჰამბურგი6 თებერვალი, 202210
კახაბერ ცხადაძეფრანკფურტის აინტრახტი4 აგვისტო, 19969
მიხეილ საჯაიაროიტლინგენი19 აგვისტო, 20009
დავით თარგამაძეფრაიბურგი28 სექტემბერი, 20086
რევაზ არველაძეროტ ვაის ობერჰაუზენი26 სექტემბერი, 19992
გიორგი სეთურიძეკარლ ცაის იენა13 აპრილი, 20081
ლაშა დვალიდუისბურგი23 სექტემბერი, 20151

ქართველები გერმანიის მე-3 ლიგაში

ფეხბურთელიკლუბიდებიუტიმატჩები
ლუკას ჰუფნაგელიუნტერჰახინგი6 აპრილი, 2013134
გიორგი პაპუნაშვილივერდერ ბრემენი II1 აგვისტო, 201520
შალვა ოგბაიძევიქტორია 1889 ბერლინი25 ივლისი, 202116