სარჩევი
U19 ესტონეთი vs საქართველო, U21 ხორვატია vs საქართველო, ჩეხეთი vs საქართველო | Setanta Sports

იშვიათად თუ ხდება, რომ ასაკობრივი და პირველი ნაკრებების რამდენიმე მატჩი ერთმანეთს დაემთხვეს, თანაც ასეთი მნიშვნელობის. დღეს სწორედ ასეთი საღამოა.

სამივე ნაკრები მიზანთან ერთ ნაბიჯშია. U19-ისა და ეროვნული ნაკრებისთვის ეს მიზანი შუალედურია, ხოლო U21 პირდაპირ ევროპის ჩემპიონატს უმიზნებს.

ამ სტატიაში მოკლედ გავიაროთ ვის რა სჭირდება და სად რა მოცემულობაა.

ჩეხეთი vs საქართველო

ჩვენი პრევიუ ჩეხეთი vs საქართველო მატჩის შესახებ შეგხვდებოდათ. თუ ასე არ მოხდა, და არც ახლა გადასულხართ პრევიუს ბმულზე, მაშინ მოკლედ გეტყვით, რომ ოლომოუცში გამარჯვება გვჭირდება.

ეს გამარჯვება უდიდესი ალბათობით პირველ ადგილს მოგვიტანს ერთა ლიგის B ლიგის ჯგუფში. თავის მხრივ ეს რამდენიმე რამეს გულისხმობს:

A ლიგაში ავტომატური დაწინაურება

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციის პლეი ოფის შანსების გაზრდა

EURO 2028-ისთვის ერთა ლიგიდან ბრძოლის შანსების შენარჩუნება

მთავარი მიზანი და ყველაზე ღირებული ჩამოთვლილიდან ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის პლეი ოფის გაზრდილი შანსია.

ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ორ საუკეთესო გუნდში თუ ვერ მოვხვდით, მაგრამ ეგ ადგილები ერთა ლიგაში ჩვენზე წინ მყოფმა ნაკრებებმა ავტომატურად შეავსეს, მაშინ მათ უკვე ერთა ლიგიდან შევუერთდებით.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 23:45 წუთიდან შემოგთავაზებთ.

მატჩამდე, მატჩის დროსა და მატჩის შემდეგ კომენტარებსა და ვიდეოებს შეგიძლიათ Setanta Sports-ის გვერდებზე, სოციალურ ქსელებში გაეცნოთ.

ოლომოუციდან ნიკა მექვაბიშვილი იმუშავებს.

U21 ხორვატია vs საქართველო

ამ მატჩში მინიმუმ ფრე ნიშნავს, რომ საქართველო U21 ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს განგრძობითობა კი ზღაპრული სიგნალი იქნება.

ერთი რომ წინა ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდი პლეი ოფში ისრაელამდე შემთხვევით არ მისულა და მეორე, რომ საქართველოში აკადემიები მუშაობს, და ფეხბურთელები, წარმატებულად, თანაც სისტემურად იქმებიან.

ჯაჭვურ რეაქციაში ევრო U21 2025 ძალიან გვჭირდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველი შეხვედრა 1-0 მოვიგეთ. აზაროვის გადაკიდებულზე და გიზი მამაგეიშვილის ბოლომდე მიყოლილზე ხორვატებს მეკარე გაუგდეს.

რიცხვობრივი უპირატესობა, სამწუხაროდ, კიდევ ერთ გატანილ გოლში ვერ გადავთარგმნეთ, თუმცა 1-0-იც საქმეა, თანაც ისეთი დისციპლინირებული გუნდისთვის, როგორიც სვანას U21-ია.

გუნდს დისკვალიფიკაციის მერე ხვადაგიანი და ლომინაძე დაუბრუნდნენ, ასევე მწყობრშია აზაროვიც, რომელიც კუნთის სპაზმის გამო მატჩის ბოლოს შესაცვლელი გახდა, თუმცა არაფერი სერიოზული.

შემართება ადგილზეა, U21 ხორვატია vs საქართველო თბილისის დროით 22:00 საათიდან დაიწყება.

U19 ესტონეთი vs საქართველო

ელიტ რაუნდს უმიზნებს საქართველოს U19 ნაკრები. მეტოქე ესტონეთია. ისე მოხდა, რომ მოლოდინის საპირისპიროდ, 6-ქულიანი შეხვედრა უმცროს ჯვარონებს სწორედ ბალტიისპირელებთან უწევთ.

ამის მიზეზი მასპინძელი შვედეთის იმედგაცრუებაა, რომელმაც ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდთანაც წააგო და ესტონეთთანაც.

მეორე ტურში ნორვეგიასთან დაქამბექების მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც წავაგეთ. ამის მიუხედავად ესტონეთს ბურთების ბალანსით ვჯობნით. შესაბამისად, მე-2 ადგილის დასაკავებლად U19-ს დღეს ფრეც აძლევს ხელს.

ელიტ რაუნდში გავა საუკეთესო მე-3 ადგილოსანიც.

ელიტ რაუნდში უკეთესი წილისყრისთვის ჯგუფიდან 1-ლი ადგილით გასვლა გვერჩივნა, თუმცა არც მე-2 ადგილი იქნება ურიგო.

U19 ესტონეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.