სარჩევი
გახურდი 2024-25 დათო ხარაბაძე | Setanta Sports
2024 აგვ 28, 02:02 შ-მდე
8 წუთის საკითხავი

2024-25 სეზონი დაიწყო, თუმცა ჯერ მის გახურებამდე შორია. შესაბამისად, ფეხბურთელებთან ერთად ფორმა ჩვენც უნდა ავკრიფოთ და ტონუსში შევიდეთ. ამისთვის კი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა. 

როგორ ხურდება Setanta Sports 2024-25 სეზონისთვის უკვე გიამბეთ. ახლა კი ქართულ სპორტში ჩართულ სხვადასხვა პროფესიონალს მივაკითხეთ, რათა მათი სეზონისწინა რუტინისა და მზადების შესახებ გაგვეგო.

გახურდი 2024-25 – დათო ხარაბაძე

Საქართველოს ნაკრებისა და დინამო თბილისის ექიმმა ბოლო წლებში, თავი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო. უშუალობითა და გუნდების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობით, მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი შეხედვით ნაკლებად საინტერესო, კლუბის ექიმის როლი, დათო ხარაბაძემ საზოგადოებას გამორჩეულად კარგად წარუდგინა. 

ცხადია, ჩვენს კამპანიაში “დოქტორას” ჩართვის იდეამ, ჩვენს გუნდში, იმ თავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა. Მასთან საუბარი სეზონისწინა მოთელვით დავიწყეთ. 

გმადლობთ, რომ თქვენი რესპოდენტი ვარ და ჩამრთეთ ამ კამპანიაში. ვფიქრობ, თემა აქტუალურთან ერთად მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ მარტო ფეხბურთელებს არ სჭირდებათ წინასასეზონო მომზადება. ეს სჭირდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ამა თუ იმ კლუბს თუ ნაკრებს. ეს არის სამწვრთნელო თუ სამედიცინო შტაბი, ადმინისტრაცია თუ გულშემატკივარი თავისთავად.

მე ამ შემთხვევაში ცოტა ორად ვარ გაყოფილი. მიწევს მოვემზადო როგორც გულშემატკივარს და როგორც გუნდისა და ნაკრების ექიმს. აქვე მინდა აღვნიშნო რომ საქართველოში ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ტარდება, ჩვენ ახლა ჩემპიონატის მეორე ეტაპს ვიწყებთ რადგან უშუალოდ ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს, მარტში იწყება და მთავრდება დეკემბერში. ახლა სეზონის მეორე ნაწილს ვიწყებთ, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპი დიდი პაუზის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა.

დათო ხარაბაძეს სხვადასხვა ეთერსა თუ პირად საუბარში არაერთხელ მოუყოლია, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა კლუბში შექმნილი კომიკური ეპიზოდები. მაგალითად, როგორ თხოვდა ექიმს, ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელი გასაუბრებას თამაშისას ტექნიკურ ზონაში და მხოლოდ ამის შემდეგ უწერდა დადებით შეფასებას. საინტერესოა, როგორია რეალურად მისი ფუნქციონალი.

ჩემთვის როგორც ექიმისთვის როგორი თამაშიც არ უნდა იყოს, მეტად თუ ნაკლებად მნიშვენლოვანი, ყველაზე დიდ ყურადღებას ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ვამახვილებ. შესაბამისად, მოსამზადებელ ეტაპზე პირველი რასაც ვაკეთებთ არის სამედიცინო შემოწმება.

მოგეხსენებათ, რომ უეფას სტანდარტის მიხედვით წელიწადში 2-ჯერ პროფესიონალ ფეხბურთელებს აუცილელებელია სრული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ. რაც მოიცავს პირველ რიგში გულსისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგს, დატვირთვაზე როგორ მუშაობს და რეაგირებს, მოიცავს ასევე ანთროპომეტრიას, შინაგანი ორგანოების კვლევას, სხვადასხვა ანალიზებს, ყველა ორგანოს გამოკვლევას და აღნიშნულის შემდეგ დგება სპეციალური პროტოკოლი, სადაც იწერება, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი არის ჯანმრთელი და ფიზიკურ დატვირთვას უარყოფითი გავლენა არ ექნება მის ორგანიზმზე.

სწორედ ამის შემდეგ დაიშვება ფეხბურთელი ამა თუ იმ ჩემპიონატის თამაშებზე და ვარჯიშზე. ასე რომ ჩემთვის ნომერ პირველი როგორც ექიმისთვის არის, რომ ყველა ფერხბურთელს, ვინც კლუბსა თუ ნაკრებში ირიცხება, აუცილელად გავლილი ჰქონდეს სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება. 

ერთხელ, მახსოვს, ერთ-ერთი ქართველი ლეგიონერის კლუბმა ნაკრებში მოიკითხა, თუ როგორ საწოლზე ეძინა შეკრებაზე ყოფნის დროს მათ ფეხბურთელს. ამდენად, მაშინ როდესაც კლუბები ნაკრებში მივლენილ ფეხბურთელებს ამ დონეზე აკვირდებია, როგორია ნაკრების ექიმის მიდგომა კლუბებში გაშვებულ ფეხბურთელებთან მიმართებაში.

ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაზე ვართ ყველა იმ ფეხბურთელთან, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მოიაზრება. პერიოდულად, რა თქმა უნდა, გვაქვს კონტაქტი და ვამოწმებთ ამა თუ იმ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ტრავმირებულია, ყველა წინასწარ არის გაფრთხილებული. რომ უნდა დამეკონტაქტოს და მაცნობოს – რა სახის დაზიანება აქვს.

ამის შემდეგ ვითხოვთ რა გამოკვლევები ჩაუტარდა კლუბში, ვეკონტაქტები მის კლუბის ექიმს, გვაქვს მიმოწერა და სატელეფონო საუბარი. კლუბის ექიმი მიგზავნის ყველა იმ კვლევას, რომელიც ფეხბურთელს ჩაუტარდა, როგორია დიაგნოზი, როგორია გამოსავალი, როგორია მკურნალობის ტაქტიკა, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს რეაბილიტაციის პროცესი.

ამის შემდეგ მკურნალი და წამყვანი თავისთავად კლუბის ექიმია, მაგრამ აქედან მეც მუდმივ კავშირზე ვარ და მუდმივ მონიტორინგს ვუწევ თბილისიდან. ამის შემდეგ ვადგენთ რამდენი ხანი დასჭირდება ფეხბურთელს იმისთვის რომ სრულყოფილად დაიწყოს ვარჯიში და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეცნობება ნაკრების მთავარ მწვრთნელს და შტაბს. შემდეგ ერთობლივად მიიღება გადაწყვეტილება გამოიძახონ თუ არა ნაკრებში თუ ფეხბურთელს ტრავმა აღენიშნება. ყველა ფეხბურთელის მუშაობას ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს და განსაკუთრებით მათ ჯანმრთელობას.

დატვირთული სეზონიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამდენად ახერხებს “დოქტორა” გულშემატკივრის რანგში ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანასა და სტადიონს ესტუმროს.

საინტერესოა დავითის პრეფერენციებიც და ის თუ რომელი ლიგის გახურებას ელის ყველაზე მეტად.

ვგეგმავ და დიდი სიამოვნებით წავიდოდი. უბრალოდ, გააჩნია – როდის და რა მომენტში. მოგეხსენებათ, რომ დინამოს ექიმი ვარ და აქაც ძალიან ძალიან ბევრი საქმეა სამედიცინო კუთხით. თორემ, ისე თავისთავად დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი ნებიესმიერი ქართველი ფეხბურთელის თამაშს თავის კლუბში 

რაც შეეხება ჩემს ფავორიტ კლუბს, რა თქმა უნდა, დინამო თბილისის შემდეგ, პირველ რიგში, ქართულ კლუბებს ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ევრო სარბიელზე.

თუ ფანობაზე მიდგა საქმე, უკვე მრავალი წელია მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ. შესაბამისად, გულის ფანცქალით ველოდები ლა ლიგის დაწყებას და, რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს როგორ ფორმაში იქნება, რას იზამს და ამჯერად რა წარმატებას მიაღწევს სამეფო კლუბი.

ისე გაგვანებივრა ამ გუნდმა წარმატებებით და მოგებებით, ფაქტობრივად, ყოველ წელს პროგრამა მინიმუმი ყველაფრის მოგებაა. განსაკუთრებით როცა კილიან მბაპე დაიმატეს, ძალიან საინტერესოა, როგორ შეეწყობა გუნდს და საერთოდ რა სახით და როგორი ტაქტიკით წარგვიდგება მადრიდის რეალი, რა იქნება ამ კლუბის შედეგები წლევანდელ ჩემპიონატში და წლევანდელ ლიგაზე.

და ქართველები ევროპის TOP და გამორჩეულ ლიგებში?

ამ სეზონში ევრო კლუბების თვალსაზრისით ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს. ვთვლი, რომ ყველა ჩემპიონატი ძალიან დაძაბული უნდა იყოს, დაწყებული პრემიერ ლიგიდან, ბუნდესლიგა, სერია A, ლა ლიგა, ლიგა 1 და სხვა.

გაასმაგებული ყურადღებით ვარ, რადგან ძალიან ბევრ გუნდში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები. ძალიან საინტერესოა, რადგან ნაპოლი გაძლიერდა სერია A-ში, სადაც ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელი და საამაყო ბიჭი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.

ძალიან კარგი სეზონი დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძემ და იმედი მაქვს, რომ მისი გუნდი უკვე იბრძოლებს პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელად.

ბუნდესლიგა 2-ში ბუდუ ზივზივაძეა და ვიმედოვნებ მისი კარლსრუეც იბრძოლებს, რომ ბუნდესლიგაში გადავიდეს. ლა ლიგაში მოგეხსენებათ, კიდევ ერთი სეზონით რომ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. შემდეგ კი ლივერპული იქნება და ეს უდიდესი მიღწევაა.

იქვე გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი იბრძოლებს ლა ლიგაში გადმოსასვლელად. მიქაუტაძე ლიონში გადავიდა, ზურიკო სენტ ეტიენში და მოკლედ, ძალიან საინტერესო და დაძაბულ ჩემპიონატებს ველოდებით და მჯერა, ჩვენი ბიჭები იმედებს გაამართლებენ.

რთული შესამჩნევი არ იყო გერმანიაში, რომ ნაკრების სტაფის თითოეული წევრი ფეხბურთელების მზადების პროცესში ჩართული იყო. ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატი ნაკრებისთვისაც უნიკალური გამოცდილება იყო.

ნამდვილად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაიწერა ბრწყინვალე ფურცელი. მას შემდეგ, რაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ჯერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ არავინ რომ არ ელოდებოდა, ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ, მერვედფინაში ვითამაშეთ და დავმარცხდით იმ გუნდთან, რომელიც ჩემპიონი გახდა, თან ისე რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია გრანდებთანაც კი, ინგლისთან, საფრანგეთთან, იტალისთან და ა.შ.

ახლა ჩვენ უკვე სექტემბერი გვიახლოვდება – ახალი შესარჩევი იწყება. ჩვენმა გუნდმა და ბიჭებმა თამასა იმდენად ასწიეს, რომ გულშემატკივრები მხოლოდ მოგებას ელოდებიან ნებისმიერ მეტოქესთან.

წნეხი ამ კუთხით ფეხბურთელებზე ძალიან დიდი იქნება, თუმცა ახლა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ხელს გვიშლიდა. იმედი მაქვს, რომ ამასაც ძალიან მარტივად გადალახავენ ჩვენი ბიჭები და წინ ძალიან ბევრი გამარჯვებები გველოდება სექტემბერშიც, ოქტომბერშიც, ნოემბერშიც და იმედი მაქვს მსოფლიო ჩემპიონატზეც ვითამაშებთ, რაც კიდევ ერთი უდიდესი ფურცელი იქნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 

გიორგი ჩანგელიასთან ერთად დავით ხარაბაძემ ევროპის ჩემპიონატზე დაშავებული ფეხბურთელისთვის დახმარების გაწევის საშუალო დროებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. თან ამბობდა, ხაზს უსვამდა, რომ მესამე საუკეთესო შედეგი, არც თუ მცირე წონის ფონზე დააფიქსირა.

პირადად მეც ბევრი მომცა. აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა, ძალიან ფორსმაჟორული სიტუაციაა – ძალიან მოკლე დროში, უნდა მოახერხო ყველაფერ იმის გაკეთება, რასაც ადრე სანაკრებო პაუზის დროს, თუ კლუბში აკეთედი. ეს აბსოლუტურად სხვა „ლეველია“, სხვა სამყაროა.

როცა იქ ვიყავი და ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, თურმე მეგონა თამაში მქონდა ნანახი, ყველანაირი ატმოსფერო მქონდა გამოცდილი, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ეს სულ სხვა სამყაროა, უდიდესი გამოცდილება მივიღე, თუნდაც ის რად ღირს, რომ ყველა წამყვანი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ექიმი ფაქტობრივად გავიცანი. ძალიან ახლო კონტაქტები დავამყარეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება, ასევე გარკვეული ქეისები.

ჩვენ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გვქონდა ერთი შეხვედრა დიუსელდორფში, სადაც ჩატარდა შეხვედრა, რომელიც უეფას სამედიცინო შტაბმა გამართა. გვამცნო მთელი რიგი წესები, პროტოკოლები, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა გვევალება როგორც ექიმებს, როგორ უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი და ა.შ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ანალოგიური შემიძლია ვთქვა შემდეგ თანამშრომლობაზეც.

პირადად უეფას სამედიცინო სამსახურის უფროსისგანაც ძალიან დადებითი შეფასებები დავიმსახურეთ. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ყველა მეუბნებოდა, თქვენმა ნაკრებმა ჩემპიონატი გაგვილამაზაო. ეს იყო მთავარი შეფასება. დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო რომ უფრო მეტი რესურსი ჩავდოთ ფეხბურთელების ჯანმრთელობაში, რომელიც მათ მონდომებასთან ერთად დიდ შედეგებს მოგვიტანს.

შევეცდები, რომ მიღებული გამოცდილება გადმოვიტანო როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში და ეს ძალიან წაადგება თითოეულ იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენს კლუბში და ნაკრებში იქნება გამოძახებული.

საუბარი ჩვენს პლატფორმასა და სხვადასხვა პროდუქტზე საუბრით დავასრულეთ. კითხვაზე, ხშირად იყენებს თუ არა “დოქტორა” Setanta Sports-ის პლატფორმას, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშების ნახვაა შესაძლებელი, დადებითი პასუხი მივიღეთ.

მაქვს Setanta Sports-ი გამოწერილი და მიმაჩნია, რომ არამარტო ჩემთვის, არამედ სპორტის მოყვარული ადამიანისთვის საოცნებო პლატფორმაა. იმისთვის რათა თვალი ადევნო არამარტო ფეხბურთს, არამედ სხვა სახეობებსაც.

ძალიან კარგია სპორტის გულშემატკივრებისთვის, მართლა სამოთხეა, რადგან ნებისმიერ დროს შეგვიძლია თვალ-ყური ვადევნოთ ყველაფერს, რაც გვაინტერესებს და გვიყვარს. მადლობა თქვენ რომ ასე ზრუნავთ სპორტზე და აძლევთ ჩვენს მოსახლეობას საშუალებას ხელმისაწვდომი იყოს ამა თუ იმ სპორტის გულშემატკივრობა და თვალ-ყურის დევნება.

სექტემბრის სანაკრებო შეკრების დაწყებამდე დავით ხარაბაძე დინამო თბილისის ექიმის ფუნქციებს შეასრულებს, შემდეგ კი უკვე ჯვაროსნებთან ერთად საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი ქვე-თავის წერას შეუდგება.