სარჩევი
გახურდი 2024-25 - საბა საპანაძე - ქართველი ლეგიონერებისგან ტოპ სეზონს ველი | Setanta Sports

2024-25 სეზონი დაიწყო, თუმცა ჯერ მის გახურებამდე შორია. შესაბამისად, ფეხბურთელებთან ერთად ფორმა ჩვენც უნდა ავკრიფოთ და ტონუსში შევიდეთ. ამისათვის კი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა.

როგორ ხურდება Setanta Sports 2024-25 სეზონისთვის უკვე გიამბეთ. ახლა კი ქართულ სპორტში ჩართულ სხვადასხვა პროფესიონალს მივაკითხეთ, რათა მათი სეზონისწინა რუტინისა და მზადების შესახებ გაგვეგო.

პირველი მინი კამპანიაში საბა საპანაძეა. მის მიერ შექმნილი Geo Team ქართულ მედია სივრცეში, პროფესიონალიზმისა და ექსკლუზიურობის გარდა, სანდოობასა და ოპერატიულობასთან ასოცირდება.

ჰოდა, უკეთესი სტარტი, აბა, ვისთან ერთად უნდა აგვეღო?!

საბა საპანაძე – Geo Team 

Geo Team-ის აქტივობიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ არის, რომ დატვირთვის მხრივ, საბასთვის დიდად სეზონის დასრულება რაიმეს ცვლიდეს. თანაც ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე ერთად ვიმუშავეთ. 

ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი ცალსახად გაიზარდა და ეს ნაკრების წარმატებამ განაპირობა. განსხვავებას უახლოეს წარსულსა და დღევანდელობას შორის, ალბათ, საბა საუკეთესოდ აგვიხსნის. 

ახალი სეზონისთვის მზადება სტანდარტულია, ნუ წინა წლებში ასე იყო, მაგრამ ახლა როცა უკვე ქართული ფეხბურთის ბუმია, ძალიან დიდი ინტერესია და თან ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ხალხი უფრო მეტს ითხოვს.  

აი, ადრე მაგალითად, უფრო კვარა აინტერესებდათ და ჩაკვე, ნუ კიდევ მაქსიმუმ, 3-4 ფეხბურთელი. წელიწად-ნახევრის წინ, მაგალითად, ჟორჟის გოლებსაც კი არ ჰქონდა ისეთი რეზონანსი, შარშან წინ ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა და ამხელა გამოხმაურება არ ჰქონდა, როგორც ახლა აქვს.  

ამ ყურადღებას სხვა ბევრი ფეხბურთელიც დაემატა – ბუდუ, ქოჩორა. წარმოიდგინე, კაკაბაძის მიმართაც არ იყო ინტერესი, მაგრამ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ნახა ხალხმა, რომ მაგარი ფეხბურთელია და შესაბამისად, ინტერესიც გაჩნდა.  

ხალხის ინტერესს ფეხბურთელების მიმართა სოციალური მედიის engagement-იდან გამომდინარე ვუყურებ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ არეალი უფრო გაიზარდა, უფრო ყურადღებით ვარ, უფრო კონცენტრირებული ვარ.  

ზოგად კონკურენციასაც ვგრძობ, იმიტომ რომ დღეს უკვე ყველას ფეხბურთზე უნდა ლაპარაკი. აი, მაგალითად, თუ შარშან ამ დროს ძალიან ცოტა ადამიანი წერდა ფეხბურთზე, დღეს ყველა წერს, მაგალითად ჩვეულებრივი საინფორმაციო სააგენტოებიც, რომელთა ნიუს ლისტში სპორტის ადგილი, როგორც წესი, შეკვეცილი იყო ხოლმე.  

ეს კარგია, ჩემთვისაც კარგია. კონკურენციაა გაზრდილი და შესაბამისად უფრო დიდი მოლოდინებით ვემზადები. უშუალოდ სტილი არ შეცვლილა, როგორც ყოველ წელს ყველა ფეხბურთელთან ხაზზე ვარ, ყველასთან კონტაქტზე ვარ. 

საბას და ქართველი ფეხბურთელების ურთიერთდამოკიდებულება გვერდიდანაც კარგად ჩანს. საინტერესოა, თვითონ პროცესი, თუ როგორ მუშაობს Geo Team.

ყველაზე დიდ ყურადღებას ზუსტად დეტალებს ვუთმობ. რასაც ვაკვირდები, ხალხში Geo Team რამდენიმე დადებით საკითხთან ასოცირდება. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ პირველი – სანდოობაა.

რაღაც რომ იდება ან მე მთაგავენ რა ხდებაო ან წერენ რომ Geo Team-ს ჯერ არ დაუწერია, ესე იგი ნაღდი არ არისო. Geo Team ხალხისთვის ოფიციალურ წყაროდ აღიქმება და სანდოობას უკავშირდება. ეს კი ყველაზე დიდი მიღწევაა.  

მეორე, ბევრისგან გამიგია, რომ რომელიმე ქართველს გოლი რომ გააქვს, პირდაპირ შენთან შემოვდივარ სთორიზე და ვამოწმებო. შესაბამისად, ყველაზე დიდ ყურადღებას ვუთმობ იმ დეტალებს. ვაანალიზებ, რომ შეცდომის უფლება არ მაქვს.

ხშირად ყოფილა რაღაც ინფორმაცია, რომელიც სწრაფად მინდა, რომ დავწერო, წინა წლებში უფრო ვენთებოდი, “ვვარდებოდი” ხოლმე ემოციურად ეგეთ რაღაცებზე. მაგრამ დღეს იმას უფრო ვაქცევ დიდ ყურადღებას რომ არაფერი გამომრჩეს, ერთი დეტალიც რომ გააფუჭო მერე ხალხთან რეპუტაციული პრობლემები გაჩნდება და შესაბამისად, მაქსიმალურად ვაქცევ ყურადღებას – 101 პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია გავიდეს ჩვენი პლატფორმებიდან.  

გახურდი 2024-25 – დავითაშვილი და მიქაუტაძე ლიგა 1-ში

საბა ყველა ქართველ ლეგიონერს აქტიურად ადევნებს თვალს. ამავდროულად, ლივერპულის ქომაგია. მერსისაიდელებმა კი ახლახანს გიორგი მამარდაშვილი გაიფორმეს. შესაბამისად, საინტერესოა, ყველაზე მეტად რომელი ლიგის დაწყებას ელოდა, ამით გარკვეულწილად, მის საფეხბურთო გემოვნებაზეც მეტს გავიგებთ.  

ყველა იმ ლიგის დაწყებას ველოდები სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და საიდანაც შეიძლება გოლების, საგოლე პასების ან სეივების ატვირთვა მომიწიოს, მაგრამ, ცოტა სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი რომ ლიგა 1-ის დაწყებას განსაკუთრებით ველი. 

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ TOP 5 ლიგაა და მეორე – 2 მაგარი ფეხბურთელი დაგვემატა ამ საოცარ ლიგაში – ჟორჟი და ზურიკო. ზურიკოსადმი ჩემი სიყვარული და ბავშვობიდან წამოსული ურთიერთობა ბევრმა იცის. მითქვამს კიდეც რომ ყველაზე ახლოს ზურიკოსთან ვარ.  

თავისთავად მაინტერესებს სერია A, კონტეს ხელში ხვიჩა როგორი იქნება. სეზონის დაწყებამდე, კვარამ რაც მითხრა ის იყო, რომ ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში ხვდებოდა ახალ სეზონს. კონტემ ისეთი მოსამზადებელი ეტაპი გაატარა გუნდს, ბოლომდე გაწურა ყველა ფეხბურთელი.

პირველ ტურში აშკარად, გამიზნულად ეუხეშებოდნენ. შემდეგ დამიანე მოევლინა ქვეყანას და კვარამაც ბოლო ტურში უბრალოდ იფრინა და საუცხოო ფორმაც დაადასტურა. ამ ყველაფრის ნახვა ერთ სიამოვნებასა და ბედნიერებასთან ერთად ძალიან ემოციური იყო.

ველი ჩაკვეს, თავისთავად. აი, ხალხი რომ ყვება ხოლმე პირველ სიყვარულზე ისტორიებს, ეგეთია ჩაკვე ძალიან ბევრისთვის და, მათ შორის, ჩემთვისაც. ახლაც თვალები გამიბრწყინდა ჩაკვეზე რომ დავიწყე ლაპარაკი. ამიტომ მის თამაშებსაც სულმოუთქმელად ველოდები. თანაც ჩაკვემაც ხომ დაადასტურა გამორჩეულ ფორმაშია. ზედიზედ ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მაგრამ ლიგა 1 მაინც გამორჩეულია, იმიტომ რომ ჯერჯერობით სხვა არცერთ ლიგაში არ გვაყვს 2 ასეთი მაგარი ფეხბურთელი, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში.  

ისიც აუცილებლად უნდა ითქვას რომ ყველა ჩემ მიერ ნახსენები ყველა ლეგიონერის თამაშის ყურებას setantasports.com-ის მეშვეობით ვახერხებ. ყველაფერი მაქვს გამოწერილი, უშუალოდ პლატფორმა, ტელევიზორში, მობილურში, მოკლედ თქვენთან ვუყურებ ყველა მატჩს, სადაც შეიძლება ქართველი ფეხბურთელის თამაში ვნახო და ძალიან მიხარია, რომ ასეთი გემრიელი პლატფორმა გვაქვს. 

2024-25 სეზონში ტოპ ჩემპიონატებსა და მათ მომყოლ ლიგებში, ბოლო წლებთან შედარებით, მეტი ქართველი ფეხბურთელი გვყავს. თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, არსებობს მოლოდინი, იგივე ქოჩორაშვილთან, ჩაკვეტაძესთან მიმართებაში. ცხადია, საბას ვკითხეთ, თუ ფლობდა რაიმე ისეთ ინფორმაციას, რომელიც მზად იყო საჯაროდ ეხილა მზის სინათლე. 

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერმა ცხადია, ძალიან გამახარა. ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარე იმ გუნდში ითამაშებს, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ.

მამარდა უმაღლესი დონის მეკარეა და ასეთი დონის ტრანსფერი, მის საკლუბო კარიერაში, უკვე მომწიფებული იყო.

სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და 31 აგვისტოს ჩათვლით, 1-ელ სექტემბრამდე უნდა ველოდოთ სიახლეებს. ვიღაცები, ვის ტრანსფერებსაც ველოდით, ხომ დაბინავდნენ გუნდებში. სატრანსფერო ფანჯარა ყოველთვის სიურპრიზებითაა გამორჩეული, უცებ შეიძლება ისეთი მოულოდნელობა დაგვეცეს ისეთ ფეხბურთელზე, სულ რომ არც ველოდებით.  

ვინმე კონკრეტულს არ ვგულისხმობ, მაგრამ ეგ მოლოდინი მაქვს. ამ ეტაპზე გაცხადებულად ვისაც ველოდები არის ქოჩორაშვილი. ზურიკო დაბინავდა, მიქაუტაძე დაბინავდა, ჩაკვეზეც ვერ ვიტყოდი რომ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ვერ ვიტყვი რა მოხდება. უოტფორდში კი ამბობენ ჩაკვეზე უნდა ავეწყოთო და არის დაბალი შანსი რომ გაუშვან, მაგრამ რა მოხდება კაცმა არ იცის. ქოჩორაზე გაცხადებულად ველოდებით რომ რაღაც უნდა მოხდეს, მისი მომავლის შესახებ ინფორმაცია უნდა გვქონდეს უახლოეს დღეებში. 

7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ლიგას იწყებს. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამ ერთა ლიგამ შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ითამაშოს. 

საინტერესოა, როგორი იქნება პირველი სანაკრებო შეკრება დიდ საფეხბურთო ფორუმზე თამაშის შემდეგ. ვნახავთ, თუ არა ისეთივე მოწყურებულს საქართველოს ნაკრებს – მიაღწიოს კიდევ უფრო მეტს და კიდევ უფრო მეტი სიხარული აჩუქოს ქვეყანას. 

ზოგადად, სამწუხაროდ, ქართველები ისე ვართ მიჩვეულები, რაღაცას რომ ველოდებით მერე მიწაზე ვეცემით და ვენარცხებით ხოლმე. კარგია რომ მარტის სანაკრებო შეხვედრებმა მოლოდინებით მიწაზე არ დაგვანარცხა და მართლა გავფრინდით ჰაერში.  

ძალიან რთული ჯგუფი გვაქვს, ძალიან გამოცდილი, ჩემი აზრით თურქეთზე კარგი გუნდია უკრაინა, ევროპაზე ძალიან ცუდად კი ითამაშა, მაგრამ მაინც.  

ჩეხეთი რაოდენ კარგი გუნდია – ვნახეთ. ურთულესი იქნება მათთან თამაში.  

ალბანეთთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. მე, რა თქმა უნდა, მინდა ამ ჯგუფის მოგებაც, მოგება ზოგადად ყველასთან მინდა, ესპანეთთანაც, ინგლისთანაც და ნებისმიერ გუნდთან, მაგრამ ჩემი აზრით მეორეზე რომ გავიდეთ არ იქნება ცუდი შედეგი. რეიტინგსაც დავაგროვებთ მსოფლიოს საკვალიფიკაციოს წილისყრისთვის, იქაც ცოტა წინ ავიწევით და გამოგვადგება.  

მე მინიმუმ მეორეს ვიტყვი. მგონია, რომ ამ ჯგუფის მოგებაზეც გავიწევთ და გეტყვი რატომ – ძალიან გამოცდილი გუნდი იქნება უკვე სექტემბერში საქართველოს ნაკრები. იმხელა გამოცდილება მიიღო ევროპის ჩემპიონატზე, ჩემი აზრით, დაღვინებული გუნდი იქნება. ხომ იყო ისეთი მომენტი რომ გამოუცდელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ უტევდა, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ მაინც ვერ იგებდა, ახლა მგონია, რომ მომენტები რომ გვექნება შევყრით და გამოცდილი გუნდივით ვითამაშებთ.  

ახალი სეზონი როგორც დაიწყეს ეგეც ნათელი მაგალითია, მგონია რომ სეზონს როგორც იწყებ მერე მიგყვება მთელი წელი. აი, მაგალითად, ბუდუმ როგორ დაიწყო. ამიტომ მგონია რომ უდიდესი მოტივაცია აქვთ.

ფეხბურთის სიყვარული და ძალა კიდევ უფრო ნათლად ნახეს, როგორ უყვარს ხალხს ფეხბურთი ეგეც უფრო კარგად ნახეს და მგონია, რომ კიდევ უფრო მეტად შეუყვარდათ ეს სპორტი. ასე რომ ტოპ სეზონს ველი ქართველი ლეგიონერებისგან. 

თუკი ფეხბურთელებისგან ტოპ სეზონს ელის, რას ელის საკუთარი თავისგან. საინტერესოა, Geo Team-ის უახლოესი გეგმების გაგება. 

თანაც ბოლო წლებსა და პერიოდში საბამ თამასა ასწია. ფაბრიციო რომანო იქნება თუ 433 Geo Team-ს, ქართულ თემატიკაზე, ხან წყაროდ მოიხსენიებენ და ხანაც მის მატერიალებს იყენებენ.

მოცულობითი, დიდი ვლოგები კვლავ აუცილებლად იქნება, მაგრამ შეიძლება შევცვალო სტილი. უკვე ძალიან ბევრი ლეგიონერია, ძალიან ბევრი ტოპ მატჩები ელოდებათ ახალ სეზონში ფეხბურთელებს, ასე რომ შეიძლება თვითმფრინავში გადავსახლდე.  

ეგ არის მთავარი მიზანი. მინდა, რომ ქართველმა გულშემატკივარმა Geo Team ახალ სეზონში ქართველი ლეგიონერების ძალიან ბევრ თამაშზე იხილოს.  

რაც შეეხება, ევროპის ჩემპიონატისგან პირადად მე რა მივიღე – პირველ რიგში, ცხოვრებისეული გამოცდილება. ნაკრებმა ოცნება ამიხდინა.  

ამასთან, ცოტა ფინანსური შესაძლებლობაც მომცა. პირველად ჩემს ცხოვრებაში, კონკრეტულმა ივენთმა ფინანსური მოგებაც მომცა, რითიც შევძელი რომ ჩემი და წამეყვანა ევროპის მთელ ჩემპიონატზე. ძალიან გახარებული ვარ რომ ჩემთან ერთად ჩემს დას ეს ოცნებაც ავუხდინე.  

რაღაც სიახლეები კიდევ გვექნება, ახლა კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვარ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ მომხმარებლები ბევრ ინფორმაციას და საინტერესო ვიდეოს უნდა ელოდონ.

საბა საპანაძე – Geo Team

საბას სამზადისი, გეგმები და მოლოდინი ასეთია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ 2024-25 წლების სეზონში ქართული ფეხბურთის წარმატება Setanta Sports-ზე ერთად გავიზიაროთ.