სარჩევი
საქართველო vs ჩეხეთი - ჩეხების პრესკონფერენცია | Setanta Sports

საქართველო vs ჩეხეთი – EURO 2024-ის მეორე ტურის მატჩამდე 24 საათზე ნაკლები დრო რჩება. ჩეხეთის ნაკრებმა მატჩის მასპინძელ ფოლკსპარკშტადიონზე წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

ივან ჰაშეკისა და ანტონი ბარაკის პრესკონფერენციაზე ნათლად ჩანდა, რომ ჩეხებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კარგად ჰყავთ შესწავლილი.

უფრო შემტევი ფეხბურთი, ვიდრე პორტუგალიასთან, შორეული დარტყმები და მაღალთან ერთად სწრაფი კონტრ პრესინგი და შეცვლილი შემადგენლობა.

ჩეხეთის ნაკრების პრესკონფერენცია

“თურქეთთან მატჩს ვუყურეთ, გავაანალიზეთ. ანალიტიკოსები სტადიონზეც იყვნენ. საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. საქართველო ძალიან სახიფათო იყო და მხოლოდ ბოლოს გაუშვა გოლი. გუნდურად კარგად გამოიყურებიან.

არ ველი რომ საქართველო სივრცეს და ზონებს გახსნის. მათ ჰყავთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც შეტევა კარგად იციან. საქართველო განსაკუთრებით კარგი შეტევაშია, თუმცა მათგან დაცვის მოშიშვლებას არ ველი.

საქართველოსთან განსხვავებული მატჩია და განსხვებულად მოვემზადეთ. გვსურს სხვა ელემენტები ვაჩვენოთ. თავი წარმოვაჩინოთ უფრო მეტად.”

მიქატაუძესა და ჩაკვეტაძეზე

“მიქაუტაძე – შეხედეთ მას, რამდენი გოლი გაიტანა. არამხოლოდ ნაკრებში არამედ ლიგა 1-ში. ასევე ჩაკვეტაძეც. მათ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. კონტრ შეტევების საშუალება არ უნდა მივცეთ.”

ნაცნობობა სანიოლთან

“ვილი სანიოლთან ჯერ არ მილაპარაკია, არც მინახავს უშუალოდ გერმანიაში. ადრე, ის ჩვენს სამწვრთნელო შტაბში გვსურდა დაგვემატებინა. ის ფრანგული და გერმანული სკოლების ნაზავია.”

რა აკლდა ჩეხეთს პორტუგალიასთან

“სითამამე და ბურთის ფლობა გვაკლდა. თავს კარგად ვიცავდით, თუმცა შეტევა არ გამოგვდიოდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ გვსურს ეს საქართველოს წინააღმდეგ ვაჩვენოთ, მოვიპოვოთ სტანდარტულები და ვიყოთ სახიფათონი.

პორტუგალიასთან მიდგომა და შემართება თავის ადგილზე იყო. პორტუგალია კიდევ უფრო მძლავრია ცხადია. ხვალ უკვე გვსურს მოვიგოთ მატჩი არამხოლოდ დაცვით არამედ შეტევით და ამას ვაპირებთ.

26-ივე ფეხბურთელმა მიიღო წვრთნაში მონაწილეობა და ესაა მნიშვნელოვანი. ასევე ძირითადი შემადგენლობა უკვე ვიცი. არ გეტყვით ვინ ითამაშებს, თუმცა სასტარტოში 1-ზე მეტი ცვლილება იქნება. თუმცა ეს ტურნირის დაწყებამდეც დაგეგმილი იყო.”

ვარჯიში შორიდან დარტყმებში – კარში მამარდა დგას

“ჩემპიონატზე ბევრი ავტოგოლი და შორიდან გატანილი გოლია? გვინდა საჯარიმოდანაც გავიტანოთ და მის გარედანაც. მინდორი სველია და ბურთი კიდევ უფრო სწრაფია. ამისთვის სპეციფიკური მზადება გავიარეთ. ამ მხრივ კიდევ უფრო აქტიურები ვიქნებით. მამარდაშვილი მათი ლა ლიგელი მეკარის დამარცხება რთულია, თუმცა ამას ვეცდებით.”

ივან ჰაშეკი – ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მედიასთან ანტონინ ბარაკმაც ისაუბრა. ფიორენტინას ფეხბურთელს პირველივე კთხვა თანალიგელ ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს.

კვარა დიდი ვარსკვლავია. ნაპოლიში ის ერთ-ერთი გამორჩეული და საკვანძო იყო. საქართველოს არაერთი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს და კარგი შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა. მათ ასევე კარგად იციან, როგორ ითამაშონ კონტრ შეტევებზე.

მინდორი ორივე გუნდისთვის თანაბარი იქნება. მოხარული ვარ რომ აქ არ ვვარჯიშობთ. ასევე საქართველოც. ეს ნიშნავს რომ მინდორი უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

თუ ხვალ ვითამაშებ ვეცდები გუნდს დავეხმარო და არამხოლოდ პატრიკ შიკს. შიკმაც ისევე განიცადა პორტუგალიასთან მარცხი, როგორც მთელმა გუნდმა. თუმცა მარცხი უკან მოვიტოვეთ. არ ვიცით პატრიკი და მე ერთად ვიქნებით თუ არა – თუმცა ცხადია ერთმანეთს დავეხმარებით.

მე ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. არ მსურს მხოლოდ განაცხადის წევრი ვიყო. მთელ გუნდს ასეთი მეტალობა გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს ვეყრდნობით და ასეც უნდა იყოს.

ვეცდები გამოვიყენო სიტუაციები, სადაც საშუალება მომეცემა. ხვალინდელი მატჩი კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის.

ანტონინ ბარაკი – ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი

საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია ფოლკსპარკშტადიონზე ადგილობრივი დროით 18:30 დაიწყება და მის ბეჭდურ და ვიდეო მასალას Setanta Sports-ი შემოგთავაზებთ.

საქართველო vs ჩეხეთი – მატჩი 22 ივნისს ჰამბურგში, გერმანიის დროით 15:00 საათიდან დაიწყება.