დასრულდა დღევანდელი დღის პირველი ნახევარფინალები. ერთი მოულოდნელი და ერთიც მოსალოდნელი შედეგით. ინდიანა პეისერსმა ბოსტონ სელტიკსი დაამარცხა და აღმოსავლეთ ზონის ნახევარფინალში გავიდა. ხოლო, ნიუ ორლეან პელიკანსმა საკრამენტოს მოუგო და დასავლეთის ნახევარფინალში დაიბევა ადგილი.
ხვალ დილით კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება – ლოს ანჯელეს ლეიკერსი ფინიქს სანსს უმასპინძლებს, მილუოკ ბაქსი კი ნიუ-იორკ ნიქსს.
ასე რომ, ვერ შედგება აღმოსავლეთის ყველაზე სასურველი დაპირისპირება ბაქსსა და სელტიკსს შორის. როცა ყველაფერს ერთი შეხვედრა წყვეტს, სენსაციებისა და მოულოდნელობის შანსების იზრდება.
ინდიანა vs ბოსტონი
პირველი მეოთხედი თანაბარი იყო, მეორე მეოთხედში კი სელტიკსმა მოიპოვა მცირე უპირატესობა, სანახაობრივი კალათბურთი ვნახეთ, თავიდანვე კარგად დაიწყო ჰალიბარტონმა და მაილს ტერნერმა. თუმცა, კორნეტისა და ჰორფორდის შემხედვარე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ისე დასრულდებოდა, როგორც დასრულდა.
რა თქმა უნდა, აქტიურობდა ჯეისონ ტეიტუმი, სელტიკსის მხრიდან საუკეთესო იყო, მან და ჯეილენ ბრაუნმა საერთო ჯამში 62 ქულა მოუტანეს გუნდს, მაგრამ ესეც ვერ გამოდგა საკმარისი.
პირველი ნახევრის შემდეგ სელტიკსი იგებდა – 55:48. შემდეგ კი სადავეები გაექცათ.
მესამე მეოთხედის გმირი უდავოდ ჰალიბარტონია, რომელმაც სიჩქარეები ჩართო და პარკეტიდან გააქრო კორნეტიც და ჰორფორდიც, მისი დაჭერა შეუძლებელი იყო, ვერც სისწრაფეში აყვნენ და ვერც პერიმეტრზე მოუხერხეს რამე, ღრმა სამიანებიც გაუშვა და სელტიკსი დაბომბა, ჰეილს მაილს ტერნერმაც აუბა მხარი, პეისერსმა ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი გაქცევაც შეძლო, საბოლოოდ მესამე მეოთხედი 7 ქულით მოიგეს – 85:78.
ბოლო მეოთხედის შუაწელს ანგარიში გათანაბრდა – 94:94. ჯეილენ ბრაუნის სამიანმა თამაში მაქსიმალურად დაძაბა და წავიდა თამაში ქულა-ქულაში – 96.. 98.. 101.. 103.. 105.. და მივედით ბოლო წუთამდე.
აქ კი ყველა მიხვდა რომ ჰალიბარტონი არა მხოლოდ მესამე მეოთხედის, ან რომელიმე მეოთხედის, არამედ მატჩის MVP იქნებოდა, მაღალი სამიანი გაუშვა, იოკიჩი ისვრის ხოლმე ასე, ხანადახან კარიც ერთობა მაღალი სამიანებით, დიდხანს იყო ბურთი ჰაერში, სამიანი ჩავარდა, მასზე დაჯარიმდნენ, ქულა-ქულაში ვეღარ წავა, ბოსტონი ფსიქოლოგიურად გატყდა – ჰალიბარტონმა პეისერსი ნახევარფინალში გაიყვანა.
საბოლოოდ პეისერსმა 122:112 მოიგო.
ჰალიბარტონი კი შეძახილით გააცილეს – MVP!! MVP!!
- საუკეთესო მოთამაშის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 26 ქულა, 10 მოხსნა, 13 ასისტი, ერთი ჩაჭრა. 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/18. დიდებული თამაში ჰქონდა და MVP-ის რეალური კანდიდატია, თუმცა, იქამდე მაინც ძალიან შორია.
- ორმაგი დუბლი ჰქონდა მაილს ტერნერს – 17 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/16.
- ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეისონ ტეიტუმმა – 32 ქულა, 12 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/26.
- როგორც ყოველთვის, ჯეილენ ბრაუნის სტატისტიკა ახლოს იყო ტეიტუმთან – 30 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/23.
საკრამენტო vs პელიკანსი
პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა. საკრამენტომ უკეთ დაიწყო, მაგრამ მეოთხედის მიწურულს პელიკანსი გამოფხიზლდა და ანგარიშის შემცირება მინიმუმამდე შეძლო, რაღაც მხრივ იღბალიც მათ მხარეს იყო – 36:35 საკრამენტოს სასარგებლოდ.
მეორე მეოთხედში პელიკანსმა მეტოქე პერიმეტრიდან დაბომბა და წინ გაიქცა, საკრამენტო საბონისისა და ფოქსის ხარჯზე ახერხებდა ჩამორჩენის შემცირებას, ალბათ მაქსიმუმი შეძლეს. მეორე მეოთხედისთვის ანგარიში 69:61 იყო.
მესამე მეოთხედისთვის ანგარიშში სხვაობა შენარჩნდა, ბოლოს კი საკრამენტოს უნარიც აღარ ჰქონდა რომ რაიმე მოეხერხებინა. როგორც წინათქმაში აღვნიშნეთ, საბონისი და ფოქსი სტაბილურად დააგროვებდნენ ქულებს და კარგ სტატისტიკას დაიწერდნენ, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნებოდა.
საბოლოოდ პელიკანსმა 10 ქულით მოიგო – 127:117.
- ორმაგი დუბლი ჰქონდა იონას ვალანჩუნასს – 18 ქულა, 11 მოხსნა. ბრენდონ ინგრამის ანგარიშზე 30 ქულა, 8 მოხსნა და 6 ასისტია.
- ზაიონმა თამაში 10 ქულით დახურა.
- სამმაგი დუბლი ჰქონდა დამანტის საბონისს – 26 ქულა, 13 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 8/12.
- ფოქსის ანგარიშზე 30 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტია.
სად ვუყუროთ
შეგახსენებთ რომ თბილისის დროით 4:30 ზე მილუოკი ნიუ-იორკ ნიქსს უმასპინძლებს.
07:00-ზე კი ლეიკერსი მიიღებს ფინიქს სანსს.
შეხვედრების ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.