სარჩევი
ჯოკოვიჩი

ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი საიუბილეო სლემისთვის ბრძოლას აგრძელებს.

3-საათიანი ბრძოლის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის 191-ე ნომერი ენცო კუაკო დაამარცხა (6:1, 6:7, 6:2, 6:0).

ყველაზე დაძაბული გამოდგა მეორე სეტის დასკვნითი ნაწილი, სადაც ნოლეს მარცხენა ფეხის დაზიანებამ სერიოზულად შეაწუხა.

27 წლის კუაკომ, რომელიც ამგვარ დიდ სცენაზე პირველად იდგა, ოპონენტის დისკომფორტით სარგებლობა მოახერხა და სეტებს შორის წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, ნოვაკი პანიკას არ აჰყოლია. მესამე პარტიაში მან თავისი სუპერძალები აამუშავა, 14 გეიმიდან 12 სათავისოდ დაიტოვა და შეხვედრა სწრაფ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ფიზიკურად გაუმჯობესებული ჯოკოვიჩის წინაშე კუაკომ ბევრი ვერაფერი იღონა.

მატჩის შემდეგ ბუნებრივია ნოლეს მისი ფეხის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა:

“სიმართლე რომ ვთქვა, ფეხის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ყოველდღიურად მივყვები პროცესს. დღევანდელ მატჩში წინასთან შედარებით უფრო მეტი დისკომფორტი იყო. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია”.

“აქ უკვე დამოკიდებული ვარ ღმერთსა და ფიზიოთერაპევტზე. ვნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს მოვახერხებ რეაბილიტირებას”.

– ნოვაკ ჯოკოვიჩი.

შედეგად, ჯოკოვიჩი 2018 წლის შემდეგ ავსტრალიაში კვლავ დაუმარცხებელია. მიმდინარე სეზონში კი უკვე მეშვიდე შეხვედრა მოიგო.

წლევანდელი წელი მან ადელაიდის 250-ქულიან ტურნირზე დაიწყო. სწორედ იქ, ნახევარფინალში, მედვედევის წინააღმდეგ მიიღო ტრავმა, რომელიც ახლა აწუხებს.

ჯოკოვიჩის ოპონენტი მესამე წრეში გრიგორ დიმიტროვი იქნება. ნოლეს ბულგარელთან ერთადერთი წაგება აქვს, თავად კი ცხრაჯერ ჰყავს დამარცხებული.