სარჩევი
ჯოკოვიჩი

35 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე დომინირებას არ წყვეტს.

სერბმა ჩოგბურთელმა AO-ს მეოთხე წრეში ადგილობრივთა ფავორიტს, რეიტინგის 24-ე ნომერს ალექს დე მინორს ყოველგვარი პრობლემის გარეშე აჯობა (6-2, 6-1, 6-2).

ტურნირის დაწყების წინ ნოლემ გულშემატკივრებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სანერვიულო მისცა.

მთელი კვირის განმავლობაში ის შეხვეული ფეხით თამაშობს, თუმცა ფაქტია, ეს წარმატების მიღწევაში ხელს მთლიანად ვერ უშლის. ნოვაკმა იოლად აჯობა კარბალეს ბაენას, ენზო კუაკოს და გრეგ დიმიტროვს.

ყველაზე დამაჯერებლად კი დე მინორს მოუგო. დისკომფორტის მიუხედავად, სერბი კორტზე თავისუფლად გადაადგილდებოდა და უმაღლესი ხარისხის ჩოგბურთი აჩვენა.

ჯოკოვიჩი და დე მინორი ერთმანეთს პირველად უპირისპირდებოდნენ.

ნოლემ თავიდანვე აგრესიულად დაიწყო, მეტოქეს შეცდომების დაშვება აიძულა და პირველი სეტი სულ რაღაც 36 წუთში დახურა.

მან მიღებაზეც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ოპონენტის ჩაწოდებაზე ქულების თითქმის ნახევარი, 49% მოიგო.

ჯოკოვიჩი ავსტრალიურ სლემზე გამარჯვებათა სერიას 25-მდე ზრდის. ამით მან ჰარდის საფარზე გამარჯვებათა სერიის თავისივე რეკორდი გაიმეორა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი 1/4 ფინალში ისპარეზებს, სადაც ის ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა: