21 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე 2023 წლის სეზონს ახალი მიზნებითა და უმაღლესი სარეიტინგო მაჩვენებლით იწყებს.
წარმატებული 2022
გასული წლის განმავლობაში ფურცელაძემ რამდენიმე ტურნირზე შეძლო თავის გამოჩენა და სადებიუტო პროფესიონალური ტიტულების მოპოვება.
ქართველი ჩოგბურთელი შარშან ორჯერ გახდა ITF-M15-ის ტურნირების ჩემპიონი შარმ-ელ-შეიხში. ასევე ითამაშა კიდევ ერთ ფინალში.
ფურცელაძე წყვილთა თანრიგშიც აქტიურად გამოდის, ერთი ტიტულის მოგებაც შეძლო და ერთ ფინალშიც გავიდა.
ამ მომენტისთვის წყვილების რეიტინგში ის 662-ე ადგილზე იმყოფება, რაც საქართველოდან ყველაზე მაღალი შედეგია. ერთეულებში კი ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგ საბა ფურცელაძე საქართველოს პირველი ნომერია.
ფურცელაძემ მაყურებელს თავი 2022 წლის ATP Cup-ზეც დაამახსოვრა, სადაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილთან, სანდრო მეტრეველთან, ალექსანდრე ბაკშისთან და ზუკა ტყემალაძესთან ერთად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა.
საბამ თავისი შეხვედრა წყვილთა თანრიგში ზუკა ტყემალაძესთან ერთად ჩაატარა, სადაც ტურნირზე ყველაზე ძლიერი ჩაწოდება, 221 კმ/სთ დააფიქსირა.
ავსტრალიაში მან ნიკ კირიოსთან სავარჯიშო სესიები გაიარა და მისი კომპლიმენტებიც დაიმსახურა. ფურცელაძის თქმით, ATP Cup-ი მის ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება იყო.
შედეგად, საბა ფურცელაძეს რეიტინგში საკმაოდ დიდი ნახტომი გამოუვიდა: 2022 წლის სტარტზე ის 1100-ს მიღმა იმყოფებოდა, ახალ წელს კი 547-ე პოზიციაზე იწყებს და კარიერაში ყველაზე მაღალ რეიტინგს აფიქსირებს.
ახალი წელი – ახალი მიზნები
ახალი სარეიტინგო პოზიცია ქართველ ჩოგბურთელს საშუალებას აძლევს 2023-ში ჩელენჯერების კვალიფიკაციაზე მიიღოს მონაწილეობა და უფრო დიდ შედეგებს დაუმიზნოს.
აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბა ფურცელაძე 2023 წლის სეზონის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში, უმაღლესი დონის სპეციალისტთან ერთად გადის.
მასთან გამოცდილი მოლდოველი მწვრთნელი ანდრეი გორბანი მუშაობას. გორბანი წარსულში რადუ ალბოტს და ელენა ოსტაპენკოს ამზადებდა.
“მოსამზადებელი პერიოდი კარგად მიმდინარეობს. ახალი სეზონისთვის მოლოდინებიც უფრო მაღალია. ანდრეისთან მუშაობა საინტერესოა, მისგან განსხვავებულ გამოცდილებას ვიღებ. იმედი მაქვს, წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივა”,
– ამბობს ფურცელაძე.