ალექსანდარ მიტროვიჩსა და ნოვაკ ჯოკოვიჩზე წინ – ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენია. ქართველ მოჭიდავეს შრომა და შედეგები სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუფასა.
setantasports.com მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს სერბეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
“სერბეთში, სპორტსმენისთვის ეს ყველაზე დიდი ტიტული და წოდებაა. ცხადია, მისი მიღება ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მოტივაცია არასდროს მაკლდა, თუმცა დიახ, 2019 წლის მოვლენები, გარკვეულწილად, გარდავქმენი მოტივაციის წყაროდ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, 90% სპორტსმენებისა იმ პრობლემებს ვერ გაივლიდა, რაც – მე გავიარე და სპორტზე უარის თქმა მოუწევდა.
ზურაბ დათუნაშვილი – სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
აჯობო ნოვაკ ჯოკოვიჩს, ალექსანდარ მიტროვიჩსა და სხვა გამორჩეულ სერბ სპორტსმენებს ფაქტობრივად წარმოუდგენელია. უდიდესი კონკურენციის პირობებში გამარჯვების შესახებ, ცხადია, თავად ზურაბსაც ვკითხეთ.
“ამ მხრივ[სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებს] სხვას რომ ვაჯობო – ასეთი მიზანი არასდროს მქონია. უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და შესაბამისად, წარმატებაც თავისით მოდის. ზუსტად ესაა ამის შედეგი, რომ დღეს ჯოკოვიჩსა და სხვა წარმატებულ სპორტსმენებზე წინ დამასახელეს – ქართველი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა”.
ზურაბ დათუნაშვილი – სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
დათუნაშვილი სპორტის ამ სახეობაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე მუდმივად ღიად რომ საუბრობდა, 3 წლის წინ სირთულეები ამიტომაც შეექმნა. მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ელენე ქებაძის ირგვლივ შექმნილ მითქმა-მოთქმასაც შეეხო.
“სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონ ელენე ქებაძეს აეროპორტშიც არ ხვდებიან და ამაზე პროტესტი რომ აქვს, მერე რაღაც ხელფასებს უთვლიან, რომ აი თურმე რამდენს აძლევენ. სასაცილოა ეს ყველაფერი”
ზურაბ დათუნაშვილი – სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
კითხვაზე ნანობს თუ არა, რომ მსგავს აღიარებასა და კარიერული მედლების უმეტესობას სხვა ქვეყნის სახელით დაეუფლა – დათუნაშვილს ლოგიკური პასუხი აქვს.
“არა არ ვნანობ. საკუთარ თავთან გულწრფელი ვარ. იმისთვის რომ კარიერა გადამერჩინა, ამიტომ წამოვედი სერბეთში. მანდ არ მაძლევდნენ საშუალებას.
კი, შეიძლება გულშემატკივარს ერჩივნა მიღწევები საქართველოს სახელით ყოფილიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ დღესაც ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება”.
ზურაბ დათუნაშვილი – სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დათუნაშვილმა ჩემპიონის რეგალია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიცვა.
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი საუკეთესო იყო ევროპის ჩემპიონატზეც. ოქროს მედალი დათუნაშვილმა ამჯერად ვარშავაში გამართულ ტურნირზე მოიპოვა.
ამას გარდა, დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველმა მოჭიდავემ ივან ჰუკლეკი დაამარცხა.
სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დათუნაშვილმა პუბლიკას ემოციური სიტყვით მიმართა. ქართველს არც ნოვაკ ჯოკოვიჩის ხსენება დავიწყებია.
“მხარდაჭერისთვის ყველას მადლიერი ვარ. იყო საუკეთესო ისეთი ჩემპიონების ქვეყანაში, როგორიც ნოვაკ ჯოკოვიჩი და სერბი წყალბურთელები არიან, ჩემთვის უდიდესი პატივია. მიყვარს სერბეთი, ბელგრადი, ჩემი აქაური მეგობრები. ეს ჩემი მეორე სახლია. სერბეთისთვის კიდევ უფრო მედგრად ვიბრძოლებ”.
ზურაბ დათუნაშვილი – სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ზურაბ დათუნაშვილი 2019 წლის ჩათვლით საქართველოს სახელით ჭიდაობდა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს ორი მედალიც მოიპოვა.
მას შემდეგ რაც, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, ასპარეზობა სერბეთის სახელით 2020 წლიდან განაგრძო.