პრემიერ ლიგა მე-20 ტური – საფეხბურთო დღესასწაული გრძელდება. პირველი წრის დასრულების შემდეგ პრემიერ ლიგას სათავეში არნე სლოტის ლივერპული უდგას, თუმცა წინ ჯერ კიდევ 19 ტურია.
სეზონის ნახევარი უკვე გასულია და გუნდები ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებიან. შესაბამისად, ინგლისის ჩემპიონატის მე-20 ტური სანახაობრივი, დაძაბული და, შესაძლოა, სენსაციებით დახუნძლულიც აღმოჩნდეს.
პრემიერ ლიგა – მე-20 ტური
მე-20 ტურის მატჩები 4 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მატჩების ხილვა setantasports.com-ზე შეგიძლიათ.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 30 %-იანი ფასდაკლებით.
თვის გამოწერაზე გამოიყენეთ პრომო კოდი NEWS24.
წლის გამოწერაზე გამოიყენეთ პრომო კოდი YEAR24.
თარიღი | მასპინძელი გუნდი | სტუმარი გუნდი | დრო | სტადიონი |
---|---|---|---|---|
4 იანვარი, შაბათი | ტოტენჰემი | ნიუკასლი | 16:30 | Tottenham Hotspur Stadium |
ასტონ ვილა | ლესტერი | 19:00 | Villa Park | |
ბორნმუთი | ევერტონი | 19:00 | Vitality Stadium | |
კრისტალ პალასი | ჩელსი | 19:00 | Selhurst Park | |
მანჩესტერ სიტი | ვესტ ჰემი | 19:00 | Etihad Stadium | |
საუთჰემპტონი | ბრენტფორდი | 19:00 | St. Mary’s Stadium | |
ბრაიტონი | არსენალი | 21:30 | American Express Stadium | |
5 იანვარი, კვირა | ფულჰემი | იფსვიჩი | 18:00 | Craven Cottage |
ლივერპული | მანჩესტერ იუნაიტედი | 20:30 | Anfield | |
7 იანვარი, სამშაბათი | ვულვზი | ნოტინგემ ფორესტი | 00:00 | Molineux Stadium |
ტოტენჰემი – ნიუკასლ იუნაიტედი
შაბათს, პრემიერ ლიგა საინტერესო ადრეული მატჩით იწყება, რომელშიც ერთმანეთს ტოტენჰემი და ნიუკასლ იუნაიტედი დაუპირისპირდებიან. კაჭკაჭები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან – ბოლო 4 პრემიერლიგური მატჩიდან ოთხივე მოიგეს, თანაც ისე, რომ კარის მშრალად შენახვა მოახერხეს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ამბიციებიც შეინაჩუნეს.
თავის მხრივ, ტოტენჰემის ფორმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდია – პოსტეკოღლუს შეგირდებმა ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა მოაგროვეს. ამასთან, 2024 წელი გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ ვულვზთან ფრედ, 2-2 დაასრულეს.
სპურსი ახლა ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და გასავარდ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოთხეულთან. პოსტეკოღლუ ზეწოლის ქვეშაა – ნაკლებად სავარაუდოა, ნიუკასლთან მარცხი მას სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს, თუმცა EFL თასის ნახევარფინალმა ლივერპულის წინააღმდეგ, შესაძლოა მის მომავალზე დიდი გავლენა იქონიოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიუკასლი, რომელმაც 2024 წელი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხებით (0-2) დაასრულა, ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება და ოთხეულს სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება.
ხაზგასასმელია, რომ კაჭკაჭებმა სპურსის წინააღმდეგ, ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგეს.
ტოტენჰემში ტრავმიანობაა – დესტინი უდოჯი ბარძაყის ტრავმის გამო ლაზარეთში მყოფი მოთამაშეების გრძელ სიას შეურთდა – მიკი ვან დე ვენი, კრისტიან რომერო, რიშარლისონი გულიელმო ვიკარიო და ბენ დევისი. როდრიგო ბენტანკური თამაშს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, თუმცა გუნდს ჯედ სპენსი უბრუნდება.
ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ნიუკასლსაც დააკლდება. ყვითელი ბარათების გამო ტოტენჰემთან თამაშს ფაბიან შერი გამოტოვებს, ხოლო ჯამაალ ლასელსი, ნიკ პოუპი და ემილ კრაფტი დაშავებულები არიან. თუმცა ფეხბურთელები, რომლებიც შაბათის მატჩისთვის ხელმისაწვდომები არიან, შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.
კრისტალ პალასი – ჩელსი
პრემიერლიგური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბლველი ნაწილი ლონდონური დერბებია. შაბათს, 19:00 საათზე, ლონდონში, სელჰარსტ პარკზე ერთმანეთს კრისტალ პალასი და ჩელსი დაუპირისპირდებიან – პალასი გასავარდნი ზონიდან კიდევ უფრო დაშორებას, ხოლო ჩელსი 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას შეეცდება.
ოლივერ გლასნერის გუნდმა ბოლო პერიოდში აჩვენა, რომ მათ შედეგის მომტანი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. კრისტალ პალასი საუთჰემპტონთან (2-1) გამარჯვების შემდეგ გასავარდ ზონას ხუთი ქულით ჩამოშორდა. არწივები დაცვით და ეფექტური კონტრშეტევით გამოირჩევიან – ებერეჩი ეზე და ისმაილა სარი ნებისმიერი გუნდისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ენცო მარესკას ჩელსი მინიკრიზისის წინაშე დგას – სამი მატჩი გამარჯვების გარეშე. ორშაბათს იფსვიჩთან წაგებამ გუნდის საჩემპიონო ამბიციები შეამცირა, თუმცა მათი შეტევითი პოტენციალი და ფართო არჩევანი კონკურენტებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩელსი ერთპიროვნულად ლიდერობს – მათ სელჰარსტ პარკზე გამართულ ბოლო 15 მატჩიდან 12-ში გაიმარჯვეს. კრისტალ პალასმა ამ სეზონის დასაწყისში გასვლაზე 1-1 ითამაშა, რითაც ჩელსის წინააღმდეგ ლიგაში წაგებების 13-მატჩიანი სერია დაასრულა.
შეიძლება ითქვას, რომ გუნდები შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისების გარეშე ხვდებიან – არწივებს ადამ უორტონი და მათეუშ ფრანკა დააკლდებიან, ხოლო ჩელსის ბენუა ბადიაშილი, ვესლი ფოფანა და მიხაილო მუდრიკი არ ეყოლება.
მანჩესტერ სიტი – ვესტ ჰემ იუნაიტედი
კრისტალ პალასი-ჩელსის პარალელურად, ეტიჰადზე არანაკლებ საინტერესო დაპირისპირების ხილვა შეგიძლიათ. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი, რომელიც ბოლო პერიოდში კრიტიკას ვერ უძლებს და სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა საკუთარ კედლებში ლოპეტეგის ვესტ ჰემს დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტის ამ სეზონში ტიტულის დაცვა, ამ ეტაპზე, არ გამოსდის მათ ცოტა ხნის წინ ლესტერთან 2-0 მოგებით ხასიათი გამოისწორეს და გამარჯვების გზაზე დაბრუნდნენ. თავის მხრივ, ვესტ ჰემი ლივერპულთან 5-0 მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას შეეცდება – მანამდე ისინი ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებდნენ თავს.
ორივე გუნდის ტაქტიკურ წყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მანჩესტერ სიტიმ, მიუხედავად მათი ვარსკვლავებით სავსე შემადგენლობისა, უნდა მოძებნოს გზა, რათა ვესტ ჰემის დაცვა გაარღვიოს, რომელიც, მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებლობისა, მაინც მტკიცედ დგას.
ვესტ ჰემისთვის აქცენტი სიტის ამჟამინდელ ინერტულობაზე გაკეთდება. გამოცდილი მოთამაშეების პოტენციურმა დაბრუნებამ შეიძლება მათი ნახევარდაცვა გააძლიეროს.
მანჩესტერ სიტი მიზნად გულშემატკივრების ნდობის აღდგენასა და სატურნირო ცხრილში დაწინაურებას ისახავს, შესაბამისად, ვესტ ჰემს მძიმე ბრძოლა ელის. ორივე გუნდის თამაშის გარშემო არსებული გაურკვევლობა ამ მატჩს არაპროგნოზირებადსა და საინტერესოს ხდის.
მანჩესტერ სიტის ტრავმები გრძელდება – მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ედერსონი, მათეუშ ნუნიეში და ჯონ სტოუნსი, ჯერ კიდევ ლაზარეთში არიან. ოსკარ ბობისა და როდრის არყოფნა კიდევ უფრო ართულებს პეპ გვარდიოლას სტრატეგიას.
ტრავმების კუთხით არც ვესტ ჰემის მდგომარეობაა მარტივი. ჯაროდ ბოუენი, ჩაქუჩების მთავარი ფიგურა, ფეხის მოტეხილობის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, მეკარე, ლუკაშ ფაბიანსკი გუნდს თავის ტრავმის გამო ვერ ეხმარება.
პრემიერ ლიგა მე-20 ტური – ბრაიტონი – არსენალი
შაბათის სათამაშო დღე ბრაიტონისა და არსენალის დაპირისპირებით დასრულდება. მატჩი ამექს სტადიონზე, ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება. არსენალს შანსი აქვს პრემიერ ლიგის ლიდერ ლივერპულთან სხვაობა სამ ქულამდე შეამციროს, თუმცა მერსისაიდელებს 2 თამაშით ნაკლები ექნებათ ჩატარებული. თავის მხრივ, ბრაიტონი, რომელიც ცხრილის შუაში იმყოფება, ევროტურნირებზე გასვლისთვის იბრძვის და მეექვსეადგილოსან სიტის მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.
არსენალმა საახალწლოდ ბრენტფორდ ქომუნითი სთედიუმზე (ახლა უკვე ჯიტექ ქომუნითი სთედიუმი) გაბრიელ ჟესუსის, მიკელ მერინოსა და გაბრიელ მარტინელის გოლებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მიკელ არტეტას შეგირდები არც თუ ისე სახარბიელო ფორმაში არიან, თავდაჯერებას არ კარგავენ და ტიტიულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
თავის მხრივ, ბრაიტონმა ბოლო შვიდი მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლო და წინა ხუთი თამაშიდან ოთხი ფრედ დაასრულა. სეზონის ბრწყინვალედ დაწყების შემდეგ, ფაბიან ჰიურცელერის გუნდი ტრავმებმა შეაფერხა. თუმცა შაბათს ბრაიტონი არსენალისთვის რთული დავალება იქნება.
პირველ წრეში, კერძოდ მე-3 ტურში, არსენალმა ბრაიტონის დამარცხება ვერ შეძლო (1-1), თუმცა ამექსზე ბოლო 4 მატჩში არ დამარცხებულა. თოლიების დანაკლისი ყოფილი მეთოფე დენი უელბეკი გუნდს არსენალთან ვერ დაეხმარება. ამასთან, ევან ფერგიუსონიც მიუწვდომელია, ამიტომ ჰიურცელერი, სავარაუდოდ, ჟოაო პედროს გამოიყენებს. თამაშს ფერდი კადიოღლუ, ჯეიმს მილნერი, ჯეკ ჰინშელვუდი და მატს ვიფერიც გამოტოვებენ.
არსენალის ლაზარეთი ვარსვლავურია – გუნდის ლიდერი, ბუკაიო საკა გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამასთან, ყვითლების გამო არსენალს იურიენ ტიმბერიც გამოაკლდება. ეს უკანასკნელი ერთადერთი ფლანგის მცველი არ არის, რომელიც მეთოფეებს ბრაიტონთან ვერ დაეხმარება – ბენ უაითსა და ტაკეჰირო ტომიასუს, ფაქტობრივად, მიმდინარე სეზონის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ.
პრემიერ ლიგა მე-20 ტური – ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი
ტურის ცენტრალური მატჩი კვირას, 20:30 საათზე გაიმართება. პრემიერლიგური კლასიკა ლივერპული-მანჩესტერ იუნატედი ყოველთვის ინტრიგითა და დაძაბულობით სავსეა, მიუხედავად კონკრეტული გუნდის სათამაშო ფორმისა.
ლივერპული სატურნირო ცხრილში 45 ქულით ლიდერობს და ტიტულის სხვა პრეტენდენტებს ერთი თამაშით ჩამორჩება. ისინი ექვსი ქულით უსწრებენ მეორე ადგილზე მყოფ არსენალს. ხოლო იუნაიტედი, ბოლო ექვს მატჩში ხუთი წაგებით, 22 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან არც თუ ისე შორს იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედი აღარ არის ისეთი ძალა, როგორიც, მაგალითად, ალექს ფერგიუსონის ეპოქაში იყო, სლოტი გაოცებული დარჩა, როდესაც ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის რომელიმე საკვანძო მოთამაშის დასვენებას კვირის მატჩისთვის.
ლივერპულს სტაბილური დაცვა, კარგად დაბალანსებული ნახევარდაცვა და მო სალაჰი ჰყავს, რომელიც 17 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით ლიგას სათავეში უდგას. თავის მხრივ, მანჩესტერ იუნაიტედს ახალი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი ჰყავს, რომელიც ჯერ გუნდის დალაგებას ცდილობს, რაც შედეგებშიც აისახება – იუნატედმა 2024 წელი ვულვზთან (2-0) და ნიუკასლთან (2-0) მარცხით დაასრულა.
იუნაიტედმა ბოლოს ენფილდზე ცხრა წლის წინ მოიგო და ბოლო ხუთი ვიზიტის განმავლობაში გოლის გატანა ვერცერთში მოახერხა.
ლივერპულის მდგომარეობა ტრავმების კუთხითაც იდეალურთან მიახლოვებულია. გუნდს მხოლოდ ჯო გომეზი ვერ ეხმარება. როგორც ცნობილია, იბრაჰიმა კონატემ და კონორ ბრედლიმ ვარჯიში განაახლეს.
მანჩესტერს ვერ დაეხმარება მარკუს რაშფორდი. ამასთან, ტრავმა აქვთ მეისონ მაუნტს, ლუკ შოსა და ვიქტორ ლინდელოფს.
სად ვუყუროთ პრემიერ ლიგის მატჩებს?
ინგლისის პრემიერ ლიგის უკლებლივ ყველა მატჩისთვის თვალის მიდევნება Setanta Sports-ის OTT პლატფორმაზე შეგიძლიათ.
NEWS24: 30%-იანი ფასდაკლება ყოველთვიურ გამოწერაზე.
YEAR24: 30%-იანი ფასდაკლება წლიურ გამოწერაზე.