Freeride Series საქართველოში მე-5 წელია ტარდება. წელს ის ორ ნაწილად გაიმართება. სვანეთი ივენთს 13 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო გუდაურში ორგანიზატორები დაუვიწყარ სანახაობას უკვე 20-23 მარტს გვპირდებიან.
რა არის Freeride?
Freeride ზამთრის სპორტებს შორის, უდავოდ, გამორჩეული და სანახაობრივი სახეობაა. დისციპლინა გაუკვალავ თოვლში თავისუფალ სტილში დაშვებას გულისხმობს.
Freeride ტურნირზე ფაქტობრივად მთელი ფერდი სპორტსმენის განკარგულებაშია. მონაწილე ირჩევს დაშვების ტრაექტორიას და შემდეგ მისთვის განკუთვნილ ხაზზე ეშვება.
მის მიერვე შერჩეული ტრაექტორიის დაფარვისას, მონაწილე ცდილობს, მაქსიმალურად გამოავლინოს უნარები და ტექნიკა. მსაჯები, კი თითოეულ მონაწილეს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებენ:
ხაზი, კონტროლი, ტექნიკა, დინება, ილეთები და სტილი.
Freeride Series საქართველოში
უკვე მე-5 წელია რაც Freeride-ის ტურნირები საქართველოში ტარდება. ყველა მათგანი საერთაშორისო ტურის ნაწილია და Freeride World Tour-ის ლიცენზიის ქვეშ იმართება. მონაწილეები აგროვებენ ქულებს, რაც მათ უფრო მაღალი ვარსკვლავის შეჯიბრებზე მონაწილეობის მიღებაში ეხმარება. მათი საბოლოო მიზანი კი FWT-ზე გამოსვლაა, რაც Freeride-ის უმაღლესი დონეა.
სვანეთში Freeride ზურულდზე გაიმართება, ხოლო გუდაურში – საძელესა და კობზე. ივენთი კვირეულის სახით ჩატარდება. მის ფარგლებში რამდენიმე შეჯიბრი გაიმართება, პარალელურად კი კინო-ჩვენებები და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. შესაბამისად, მონაწილეებსა, თუ უბრალოდ დამსწრეებს მოწყენის საშუალება ნამდვილად არ ექნებათ.
საქართველოში Freeride World Tour-ის საკვალიფიკაციო სერიებში მონაწილეობა სამ კატეგორიაშია შესაძლებელი: Junior 1, Junior 2 და Qualifier 2.
ჯუნიორებში სამი ასაკობრივი კატეგორიაა, U14 (10-14 წლის), U16 (15-16), U18 (17-18). Qualifier-ში კი 18+ ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
შეჯიბრზე რანჟირება 4 სხვადასხვა სირთულის დონითაც მოხდება.
მონაწილეობა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რეგისტრაციისთვის კი შეგიძლიათ ამ ბმულებს ეწვიოთ.
Freeride Series და Setanta Sports
ჩვენი გუნდი საქართველოში ადგილობრივი სპორტისა და სპორტული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, შესაბამისად, Freeride Series-ის მედია პარტნიორი Setanta Sports-ი იქნება.
აღსანიშნავია რომ წლევანდელი შეჯიბრების ჩატარებაში Setanta Sports განსაკუთრებული როლი ექნება, რადგან ტურნირის საერთაშორისო სტანდარტებით გადაღებასა და შეფუთვაზე პასუხისმგებელი სწორედ ჩვენი გუნდი იქნება.
სათხილამურო სპორტის ამ საინტერესო სახეობის პირდაპირ ეთერში გადაღება და ჩვენება ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა. Setanta Sports-ის ვიდეო წარმოების გუნდი მაყურებლებისთვის Freeride-ისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური დეტალების პირდაპირ ეთერში გადმოცემაზე იმუშავებს და შეჯიბრის სანახაობრივობას კიდევ უფრო გაზრდის!
ტურნირები პირდაპირ ეთერში Setanta Sports-ის არხებზე, Youtube და Facebook გვერდებზე გადაიცემა.