ხმა წარსულიდან – ეს აიაქსი აღარ არის

ამსტერდამის აიაქსს ჯონ ვან სხიპი ჩაიბარებს. სხიპმა აიაქსში 1982-დან 1992 წლამდე ითამაშა. მწვრთნელობა აიაქსის 17-წლამდელთა გუნდში დაიწყო, შემდეგ 19-წლამდელები ჩაიბარა, მერე კი ასისტენტის როლიც ერგო, ჯერ მარკო ვან ბასტენის, შემდეგ კი მარტინ იოლის მწვრთნელობისას.

იყო ტვენტეს, მელბურნის, ჩივასისა და ზვოლეს მთავარი მწვრთნელი. ბოლოს საბერძნეთის ნაკრებში მუშაობდა, მის ბერძნულ კარიერას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა, მაინც დადებითი ბალანსით წამოვიდა – 11 მოგება, 9 ფრე,  6 მარცხი. მათ შორის იყო ორი მატჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (2:0 – 1:1).

საქმე ბევრი ექნება, აიაქსი ერედივიზიონში მე-18 ადგილზეა, მართალია მარაგში ორი მატჩი აქვს მის წინ მყოფ უტრეხტთან შედარებით, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შვებაა. ასეთი ჩავარდნა კლუბს ჯერ არ ჰქონია, მოცემულობა ბევრად მძიმეა იმასთან შედარებით რაც 2010 წელს იყო. ამ პერიოდს ვიხსენებ იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს, მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა იოჰან კრუიფმა კრიტიკული წერილი, რომელსაც ჯერ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შემდეგ კი დიდი რეორგანიზება. სწორედ კრუიფმა დაიწყო ის ცვლილებები, რომელმაც აიაქსი სწორ გზაზე დააყენა, სწორედ კრუიფის რჩევით მიიყვანეს ერთ-ერთ დირექტორად მარკ ოვერმარსი, რომელმაც ნაყოფიერი სამუშაო გასწია, შემდეგ კი რაც მოხდა კარგად მოგეხსენებათ, ოვერმარსმა ეთიკის კოდექსს გადაუხვია და კლუბიდან გააგდეს, წავიდა ანტვერპენში და იქ დაიწყო გუნდის შენება, როგორც ვხედავთ წარმატებულად.

კრუიფის წერილი კი ზუსტად მიესადაგება ამჟამინდელ მდგომარეობას, ვინმემ, შესაძლოა თქვას, ახლა რომ ამ ყველაფერს ხედავდეს გაცილებით კრიტიკული იქნებოდაო, მაგრამ შეგვიძლია შევუსწოროთ – კრუიფი რომ ცოცხალი ყოფილიყო, აიაქსი ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა.

გთავაზობთ იოჰან კრუიფის წერილს, რომელიც 2010 წელს, მადრიდის რეალისა და აიაქსის მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა:

ეს გუნდი აიაქსი აღარაა

“გასულ კვირას აიაქსის ორი თამაში ვნახე – სუსტ ვილემ II-თან და ძლიერ მადრიდის რეალთან. მოდი, პირდაპირ ვთქვათ: ეს აიაქსი იმ გუნდზე უარესია, რომელიც 1965 წელს, რინუს მიხელსის გამოჩენამდე იყო.

ორ-ნახევარი წლის წინ ური კორონელის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც სხვადასხვა სახის დასკვნები და სამომავლოდ საჭირო რჩევები იყო მიმოხილული. თუ დააკვირდებით ყველაფერს, რაც მას შემდეგ მოხდა, მიხვდებით, რომ ეს ერთი დიდი დრამაა. ფინანსების, ვარჯიშის, სკაუტინგის, ტრანსფერებისა და, რა თქმა უნდა, ფეხბურთის კუთხით. თამაშს, რომელიც აიაქსმა მადრიდის რეალისა და ვილემ II-ის წინააღმდეგ აჩვენა, არაფერი ჰქონდა საერთო იმ სტანდარტებთან, რომლებსაც კლუბი მუდმივად იცავდა.

მატჩის დაწყებამდე, რეალისა და აიაქსის დაპირისპირებას ჯერაც ორ ისტორიულ კლუბს შორის გასამართ  უნიკალურ მატჩს უწოდებდნენ. ეს იყო ორი გუნდი, რომელთაც ფეხბურთი საკუთარი თამაშით გაამდიდრეს. საპირწონედ ამისა, აიაქსმა კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინოდ ითამაშა. ყველა ბედნიერი დარჩა, რომ ფინალური სასტვენის შემდეგ ანგარიში მხოლოდ 2-0 იყო, რადგან შეიძლებოდა 8-0 ან 9-0-იც ყოფილიყო. მოგვიანებით, ის უაზრობა დაიწერა კაცებისა და ბიჭების შესახებ, როცა ორ გუნდს შორის ასაკობრივი განსხვავება საერთოდ არ არსებობდა. უბრალოდ ფეხბურთი, რომელიც აიაქსმა აჩვენა და დამოკიდებულება, რომელიც გუნდს ჰქონდა, არასათანადო იყო.

გულახდილად ვამბობ, რომ ძლიერ ვწუხვარ, რადგან ეს გუნდი აიაქსი აღარაა. გუნდი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მიყოლებით სამზე მეტი პასის ჩაწოდებაც აღარ შეუძლია, ხოლო მადრიდში, კარში, ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს. შემადგენლობაში დაახლოებით ექვსი ფეხბურთელი – გუნდის აღზრდილია, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი უიმედოა. ის ფაქტი, რომ გუნდი ერედივიზიონს ლიდერობს, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან თვალებში ჯერაც კარგად ვიყურები. იმ დროს, როცა გენერალური მენეჯერი რიკ ვან დერ ბოოგი აცხადებს, რომ ვარჯიში კარგად მიმდინარეობს, გუნდი სამ ერთნაირ თავდამსხმელს ყიდულობს, არადა ერთი გარემარბიც არ ჰყავს.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორ-ნახევარი წლის შემდეგ, თავმჯდომარე ური კორონელმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მდგომარეობა არც ერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებულა. იმავე დასკვნამდე მივდივარ, როგორც ორ-ნახევარი წლის წინ: აიაქსს გამოგვა სჭირდება. ახალგაზრდული სისტემის შეცვლა მსურდა, მაგრამ ადამიანებმა, რომლებზეც იმედს ვამყარებდი, ვერაფერი შეცვალეს. ყველაფერი, რასაც დღეს ხედავთ, ამის შედეგია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კლუბი ერთ დიდ „მეხუთე კოლონად“ გადაიქცა.

საწყისი წერტილი – წევრთა საერთო კრებაა, რომელიც, წესით, კლუბის ყველა მიმართულების სპეციალისტებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ახლა ის, უმეტესწილად, მეგობრებისა და ნაცნობებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ. არადა, დირექტორთა საბჭო, რომელიც ხმათა უმრავლესობას ფლობს კომისართა საბჭოში, რომელიც, თავის წილ, დირექტორებს ნიშნავს, სწორედ წევრთა კრებისგან ყალიბდება. ამგვარად, წევრთა კრებიდან მენეჯმენტამდე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ, რა დროსაც კლუბი ჭაობში უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. თითოეული მათგანი კლუბს ძარცვავს და სწორედ კლუბის ინტერესებში შედის, რომ მათ თანამდებობა დატოვონ. კლუბი კი უნდა გადაიტვირთოს, როგორც ეს 1965 წელს მოხდა. მაშინ აიაქსმა თავის ისტორიაში ორი საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, როცა რინუს მიხელსი მთავარ მწვრთნელად დანიშნა, ხოლო იანი ვან დერ ვეენი სამწვრთნელო პროცესში და სკაუტინგში უფრო მეტად ჩართო. ორი ადამიანი, რომლებიც არამხოლოდ გაიზარდნენ აიაქსთან ერთად, არამედ იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდა კლუბი და ხვდებოდნენ, რა იყო საჭირო, რომ აიაქსი კვლავ აიაქსად გადაექციათ. მათი ცხოვრების მთავარი საქმისგან დღეს ძალიან ცოტა რამ შემორჩა. ჩემნაირი აიაქსელისთვის ეს ძალიან მტკივნეულია”.

წერილი ზუსტად მიესადაგება იმ მდგომარეობას რომელშიც აიაქსი ახლა იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ წერილის გამოქვეყნებისას აიაქსი ბევრად კარგ ფორმაში იყო.

როცა აიაქსს ჩავარდნა ჰქონდა ყოველ ჯერზე იოჰან კრუიფი ბრუნდებოდა სხვადასხვა თანამდებობაზე და ყველაფერს თავიდან იწყებდა. მფრინავი ჰოლანდიელი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი იდეები ჯერ კიდევ ცოცხლობს, მხოლოდ სწორი ხალხია საჭირო იმისათვის, რომ აიაქსი თავის გზას დაუბრუნდეს.

რა თქმა უნდა, პრობლემა მხოლოდ მწვრთნელში არ არის. უბრალოდ შეუძლებელია ასე იყოს. მენეჯმენტში კი კრუიფის მასშტაბის კაცი ნიდერლანდებს კი არა, მსოფლიოს აღარ ჰყავს, თუმცა, არის კიდევ ერთი ძველი აიაქსელი, რომელსაც მენეჯმენტში ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლია, საუბარია ლუი ვან გაალზე. რთული კაცია. ისევე როგორც დიდი იოჰანი იყო. ისე არ მივა კლუბში თუ ბოლომდე არ დარწმუნდა რომ საქმეში ხელს არავინ შეუშლის, მერე კი შეუდგება ახალი აიაქსის შენებას, ძველ სკოლაზე დაყრდნობით.

სხვა გზა ჯერჯერობით არ ჩანს.

რაც შეეხება იოჰან კრუიფს, სულ მალე გამომცემლობა არტანუჯი გამოსცემს მის ავტობიოგრაფიულ წიგნს – „ჩემი შემობრუნება“. იქ უკვე დაწვრილებით ამოიკითხავთ რა აბრკოლებს ამსტერდამის აიაქსს, რატომ გადაუხვევს ხოლმე გზას და რა ინტერესთა კონფლიქტი არსებობს დირექტორატში.

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე