მთავარი სიახლეები

ვილი სანიოლისა და ჟორჟ მიქაუტაძის პრესკონფერენცია – შოტლანდიასთან მატჩის წინ

შოტლანდიასთან მოახლოებული მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან მარტში უკვე საპლეიოფო შეხვედრა გვაქვს. პროგნოზისგან თავს შევიკავებ, წინასწარ მოლოდინებს ადრე თუ გვიან ყოველთვის იმედგაცრუება მოჰყვება. შოტლანდია უკვე გასულია, ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშეს ამ ციკლში, რთული თამაში იქნება.

ჟორჟ მიქაუტაძე: ვარჯიშზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ყველაფერს ვაკეთებ რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. მარტისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. მინდა რომ პლეიოფს კარგ ფორმაში შევხვდე.

მოტივაციაში ოჯახი ძალიან მეხმარება, მცირე შანსისთვის, რამდენიმე წუთისთვისაც კი მონდომებით ვვარჯიშობ და დამატებით ვარჯიშებსაც ვატარებ.

სანიოლი: გუნდში კარგი ატმოსფეროა, ბოლო მატჩები კარგად ჩავატარეთ, სექტმებრის მერე ასეთი მატჩები გვჭირდებოდა. ფეხბურთელები ფოკუსირებულნი არიან, რაც შეეხება დავითაშვილს, ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ მამა ხდება, ეს ყველასთვის განსაკუთრებული მოვლენაა, მას ჰქონდა არჩევანი საფრანგეთში წასულიყო, მაგრამ ნაკრებში დარჩენა ამჯობინა.

მიქაუტაძე: მქონდა საუბარი მთავარ მწვრთნელთან, სანამ გადასვლის გადაწყვეტილებას მივიღებდი, მითხრა რომ თუ აიაქსში ჩამოხვალ აუცილებლად გათამაშებო, მაგრამ განსხვავებული გარემო დამხვდა. მოთამაშეებთან პრობლემა არ მაქვს, ინგლისურს ვსწავლობ და მათთან კომუნიკაცია არ მიჭირს.

სანიოლი: ბაზელისგან მივიღეთ ინფორმაცია რომ სიგუამ აქილევსი დაიზიანა. ამიტომ არ არის ჩვენთან. რაც შეეხება შოტლანდიას, მიუხედავად იმისა რომ უკვე გავიდნენ ფინალურ ეტაპზე, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. როგორც ჩვენ, ისე შოტლანდიელებიც ემზადებიან მომდევნო თამაშისთვის. ახლა ეს გუნდი ფინალურ ეტაპზე ითამაშებს და მათთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანი იქნება.

გეთანხმებით რომ ხვიჩას გასული სეზონი ბრწყინვალე იყო, რა თქმა უნდა, რთულია რომ ეს დონე შეინარჩუნო, მით უმეტეს, მაშინ, როცა მთლიანად ნაპოლი ვეღარ თამაშობს ჩვეულ დონეზე, ხვიჩა კლუბის ნაწილია. ეჭვი არ მეპარება, რომ კვლავ ათამაშდება ისე, როგორც წინა სეზონში. ეს სეზონი მას ზრდისთვის ძალიან დაეხმარება.

შემადგენლობაზე ვერაფერს ვიტყვი, ყოველთვის გსურთ რომ ყველა შემტევმა ითამაშოს და ძირითადში იყვნენ, ჩვენ 10 შემტევით ვერ ვითამაშებთ. ჩემი უპირველესი ამოცანა გუნდის დაბალანსებაა. რა თქმა უნდა, ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის ნაწილია, მიქაუტაძემ ბოლო მატჩები კარგად ჩაატარა, ჩაკვეტაძის გამო კი ძალიან ბედნიერი ვარ, ის პროგრესის გზაზეა, მჯერა რომ მუშაობას გააგრძელებს და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელს მივიღებთ. ყველა მწვრთნელს სურს რომ საუკეთესოები ათამაშოს, მაგრამ უპირველესი ამოცანა ბალანსის შენარჩუნება იქნება.

მიმაჩნია, რომ ძალიან გვიანია იმისათვის, რომ პლეიოფისთვის რაიმე სიახლეზე ვიმუშაოთ. ახლა უბრალოდ სწორი მიმართულებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ და თავდაჯერება შევიძინოთ.

შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებები უკვე გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს თეორიული შანსი ნორვეგიის ნაკრებს გადაასწროს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს. თუმცა, კალენდრიდან გამომდინარე ნაკლებსავარაუდოა.

შოტლანდიასთან მატჩი ხვალ, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე