ვინისიუსი და რასიზმი – რეალის შემტევის რასისტული შეურაცხყოფის საქმეზე დიდი სკანდალი აგორდა. ბრაზილიელს სოლიდარობას უცხადებენ, მათ შორის მამარდაშვილიც და კვარაცხელიაც არიან.
ლა ლიგის ბოლო ტურში ვალენსიამ მადრიდის რეალი 1:0 დაამარცხა. იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, და შესაბამისად მეფე, კი გიორგი მამარდაშვილი გახდა.
რეალმა მესტალიაზე მატჩი 10 კაცით ჩაამთავრა. რიკარდო დე ბურხოს ბენგოეჩეამ მოედნიდან ვინისიუსი გააძევა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს მთელი მატჩის განმავლობაში ვალენსიელი ქომაგები რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ცხადია, ამან ვინისიუსის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია.
რატომ გააძევეს ვინისიუსი
გიორგი მამარდაშვილმა მატჩის დამატებულ დროში 3 ურთულესი დარტყმა მოიგერია. კროოსის ჯარიმის შემდეგ კი ქართველმა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ბურთი მამარდაშვილის თანაგუნდელმა და მეგობარმა იუნუს მუსამ ხელში აიღო, რათა რეალს ის სწრაფად არ გაეთამაშებინა. ამ დროს კი მასთან ვინისიუსი მივიდა და ბურთი გამოართვა. კონტაქტის შედეგად მუსა გაზონზე აღმოჩნდა. მამარდაშვილი კი თანაგუნდელის დასაცავად ვინისიუსს მიეჭრა.
მოვლენები სწორედ ამ ეპიზოდში გართულდა. ფიზიკურად კონტაქტურ ეპიზოდში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთნენ. შეხლა-შემოხლის დროს ვინისიუსმა უგო დუროს სილა გააწნა. ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, მსაჯმა ყვითელი გაუუქმა და ბრაზილიელმაც არასპორტული საქციელის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
ვინისიუსი და რასიზმი – მესტალია ბრაზილიელის წინააღმდეგ
მთელი მატჩის განმავლობაში ვალენსიას ქომაგთა ნაწილი ვინისიუს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდა. ღამურების ტრიბუნიდან ბრაზილიელის მიმართ რასისტულ შეძახილებს სკანდირებდნენ.
70-ე წუთზე არბიტრს ვინისიუსმა მიანიშნა კიდეც, რომ მას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ. დე ბურხოს ბენგოეჩეამ მატჩი შეაჩერა და რასიზმის პროტოკოლი გააქტიურა.
ვინისიუსი ემოციების შეკავების მიჯნაზე იყო. ამ დროს კარლო ანჩელოტიმ მას ჰკითხა შეძლებდა თუ არა თამაშის გაგრძელებას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
Mono თუ Tonto – მაიმუნი თუ სულელი?
რას სკანდირებდა მესტალია – Mono-ს თუ Tonto-ს? კითხვა აქტუალური მატჩის შემდგომ გახდა.
კარლო ანჩელოტის ვალენსიელი ჟურნალისტები უმტკიცებდნენ, ქომაგები ვინისიუსს არა მაიმუნს, არამედ სულელს ეძახდნენო.
ანჩელოტიმ მედიის ვალენსიელი წარმომადგენლები ინდიფერენტულობაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ ის ფეხბურთზე საუბრის განწყობაზე არიყო.
ვინისიუსის მოქმედებას გამომწვევი და მცდარი უწოდა ლა ლიგის ინგლისურენოვანი რეპორტაჟის კო-კომენტატორმა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვალენსიელ გულშემატკივარს მიანიშნებდა, რომ მათი გუნდი ლა ლიგა 2-ში ვარდებოდა. კომენტატორმა რასიზმი საჯაროდ დაგმო, თუმცა დასძინა, რომ ასეთი თავდასხმა ვინისიუსს წმინდანად და უდანაშაულოდ ვერ აქცევს.
ვინისიუსის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს
საქმემ კიდევ უფრო სოლიდური იერი მიიღო. მადრიდში ესპანელმა სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს. ისინი რასიზმის ბრალდებით არიან დროებით პატიმრობაში.
ეჭვმიტანილებმა მადრიდის ერთ-ერთ ხიდზე ვინისიუსის გამოსახულებიანი ბანერი გადმოფინეს, რაც რასისტულ შინაარსს შეიცავდა.
მამარდაშვილის მხარდაჭერა ვინისიუსს
მატჩის შემდგომ გიორგი მამარდაშვილს Instagram პოსტზე რეალის ქომაგების ნაწილი რასისტობაში ადანაშაულებდა. ფეხბურთის ქართველი ქომაგისთვის, იმ თავითვე, ცხადი იყო, რომ მამარდაშვილმა იუნუს მუსა დაიცვა და კონფლიქტს მასსა და ვინისიუსს შორის რასისტული სარჩული არ ჰქონდა.
მამარდაშვილმა ყველანაირი კითხვის ნიშანი ამ თემაზე მიძღვნილი პოსტით გაფანტა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ვინისიუსს მხარდაჭერა გამოუცხადა და იქვე განუმარტა, თუ რით იყო ნაკარნახები მისი ქმედება.
“ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. @vinijr პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ”.
გიორგი მამარდაშვილი – საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე
კვარაცხელიას მხარდაჭერა ვინისიუსსა და მამარდაშვილს
რასიზმი დაგმო და მომხდარს გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელიაც. ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების შემტევმა ბრაზილიელს სოლიდარობა გამოუცხადა. ამას გარდა, კვარაცხელიამ მამარდაშვილის მხრიდან რასიზმის ყოველგვარი გამოვლინება გამორიცხა.
“მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი , კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს”.
ხვიჩა კვარაცხელია – საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელი
ვინისიუსი და რასიზმი – მე-10 საჩივარი ბრაზილიელისგან
მესტალიას ამბავი მე-10 შემთხვევაა ლა ლიგაში, როდესაც ვინისიუსი რასიზმის პირისპირ აღმოჩნდა. ყველა საჩივარი ბრაზილიელი ფეხბურთელისგან ბოლო ორ სეზონზე მოდის.
2022/23 წლების სეზონში სხვა შემთხვევების ნუსხა ასე გამოიყურება:
- სექტემბერი 2022 – ვანდა მეტროპოლიტანოზე მადრიდის ატლეტიკოსთან.
- სექტემბერი 2022 – ზოგიერთმა მიმომხილველმა ვინისიუსის გოლის აღნიშვნა გააკრიტიკა. კუთხურის ალამთან საგოლე ცეკვის შემდეგ რეალის შემტევმა ასეთი რამ თქვა: “ბედნიერი შავი[ფერადკანიანი] ბრაზილიელის ცეკვა ევროპაში”.
- დეკემბერი 2022 – ესტადიო ხოსე სორილია – ვალიადოლიდთან. ცვლილებაზე გასვლის შემდეგ მას მასპინძელთა ქომაგები დაუპირისპირდნენ.
- იანვარი 2023 – ვინისიუსის გამოსახულებიანი ბანერი მადრიდის ერთ-ერთ ხიდზე კლუბის საწვრთნელ ბაზასთან ახლოს გადმოფინეს. ინციდენტი ატლეტიკოსთან კოპა დელ რეის მატჩამდე მოხდა. ატლეტიკომ ფაქტს მიუღებელი უწოდა.
- თებერვალი 2023 – მალიორკას ქომაგებს ვიდეო გადაუღეს, როდესაც ვინის, რეალთან მატჩისას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფდნენ.
- მარტი 2023 – ლა ლიგამ დაგმო მორიგი ფაქტი, რომელიც ვინისიუსს ბარსელონასთან შეემთხვა.
- მაისი 2023 – მესტალია, ვალენსიას წინააღმდეგ.
ვინისიუსი და რასიზმი – მხარდაჭერა ბრაზილიელ ფეხბურთელს
ვინისიუსმა მადრიდის რეალის ვარჯიში გამოტოვა. ყოველ შემთხვევაში ის მინდორზე საწყისი 15 წუთის განმავლობაში არ გასულა. რაიო ვალეკანოსთან მატჩამდე ვარჯიშზე კი მედიისთვის ღია სესიის სწორედ ეს ნაწილი იყო ღია.
რეალის შემტევს სოლიდარობა გამოუცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმაც. ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, უსამართლობაა, როდესაც ვინისიუსი ბევრ სტადიონზე რასიზმის მსხვერპლი ხდება.
“მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო ახალგაზრდა, ფერადკანიან ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც რეალში თამაშობს. მას ვალენსიას სტადიონზე მძლავრად უტევდნენ და მაიმუნს ეძახდნენ.
წარმოუდგენელია, რომ ფაქტობრივად 21-ე საუკუნის შუაში ჩვენ რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის ფაქტებს ვაწყდებით. საწყალი ბიჭი, რეალში საუკეთესოა და ის ყოველ სტადიონზე რასიზმის გამოვლინებას აწყდება.
მნიშვნელოვანია, რომ FIFA-მ, ლა ლიგამ და სხვადასხვა ლიგამ სერიოზული ზომები მიიღონ. ვერ დავუშვებთ, რომ რასიზმი და ფაშიზმი სტადიონებს შიგნით დომინირებდნენ”.
ლუის ინასიო ლულა და სილვა – ბრაზილიის პრეზიდენტი
ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა რონალდომაც. პენტაკამპიონების ლეგენდარულმა შემტევმა მსოფლიო ფეხბურთს მეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ქრისტეს ქანდაკება ვინისიუსის მხარდასაჭერად ჩააქრეს
ბრაზილია საკუთარი მოქალაქის მხარდაჭერისას, მხოლოდ პრეზიდენტისა და გულშემატკივრების კომენტარებით არ შემოფარგლულა.
ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში ჩააბნელეს. განათების ჩაქრობით, ოფიციალურმა ბრაზილიამ სოლიდარობა ვინისიუსს გამოუცხადა. ცხადია, ალუზია ვინის ფერადკანიანობასა და მის მიმართ რასისტულ გამოხტომებზე იყო.
ვინისიუსი და ლუის რუბიალესი vs ხავიერ ტებასი
ვინისიუსმა მესტალიური მატჩის შემდეგ ლა ლიგა და მისი მესვეურები გულგრილობაში დაადანაშაულა. მერე კი დაამატა, რომ ესპანეთში რასიზმი ჩვეული ამბავია.
ამას გამოეხმაურა ლა ლიგის პრეზიდენტი. ხავიერ ტებასმა ვინისიუსს მოუწოდა, ჯერ კარგად გამოერკვეს ვითარებაში, ვიდრე ის ლა ლიგის კრიტიკას მოჰყვება.
ამის მერე ასპარეზზე გამოვიდა ლუის რუბიალესი. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ხავიერ ტებასს წლებია ერთმაენთთან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. აბა, რა გასაკვირია, რომ რუბიალესმა ბრაზილიელის მხარე დაიკავა და ვინის ურჩია, ტებასის კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოს.
რა ბედი ელის მესტალიას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილია. როგორც ესპანელები წერენ, ვალენსიას საშინაო სტადიონს მკაცრი, სამაგალითო სასჯელი ელის.