სარჩევი
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია უკრაინა და ჩეხეთი მატჩებამდე | Setanta Sports

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. ფრანგი სპეციალისტის ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა უკრაინასა და ჩეხეთთან გასამართ მატჩებს შეეხებოდა.

ვილი სანიოლი – ტაქტიკაზე

ბოლო 2-3 წელია იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთი და იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ. ალბანეთთან განსხვავებული ტაქტიკა იყო, რადგან, მაგალითად ქოჩორაშვილი იყო დისკვალიფიცირებული და ზოგჯერ სხვადასხვა რაღაცაც უნდა ვცადოთ.

თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს პროექტს, იდენტობას, თამაშის გზას უნდა მივყვეთ. ყოველ მატჩში ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, რადგან ფეხბურთელმა, რომელიც ნაკრებში მოდის, უნდა იცოდეს, რას ელოდოს.

ვილი სანიოლი – დაცვის რეზერვზე

გარკვეული დიდი ასაკის რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს და ამას ვერ შევცვლით. წარსულში რამდენიმე გზა და ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ, კალანდაძე, ხვადაგიანი და სხვები.

რთულია ამ საკითხზე და ვინმე კონკრეტულზე საუბარი, ეს თავად ფეხბურთელების განვითარებაზეა დამოკიდებული. ნელ-ნელა სხვა ახალგაზრდები მოდიან, მაგალითად, გოგლიჩიძე.

საბას ექნება ამ ორ მატჩში შანსი აჩვენოს მისი პოტენციალი და ის, თუ რამდენად შეუძლია დაგვეხმაროს, ამ 2-დან მინიმუმ 1 მატჩში. ის სავარაუდოდ ამ ორი მატჩიდან 1-ს დაიწყებს.

ის ახალგაზრდაა და ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის ნაკრების მომავალია, თუმცა 3 თვის წინ მის შესახებ არავინ საუბრობდა, რადგან ბევრს არ თამაშობდა და ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი არც კი ელოდა, რომ ის ამას შეძლებდა, მაგრამ მან ემპოლიში მიცემული შანსი გამოიყენა.

ცხადია, წითლის მიღება მისთვის რთული იყო, თუმცა ბოლო მატჩებში ბევრი კარგი რამ აჩვენა. იმედი მაქვს, რომ იმავეს უკვე ნაკრებში გააკეთებს.

მის უკან დიდი სია ნამდვილად არ არის. არ მყავს ბევრი ფეხბურთელი, ვინც წარმომიდგენია, რომ ნაკრებში ამ პოზიციაზე შემოგვიერთდეს. თუმცა 3 თვის წინ მოკლევადიან პერსპექტივაში თავად საბაც არ იყო ვარიანტი, თუმცა გახდა. მიიღო შანსი და გამოიყენა.

ალექსანდრე იაშვილი U21-ის შესახებ

U21 არის პლეი ოფში. გვაქვს შანსი, რომ პირველად გვაქვს სპორტულად, ჯგუფის დაძლევით მოვიპოვოთ, ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

ყველამ ვნახეთ და ვიგრძენით, რაოდენ საოცარი შეგრძნებაა ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე იქნება ეს თუ ეროვნული. შესაბამისად, მაყურებლის როლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონი გაივსება, ჩვენს ფეხბურთელებს მხარდაჭერა ექნებათ და წარმატებას მიაღწევენ ამ მატჩში.

ვილი სანიოლი – რონის დერბი

“დიახ, დერბი, სენტ-ეტიენი ლიონის წინააღმდეგ, ყოველთვის იყო და არის საკმაოდ დიდი მატჩი საფრანგეთში. ისტორიაზეა საუბარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ორი მოთამაშე გვყავს ამ დერბიში.

ზუკა ითამაშებს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, დაიწყებს თუ არა ჟორჟი მატჩს. თუ ბოლო კვირებსა და ლიონის მწვრთნელის გადაწყვეტილებებს მივყვებით, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ითამაშოს კიდეც.

რა თქმა უნდა, გულით მინდა ზუკას გამარჯვება და არა ჟორჟის. უბრალოდ, ორივე მოთამაშეს ვუსურვებ, რომ კარგად გაატარონ დრო, კარგი პირველი დერბი ჩაატარონ და დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს. ზურიკოს გოლების გატანას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გოლის გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

ხანდახან გყავს მოთამაშეები, რომლებსაც გოლები გააქვთ და ეს კარგია. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ზუკა, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში… ჩვენთან ოქტომბრის თამაშების შემდეგ ვიტყოდი, რომ ზუკა ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს.

ვფიქრობ, მას მეტი თავდაჯერებულობა აქვს. ის ნელ-ნელა ეგუება უმაღლეს დივიზიონს, ლიგა 1-ს. მოხარული ვარ მისი ბოლო თამაშების გამო.

და ჟორჟს რაც შეეხება, ვიცით, რომ მისთვის რთული სიტუაციაა. უბრალოდ ვუსურვებ, რომ უფრო და უფრო მეტი ითამაშოს. მან გუშინ საღამოს ითამაშა ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ. კარგი იყო მისი ფეხებისთვის, ყოველ შემთხვევაში. მისი თავდაჯერებულობისთვის, არ ვიცი. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვჭირდება ჟორჟი.

ჩვენ გვჭირდება ჟორჟი ფორმაში. ჩვენ გვჭირდება ჟორჟი თავდაჯერებულად. იმიტომ, რომ როდესაც ის თავდაჯერებულია, რა თქმა უნდა, ჩვენი შემტევი ლიდერია.”

ალექსანდრე იაშვილი – ბათუმის სტადიონზე

“ბათუმის სტადიონის ბალახი არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში. ამიტომაც არ თამაშობდა ბათუმის დინამო, რათა ამ სანაკრებო მატჩისთვის კარგად მომზადებულიყო მინდორი. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მდგომარეობაში დაგვხვდება.

ბათმუმში თამაშის კარგი გამოცდილება გვაქვს. თუ არ ვცდები, ბათუმში, ნოემბერში შვედეთთან ვითამაშეთ (2-0). იღბლიანია ეს ახალი სტადიონი. მოგეხსენებათ, მინდვრის საფარიც არის განახლებული, იქნება საუკეთესო მდგომარეობაში.

ამას გარდა, გულშემატკივარმა დაამტკიცა, რომ უდიდესი ძალაა და უდიდესი დახმარება შეუძლია ნაკრებისთვის. იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი და ნაკრები ერთად შეძლებს წარმატების მიღწევას.

ვილი სანიოლი – საყრდენ ნახევარმცველებზე

“კვეკვესკირი და მექვაბიშვილი – ჩემთვის ისინი ნაკრების ნაწილი არიან, როდესაც ტრავმა არ აქვთ და მწყობრში არიან.

მექვაბას ტრავმა ჰქონდა, თუმცა კვეკვეს ცოტა უფრო რთული სიტუაცია ჰქონდა. მან კლუბი შეიცვალა და დაიმტვრა. თუმცა ახლა ორივე თამაშობს და არ არსებობდა მიზეზი, რომ ისინი ნაკრებში არ ყოფილიყვნენ.

მექვაბა მინდორზე ყოველთვის საინტერესოა. დინამოშიც კი, როდესაც გუნდს თამაში არ გამოსდიოდა, ის ჩვენთან ერთად იყო.

კვეკვეს განსხვავებული სტილი და დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება გარედან ეს არ ჩანდეს, თუმცა ჯგუფში, ნაკრებში მისი ყოფნა მნიშვნელოვანია.

ამიტომაცაა რომ ამ ჯერზე ნონიკაშვილი და ალთუნაშვილი ჩვენთან ერთად არ არიან. თუმცა კონკურენცია კარგია. კონკურენციას საბოლოო ჯამში მხოლოდ დადებითი მოაქვს.

ნოემბერში ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და იმედია კარგად ვითამაშებთ, დონეს გავზრდით და მაქსიმალურად მზად შევხვდებით მარტში საკვალიფიკაციო ეტაპს.”

ალექსანდრე იაშვილი – გაბრიელ სიგუაზე

“გაბრიელ სიგუა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეს იმითაც დასტურდება, რომ ის ევროპის ჩემპიონატზე მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში წაიყვანა.

ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად ჰქონდა ტრავმები. მიხარია, რომ კარგად, ჯანმრთელად არის.

ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს, რომ 21-წლამდელთა ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მატჩებში დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

ვილი სანიოლი – ალბანეთთან მატჩზე

“სკამზე შეტევითი არჩევანი აღარ გვქონდა, ეს კი მატჩამდე ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო.

ეს წინასწარ, შეკრებამდე და სიის შერჩევამდე არ იყო დაგეგმილი, თუმცა ზოგჯერ უნდა გადაეწყო, აზრი შეიცვალო და ასეთი გადაწყვეტილებიც მიიღო.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიყავი ალბანეთთან მატჩის შემდეგ, რომლის ჩანაწერიც 10-ჯერ მაინც ვნახე და ნულ ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, როგორც მინიმუმ.

რაც შეეხება მომდევნო ორ მატჩს – ორი რთული შეხვედრა და ორი რთული ნაკრებია.

უნდა განვაგრძოთ იმის ჩვენება რაც გვაქვს, რომ საქართველო რთულად დასამარცხებელი გუნდია. გასაგებია, რაღაც მეტზე ვოცნებობთ, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ. უნდა ვხედავდეთ ჩვენს განვითარებას განგრძობითად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნულიდან 100-ზე ხუთ წამში ვერ ახვალ და მერე იმ დონეს ყოველთვის ვერ შეინარჩუნებ.

ეს დისტანცია ფაზებად იფარება. ახლა რთულ ფაზას გავდივართ, თუმცა საქართველო უნდა დავაფუძნოთ ამ დონეზე, სადაც ახლა ვართ. ეს დონე ჩვენს რეალურ ადგილს შეესაბამება. C ლიგიდან გუნდებს სურთ ასევე ითამაშონ B ლიგაში.

განვითრება ყოველთვის პირდაპირი არ არის. ხანდახან 6 ან 8 თვეს ერთსა და იმავე მიჯნაზე ატარებ და მერე განაგრძობ წინსვლას. აქ უნდა დავინახოთ ჩვენი განვითარება.

წინა წელს, ბოლო 12 თვეში ეს ევოლუცია საკმაოდ სწრაფი ტემპით მოხდა და ეს მძიმეა. ეს განვითარება უნდა გავიაზროთ და მივიღოთ.

ფეხბურთელებმა, სტაფმა, ფედერაციამ უნდა გავაანალიზოთ, რასაც სწორად ვაკეთებთ და განვაგრძოთ მისი კეთება და ერთ დღეს ვიტყვით, რომ ახლა წინსვლისთვის მზად ვართ და იქ ადგილის შენარჩუნებისთვის.

ამიტომაცაა ეს 2 მატჩი შესაძლებლობა, რომ დავინახოთ და ვაჩვენოთ ევროპულ ფეხბურთს, რომ რაც ბოლო ხანებში გვქონდა, არა გამართლების შედეგი, არამედ დამსახურებული რამ იყო და ასევე, ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება გვსურს.

ალექსანდრე იაშვილი – ბუდუ ზივზივაძე

“ბუდუ კარლსრუეში კარგად თამაშობს, ვფიქრობ, მთლიანად გუნდიც ასე გამოიყურება. ეხლა ბუდუსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, და ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება იქნება, რომ კარლსრუესთან ერთად დაბრუნდეს ბუნდესლიგაში.

ბუდუს რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, არაერთხელ გვინახავს. ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი თამაშობდეს მაღალ დონეზე. ძალიან გაგვიხარდება, თუკი მომდევნო სეზონში ბუდუ ბუნდესლიგაში ითამაშებს.”

ვილი სანიოლი – ბუდუ, ჩაკვე, ქოჩორა

კითხვა იმ განცდას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ბუდუ, ჩაკვე და ქოჩორა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არიან.

“იცით, ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, რადგან…  რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ყველა ჩემმა მოთამაშემ ითამაშოს ტოპ კლუბებში, უმაღლეს დივიზიონებსა და ტოპ ქვეყნებში. ეს არის ყველაფერი, რასაც ვუსურვებ მათ, რადგან ასე რომ იყოს, მაშინ მათი დონე… და, შედეგად, ჩვენი დონეც გაიზრდება. მაგრამ რეალობა სხვაგვარია.

არის ფეხბურთი, ბაზრები, ფინანსური და სპორტული რეალობა. და თუ ისინი იმყოფებიან იქ, სადაც არიან ამ მომენტში, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ვერ იპოვეს რაიმე უკეთესი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, გარკვეული მოთამაშეები, თუ ისინი გააგრძელებენ თამაშს, დარწმუნებული ვარ, ისინი მიაღწევენ უკეთეს დივიზიონებსა თუ უკეთეს ქვეყნებს.

და მე ვიქნები პირველი, ვინც ბედნიერი იქნება მათი წარმატებით. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

ან სურვილი, ან… მაგრამ შემდეგ, როგორც ვთქვი, არის რეალობა. და ამ წუთში ბუდუ კარლსრუეში თამაშობს. ჩაკვეტაძე უოტფორდში თამაშობს.

ქოჩორაშვილი კი ლევანტეში თამაშობს. ქოჩორაშვილი ჯერ კიდევ არ არის ბარსელონაში. ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ არ არის ჩელსიში.

და ბუდუ ჯერ კიდევ არ არის ბაიერნში. მაგრამ ვუსურვებ მათ, რომ ერთ დღეს მიაღწიონ ამას.”ვილი სანიოლი საბა გოგლიჩიძეზე

ვილი სანიოლი საბა გოგლიჩიძესა და 21-წლამდე ნაკრებზე

“რაც შეეხება გოგლიჩიძეს, გადაწყვეტილება, როცა მოთამაშე 21-წლამდელებში მიდის ან პირიქით, ეროვნულ გუნდში წინაურდება, შეიძლება გასაგები იყოს, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, ზოგჯერ, როდესაც არის განსაკუთრებული თამაშები ან განსაკუთრებული შეჯიბრებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ ვართ ფედერაცია და ერთად უნდა ვიმუშაოთ.

ის ახლა ეროვნულ ნაკრებშია და როგორც ვთქვი, ერთ მატჩს მაინც ითამაშებს, არ ვიცი, ვნახოთ, მაგრამ ერთ მატჩს მაინც ითამაშებს. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ მას წარმატებები ვუსურვო მომავალ პლეიოფში 21-წლამდე ნაკრებში. იმის გამო, რომ დიდი თამაშია 21-წლამდელებისთვის, ეს დიდი გამოცდილება იქნება, რაც ეროვნულ ნაკრებში წაადგებათ შემდგომ.


ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდნენ.”

ვილი სანიოლი ნოემბრის შეკრებაზე

“მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა დაიბრუნოს ის აგრესიულობა, რომელიც გვქონდა გასულ მარტში, გასულ ევროპის ჩემპიონატზე, გასულ სექტემბერსა და ოქტომბერში. სწორედ ეს გვაკლია. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი აგრესიულობა გოლით თუ უგოლოდ. ინტენსივობა – ეს უნდა დავიბრუნოთ. თუ მოთამაშეებმა კვლავ იპოვეს აგრესიულობისა და ინტენსივობის გასაღები, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სრულიად განსხვავებული თამაში, ვიდრე პოლონეთში გვქონდა.

ჩემთვის ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ნოემბერში დაგეგმილ ორ თამაშზე არის ის, რომ ნოემბერში უნდა ვიყოთ უფრო კონცენტრირებულები, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მენტალიტეტი, რაც გვაიძულებს, მივაღწიოთ გარკვეულ მიზნებს და არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, განსაკუთრებით ფეხბურთელებს არასოდეს უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ცალკეულად არავინ არიან, მაგრამ, როგორც გუნდს, მათ შეუძლიათ იყვნენ ვინმე. და ამას თუ ამას გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ, შემდგომ წარმატებებს მივიღებთ.

საქართველო vs უკრაინა 16 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ჯგუფში იმავე დღეს ალბანეთი და ჩეხეთი ითამაშებენ. პარალელურ მატჩში ფრე და ბათუმში საქართველოს გამარჯვება, ვილი სანიოლის გუნდის შანსებს – მოიგოს ერთა ლიგის ჯგუფი და დაწინაურდეს A ლიგაში, საგრძნობლად გაზრდის.