უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ფიფას ირანის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნის მოთხოვნით. ამის მიზეზი ირანის ომში ჩართვა გახდა. “ირანი რუსეთს აწვდის კამიკაძე დრონებს, რომლითაც უკრაინას ბომბავენ“, – განაცხადა ვლოდიმერ ზელინსკიმ, თუმცა, ირანმა ეს ბრალდება უარჰყო.
აქამდე ფიფამ და უეფამ რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებები მოკვეთეს, უკრაინაში შეჭრისა და ომის მხარდაჭერის გამო, ახლა მათ მოკავშირედ ირანი მოგვევლინა და საფეხბურთო ორგანიზაციებისგან ანალოგიურ ქმედებას ითხოვენ.
ირანის ნაკრები ჯგუფში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოხვდა, ამაზე პრინციპული დაპირისპირება მათთვის არ არსებობს, ოფიციალურ დონეზე გუნდები ერთმანეთს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, მაშინ გამარჯვება ირანის ნაკრებს დარჩა, ანგარიშით 2:1. ორი წლის შემდეგ კი ამხანაგური მატჩი შედგა, შეხვედრა ყაიმით დასრულდა, – 1:1.
მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში შეერთებული შტატებისა და ირანის გარდა, ინგლისისა და უელსის ნაკრებები ითამაშებენ.