ექსკლუზიურად Setanta Sports-ზე, 11 ივნისიდან 28 ივნისამდე ქართველ გულშემატკივრებს UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ყურება პირდაპირ ეთერში შეეძლებათ.
Setanta Sports-მა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სამაუწყებლო უფლებები ოფიციალურად მოიპოვა. 2 კვირის განმავლობაში ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ბრენდის პლატფორმასა და სატელევიზიო არხებზე იქნება ხელმისაწვდომი.
წლევანდელ 21-წლამდელთა ჩემპიონატს Setanta Sports-ისთვის გამორჩეულს ისიც ხდის. რომ მაყურებლებს პირველად, ქართულ სანაკრებო დაპირისპირებებსაც შესთავაზებს.
„Setanta Sports-ის გუნდი ტურნირს ტრადიციულად, სრულად გააშუქებს და მაქსიმალურად შეეცდება, მაყურებლისა და სპორტის გულშემატკივრებისთვის ყურების უნიკალური გამოცდილება შექმნას. თანაც, საქართველოს U21-ის მონაწილეობით გასამართი ტურნირი და მისი მედია დაფარვა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იქნება“ – ბაჩა მალაზონია, Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი
UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპა – საქართველოს გზა
ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავების ერთ-ერთი პირველი პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი, Setanta Sports-ისა და მთლიანად საქართველოსთვის, განსაკუთრებულ დატვირთვას რამდენიმე მიზეზის გამო ატარებს.
პირველ რიგში, ევროპის ეს ჩემპიონატი საქართველო U21-ისთვის ისტორიულია, რადგან მასზე მონაწილეობის უფლება რამაზ სვანაძის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით მოიპოვა.
აქამდე, საქართველო U21-ის მაქსიმუმი კვალიფიკაციაში მე-3 ადგილი იყო. ახლა კი დაძაბულ ბრძოლაში, ნიდერლანდების შემდეგ ჯგუფში ჯერ მეორე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ხორვატიას აჯობა პლეი ოფში, პენალტების სერიის მეშვეობით.
თანაც, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის საუკეთესო 16 გუნდში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს.
მაშინ, რამაზ სვანაძის გუნდი ურთულეს მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში მეოთხედფინალამდე მივიდა და ისრაელთან პენალტებში დამარცხდა. ამავე გათამაშებაში, საქართველოს, ქართველ გულშემატკივარსა და დინამო არენას 21-წლამდელთა ტურნირზე მაყურებლის დასწრების რეკორდი ეკუთვნის. ისრაელთან მატჩს 44 338 გულშემატკივარი დაესწრო.
UEFA 21-წლამდელთა ჩემპიონატი 2025 სლოვაკეთში
2025 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს და მატჩები 8 ქალაქში გაიმართება.
მასში მონაწილეობას ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს. საქართველოს U21-ს წილისყრის შედეგად რთული მეტოქეები შეხვდა.
რამაზ სვანაძის გუნდი C ჯგუფში პორტუგალიის, საფრანგეთისა და პოლონეთის U21 ნაკრებებთან ითამაშებს.
საქართველო U21 ჯგუფური ეტაპის მატჩებს 11, 14 და 17 ივნისს, შესაბამისად, პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
ტოპ 16 ნაკრები ჯგუფებში ასე გადანაწილდა:
A ჯგუფი
სლოვაკეთი ესპანეთი იტალია რუმინეთი
B ჯგუფი
ჩეხეთი ინგლისი გერმანია სლოვენია
C ჯგუფი
პორტუგალია საფრანგეთი პოლონეთი საქართველო
D ჯგუფი
ფინეთი ნიდერლანდები უკრაინა დანია
“გვჯერა, რომ წლევანდელი 21-წლამდელთა ჩემპიონატი ახალი და საინტერესო ეტაპის დასაწყისი იქნება, როგორც ქართული ფეხბურთისთვის, ასევე Setanta Sports-ისთვის. ვამაყობთ, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე საქართველოს ნაკრების გვერდით ვიქნებით და ქართველ გულშემატკივრებს გამორჩეულ გამოცდილებას შევთავაზებთ“ – ბაჩა მალაზონია.