U21 ხორვატია vs საქართველო – აუცილებლად არწასაგები თამაში რიეკაში. იმ შემთხვევაში, თუ რამაზ სვანაძის გუნდი არ წააგებს ხორვატ თანატოლებთან, ისტორიაში მეორედ მოახერხებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას.
U21 ხორვატია vs საქართველო – რა გვითხრა პირველმა შეხვედრამ?
მიხეილ მესხზე გამართულმა მატჩმა 1-ბურთიანი უპირატესობით ჩაგვიყვანა ხორვატიაში. შესაძლოა, მატჩამდე ამ შედეგზე ხელი თითოეულ ქართველს მოეწერა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას განვითარებულმა სცენარმა მეტის სურვილი და, შესაბამისად, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დატოვა. ნაადრევმა გოლმა, რომელიც ავტოგოლად ხორვატთა ნახევარმცველს, სალდოს გაუფორმდა, მეტის ამბიცია გაგვიჩინა. ამას დაერთო მე-60 წუთზე ხორვატიის მეკარის გაძევებაც. მიუხედავად ამ და სხვა სათამაშო მცირე უპირატესობისა, მხოლოდ და მხოლოდ 1-ბურთიანი უპირატესობა მივიღეთ.
U21 ხორვატია vs საქართველო – შემადგენლობები
საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ოპტიმალური შემადგენლობითაა წარმოდგენილი, თუ, რა თქმა უნდა, საბა გოგლიჩიძის დანაკლისს არ გავითვალისწინებთ. გუნდს დისკვალიფიკაციიდან ნოდარ ლომინაძე და საბა ხვადაგიანი დაუბრუნდნენ. გარდა ამისა, ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს ირაკლი აზაროვიც, რომელმაც თბილისში გამართული შეხვედრის ბოლოსკენ იძულებით გავიდა, რისი მიზეზიც ფეხის კუნთის სპაზმი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ხორვატთა გუნდს, წითელი ბარათის მიღების გამო პირველი მეკარე, ნიკოლა ჩალვინა გამოტოვებს რიეკაში გასამართ მატჩს. თუმცა ხორვატებს დაუბრუნდათ ლეონ ბელჩარი და დიონ ბელიო, რაც მასპინძლებს შემადგენლობის სიღრმის გასაზრდელად დაეხმარებათ.
U21 ხორვატია vs საქართველო – პრესკონფერენცია
ივიცა ოლიჩი ოპტიმისტურად უყურებს განმეორებით შეხვედრას და მიიჩნევს, რომ მისი გუნდი პირველი მატჩის შემდეგ დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს და საკუთარ ძალას საშინაო კედლებში გამოაჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში თამაში დაცემით იყო მოცული, ხორვატთა მწვრნთელს სჯერა, როგორც გუნდის, ისე მათი თამაშის ხარისხის.
„რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა საკუთარ მოედანზე ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაში. მიუხედავად ამისა, თავი არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა ვიჩქაროთ, რადგანაც მოწინააღმდეგემ იცის, როგორ უნდა დაგვსაჯოს.“
რაც შეეხება რამაზ სვანაძის პრესკონფერენციას, ქართველთა მწვრთნელი სირთულითა და სიმძიმით დატვირთულ მატჩს ელოდება. ამასთან ერთად, დარწმუნებულია, რომ მეტად სტრესული დაპირისპირება იქნება, ვიდრე ეს თბილისში იყო. რამაზ სვანაძემ ისიც დასძინა, რომ მომავალი მატჩის ბედს ფსიქოლოგიური ასპექტი გადაწყვეტს – ამ კომპონენტში რომელი გუნდიც იქნება ძლიერი, ის გაიმარჯვებს.
“ველოდებით უფრო დიდ ზეწოლას, იმაზე მეტს, ვიდრე ეს თბილისში იყო. ჩვენი მოსამზადებელი ნაწილიც იმისკენ არის მიმართული, რომ მზადყოფნაში შევხვდეთ ნებისმიერ სცენარს.”
U21 საქართველო vs ხორვატია – პირდაპირი რეპორტაჟი
სანამ ჩვენი ეროვნული გუნდი ოლომოუცში ჩეხების დამარცხებასა და ერთა ლიგის ჯგუფის მოგებას ეცდება, მანამდე ჩვენი ახალგაზრდული გუნდები ითამაშებენ, ჯერ U19 ტალინში ესტონეთს დაუპირისპირდება, შემდეგ კი U21 ეცდება მიზნის მიღწევასა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას.
მატჩი 19 ნოემბერს 21:55 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟის ხილვას პირველი არხი სპორტზე შეძლებთ.
იმ შემთხვევაში თუ ხორვატიის ბარიერს გადალახავენ ქართველი 21-წლამდელები, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც U21 საქართველო ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდება.