სარჩევი
U19 საქართველო vs პოლონეთი - ელიტ რაუნდი იწყება | Setanta Sports

U19 საქართველო vs პოლონეთი – ბრძოლა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იწყება. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ელიტ რაუნდს თბილისში ატარებს და ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსიც აქვს.

საქართველო U19 vs პოლონეთი U19

U19 საქართველო vs პოლონეთი მიხეილ მესხი 2-ზე, 19:00 საათიდან დაიწყება. გულშემატკივრების დახმარება კი უმცროს ჯვაროსნებს ძალიან დასჭირდებათ.

პოლონეთი U19 ელიტ რაუნდის ჩვენს ჯგუფში პირველი კალათიდან მოხვდა. თუმცა ზედ ელიტ რაუნდის სტარტს პოლონელები მაინც და მაინც საუკეთესო განწყობით ვერ ხვდებიან.

თუკი პოლონურ მედიას დავეყრდნობით, ვოიჩიეხ კობეშკოს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა, მათგან ერთ-ერთი კი ტორინოს ფეხბურთელია.

ამის მიუხედავად, პოლონეთი U19 ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა მისი დამარცხების შემთხვევაში ამ რეგალიას საქართველო U19 გადაიბარებს.

თუმცა სტატუსი და რეგალია ამ საკმაოდ თანაბარ და საბრძოლო ჯგუფში ბევრს არაფერს გადაწყვეტს. აქ მთავარი მინდორზე ბრძოლა იქნება, რომელიც როგორც ლაშას გაწვრთნილ გუნდებს ახასიათებთ ხოლმე, ასევე თავად იმ ბიჭებს, რომლებიც საქართველო U19-ის ღირსებას იცავენ.

პირველი ნაკრებისა და U21-შემდეგ ევროპის ჩემპიონატს U19-იც თუ ითამაშებს, ეს განგრძობითობის თვალსაზრისით ქართული ფეხბურთის ახლებურ სავიზიტო ბარათს კიდევ მეტ დამაჯერებლობასა და ელვარებას შესძენს. ეს კი კიდევ უფრო მძლავრი გზავნილი იქნება, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, ტოპ ჩემპიონატებიდან, ქართველ ტალანტებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეთ.

U19 საქართველო – ელიტ რაუნდის ჯგუფი

საქართველო U19 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი მხოლოდ ნორვეგიას ჩამორჩა.

ამიტომაც, საქართველო U19-ს ლატვიის შემდეგ, რომელიც საუკეთესო მესამეადგილოსნით გავიდა ელიტ რაუნდში, ყველაზე დაბალი განთესვა ჰქონდა.

შესაბამისად, მე-2 ჯგუფში საქართველო U19 მე-4 კალათიდან შევიდა. ამის მიუხედავად, უმცროს ჯვაროსნებს წილისყრის შედეგად ისეთი მეტოქეები შეხვდათ, რომელთა წინააღმდეგაც ბრძოლა და ევროპაზე გასვლა თამამად შეიძლება.

პოლონეთი
სლოვაკეთი
მონტენეგრო
საქართველო

19 მარტი | საქართველო – პოლონეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო – სლოვაკეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო – მონტენეგრო | მიხეილ მესხი 2 | 19:00

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი რუმინეთში 13-26 ივნისს გაიმართება. მასპინძელ რუმინეთს 7 სხვადასხვა ჯგუფის გამარჯვებულები შეუერთდებიან. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის სათამაშოდ საქართველო U19-ს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მართებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატებზე ყველა დონეზე, U17, U19 და U21-ზე უთამაშიათ.

იმედია, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი გახდება U19 დონეზე მეორე ფორმაციის ნაკრები, რომელიც ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ამისთვის ნაკრებს გულშემატკივრის დახმარება აუცილებლად დასჭირდება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

U19 საქართველო შემადგენლობა

მეკარეები: მათე საური (რიუ ავე, პორტუგალია), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), რატი გრიგალავა (კოლხეთი 1913).

ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (რიუ ავე, პორტუგალია), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), ლევან ნაჭყებია (დინამო თბილისი).

*ფოტო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

რაც შეეხებათ სხვა ასაკობრივ ნაკრებებს, გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, მარტში, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი – ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგულ ტურნირს ყაზახეთი უმასპინძლებს.

ვასილ მაისურაძის 18-წლამდე ნაკრები, რომელიც 2025 წლის ნოემბერში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, ხორვატიაში – სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება. 

სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები 2025 წლის შემოდგომაზე – ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. მატჩებს 19-წლამდელთა ელიტ რაუნდის მსგავსად საქართველო უმასპინძლებს.