ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი – EFL თასის ბოლო ნახევარფინალისტს ეს წყვილი გაარკვევს. მატჩი საქართველოს დროით 23:55 წუთზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.
მეოთხედფინალური სტადია არსენალმა, ნიუკასლმა და ლივერპულმა უკვე დაძლიეს.
არსენალი | 3-2 | კრისტალ პალასი |
ნიუკასლი | 3-1 | ბრენტფორდი |
საუთჰემპტონი | 1-2 | ლივერპული |
ტოტენჰემი | – | მანჩესტერ იუნაიტედი |
მანჩესტერული დერბის გასვლაზე მოგების შემდეგ რუბენ ამორიმს მორიგი გამოცდა ელის. ამჯერად მეტოქე ენჯ პოსტეკოღლუ და მისი ტოტენჰემი იქნება.
იუნაიტედს გარდა ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების მოტივაციისა, რევანშის სურვილიც ექნება. დეზებმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მანჩესტერს 3-0 მოუგეს, თანაც ოლდ ტრაფორდზე.
ზოგადად, მანჩესტერს ტოტენჰემი 2 წელია არ დაუმარცხებია. ბოლოს ეს 2022 წლის ოქტომბერში მოხდა.
რაც შეეხება სათასო ბატალიებს, გუნებს თასებზე 2018 წლის შემდეგ არ უთამაშიათ. მაშინ FA თასზე წითელმა ეშმაკებმა გაიმარჯვეს.
უშუალოდ EFL თასზე კი წყვილი ბოლოს 2009-10 წლების სეზონში, სწორედ მეოთხედფინალში შეხვდა. მაშინ დარენ გიბსონის დუბლით წითლებმა მოიგეს.
ერთი სეზონით ადრე კი მანჩესტერმა მეტოქე როგორც ასოციაციის, ასევე ლიგის თასზე დაამარცხა. ამ უკანასკნელის ფინალში ბენ ფოსტერი მატჩის გმირი გახდა. 0-0-ის მერე პენალტების სერიაში, გემახსოვრებათ, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა, ფოსტერისგან პედის გამოყენებას, სადაც ანალიტიკოსებს ჰოთსპურის ფეხბურთელების პენალტები ჰქონდათ გარჩეული.
ის სერია მანჩესტერმა 4-1 მოიგო. ბენ ფოსტერმა ჯეიმი ო’ჰარას პირველივე დარტყმა აუღო, ბოლოს კი ბენტლისაც გამოუცნო მიმართულება, თუმცა იქ ბურთი უკვე კარს აცდა.
ტოტენჰემს მანჩესტერთან არასახარბიელო სათასო სერია აქვს დასასრულებელი, მანჩესტერს კი 2-წლიანი ნავსი – გასატეხი.
EFL თასი – ნახევარფინალის წილისყრა
ნახევარფინალები უკვე 2-2 მატჩად, შინ-სტუმრად პრინციპით ჩატარდება. წილისყრა კი ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი მატჩის დასრულებიდან მალევე გაიმართება.
SKY SPORTS-ის ეთერში წილისყრა მარკ ჩეპმენი გაუძღვება. ასისტენტობას მას ჯეიმი რედნაპი და იზი კრისტიანსენი გაუწევენ.
ოთხივე გუნდს საკუთარი ციფრი ექნება. გუნდები ყოველგვარი განთესვის გარეშე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ნახევარფინალები 6 იანვრისა და 3 თებერვლის კვირებში გაიმართება.
ფინალი უემბლიზე შედგება.