მილანი vs ნაპოლი – სულ სხვა ამბავი ქართულ რეალობაში

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მილანი ნაპოლის უმასპინძლებს.

ანონსი დიდებულია, თავისი თაობის ორი გამორჩეული ფეხბურთელი ეცდება გუნდი ნახევარფინალში გაიყვანოს. მილანელების მთავარი იმედი რაფაელ ლეაუა, ნეაპოლელები კი ხვიჩა კვარაცხელიას მაგიის იმედზე არიან.

სერია ა-ში სამი ქულა გაიცვალა. პირველ წრეში ნაპოლიმ მოიგო სან სიროზე, მეორე წრეში კი, სულ მცირე ხნის წინ, მილანმა ნაპოლი სტადიო დიეგო მარადონაზე გაანადგურა.

ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ჯერია. სულ სხვა ტურნირია. სულ სხვა დეტალებს აქვს მნიშვნელობა. მილანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ მხოლოდ ისტორია გადამწყვეტი ფაქტორი ვერ იქნება.

ევროთასებზე

მილანი და ნაპოლი ევროთასებზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ბევრი იხსენებს 2002/03 წლების სეზონს, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ასევე სამი იტალიური გუნდი გავიდა მეოთხედფინალში და თითოეულმა შეძლო ბარიერის დაძლევა. ამჯერად, სამ იტალიურ კლუბს ნახევარფინალში ვერ ვიხილავთ, რადგან მეოთხედფინალში უკვე იტალიური დერბი გვაქვს.

გუშინდელის მერე, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ იტალიური ნახევარფინალი შედგეს. ნახსენებ სეზონში, მილანური დერბი ვნახეთ, შემდეგ კი იტალიური ფინალი. ქართველმა ფეხბურთელმა პირველად აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.

სულ სხვა ამბავია..

კი, უკვე ვნახეთ ქართველი ამ დონეზე, ამ სიმაღლეზე, მწვერვალზეც კი ვნახეთ თასით ხელში, მაგრადაც ვინერვიულეთ ნახევარფინალში ინტერთან, მერე ფინალში, როცა პენალტი ვერ გაიტანა, ვიამაყეთ კიდეც, როცა შევჩენკომ წერტილი დასვა და კახი მალდინისთან ერთად ჩაებღაუჭა რთულად მოსახელთებელ ტიტულს, მაგრამ.. ეს სულ სხვა ამბავია.

საერთოდ, ეს სეზონი უნიკალურია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ქართველია, არამედ იმიტომ, რომ მსგავსი რამ აქამდე ალბათ არც მომხდარა, აბა, სად გინახავთ ამხელა ნახტომი?!

ევროპაში რუბინს მხოლოდ იმით იცნობენ, რომ თავის დროზე გვარდიოლას ბარსელონას მოუგო და მწვრთნელი მთელი მატჩის მანძილზე კრიალოსანით ხელში ლოცულობდა. ეგ არის და ეგ, ჩვენ გავიცანით დესპოტოვიჩი, დუპინი და ძმანი მისნი, თორემ, დასავლეთში აბა ვის რაში აინტერესებს?!

12 მილიონი ღირს, მეტი არაო – გვესმოდა სეზონის წინ. ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა და საუკეთესოობისკენ ისწრაფვის.

არ გიფიქრიათ, რას ფიქრობენ ახლა რუბინის ფეხბურთელები, ან ქომაგები, ის გულშემატკივარი, რომელიც არასდროს ავსებდა სტადიონს, ახლა შეუძლიათ შვილიშვილებს მოუყვნენ, რომ მათ ქალაქში კვარაცხელია თამაშობდა, მაგრამ თამაშზე წასვლა ეზარებოდათ.

ვინც დადიოდა, შეერგოს!

ჩემპიონთა ლიგაზე ქართველს ასე არასდროს უთამაშია. საერთოდ, ოდესმე თუ უთამაშია ქართველს ამ დონეზე?! უხუცესებმა ისიც კი მითხრეს ამის მსგავსი მესხიც არ ყოფილაო. მე არ მაქვს ამის თქმის უფლება, არ მინახავს და არ ვიცი, მაგრამ ძველთაგან უკვე მოვისმინე.

რით დავიმსახურეთ?

ქართველი ქომაგის ფენომენი

ეგეც მომისმენია ხვიჩას შემხედვარე, რით დავიმსახურეთო, ნუთუ, ასეთი კარგი ხალხი ვართ, ასეთი მაგარი საჩუქარი რომ მივიღეთ? ფაქტობრივად, ყოველი კვირის ბოლოს, ხანდახან შუა კვირაშიც, გარანტირებული ბედნიერება გველის წინ.

ქართველ ქომაგზე ათასი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ მათ შორის მცირეზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ქომაგთა შორის ქომაგებზე!

არის ასეთი ხალხი, ქართველებს ეძახიან ერთმანეთს და ფეხბურთზე გიჟდებიან. ისე გიჟდებიან, რომ დესპოტოვიჩი იციან ვინ არის და რომელი ფეხი აქვს ძლიერი, ეს იციან იმიტომ, რომ თავის დროზე, კარგად გამოეთვალათ, როდის და რა ვითარებაში შეძლებდა თავისგან მარცხნივ პასის გაკეთებას.

ეს ქართველები ქართველ ფეხბურთელებს მიჰყვებოდნენ ყველგან, მათ შორის ისეთ ქვეყნებში სადაც წასვლას არავის ვუსურვებთ. მიჰყვებოდნენ ისეთ კლუბებში სადაც ფეხბურთის თამაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს და კაცმა არ იცის როდის მობეზრდებათ, მიჰყვებოდნენ მეორე და მესამე ლიგებში. ეძებდნენ მათ თამაშებს გაურკვეველ საიტებზე, ამოუხსნელი ლაბირინთების დაძლევით პოულობდნენ სიგნალს და უყურებდნენ მონიტორს სადაც მწვანე მინდორის გარდა ნორმალურად არაფერი ჩანდა, გაურკვეველ ენაზე მოლაპარაკე კომენტატორისგან იგებდნენ თამაშობდა თუ არა ჩვენი ქართველი ბიჭი, ნიჭიერი, ან უნიჭო, ქალაქელი, ან სოფლელი, მშრომელი, ან ზარმაცი, ჭკვიანი, ან სულელი, არ აქვს მნიშვნელობა, ქართველს თუ ეძახდნენ, ეძებდნენ და პოულობდნენ, მერე იმ უკანასკნელ 5-10 წუთს ელოდნენ როცა ამ დალოცვილს მოედანზე შემოიყვანდნენ და უნდა გენახათ ამ ქართველების ბედნიერება, როცა იმ 10 წუთში რაღაც ხეირიანს გააკეთებდა ეს დალოცვილი, მერე ატყდებოდა ფორუმებზე ამბავი, რომ ეს ბიჭი მეტს იმსახურებს! ცოტაც და დონეცკის მეტალურგის დონეს გაქაჩავს, მაგას ვენაცვალე!

თუ არ შემოიყვანდნენ, გვრჩებოდა მუქთად ეს გაუგებრობა, ყველგან ერთნაირად ვერ თამაშობენ, მაგრამ ასე უნამუსოდ ყველგან ფეხბურთს ეძახიან. დიდი სევდა იყო ხოლმე ამ დროს. აბა, ფორუმზე როგორ უნდა შეატყო, მაგრამ მძიმედ სუნთქავდნენ ხოლმე ქართველები.

მერე, იმ დიდ წლებს იხსენებდნენ და მერე უკვე აღარც იხსენებდნენ იმიტომ, რომ ამოვიდა ყელში.

ჰოდა, ეს ხალხი, აი, ეს ქართველობა თუ არ იმსახურებს ამ ბრილიანტს, აბა ვინ იმსახურებს?! აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და პოლონეთის მეორე ლიგის ყურებაში ღამენათევებს, ოდესმე ხომ უნდა ენახათ დიდი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოს დროშებით, დიდი მოლოდინით, დიდი სიხარულით..

ეს ხალხი ამას იმსახურებს.

დანაკლისი

მთავარი თემა ოსიმენის ჯანმრთელობაა. საერთოდ, დიდი ხანია მსჯელობენ უნდა იყოს თუ არა სანაკრებო პაუზა მეოთხედფინალების წინ. პირველად არ ხდება, როცა განსაკუთრებით ხშირად, ზუსტად ამ დროს იღებენ ტრავმებს. ბევრჯერ მომხდარა, მთელი სეზონი მაგრად უთამაშია გუნდს და ამ პაუზას ყველაფერი გაუფუჭებია.

დაიწერა კიდეც, ფავორიტი ის იქნება, ვინც ტრავმებს გადაურჩებაო. ოსიმენი ვერ გადაურჩა, ეს კაცი კიდე რა ძალაა კარგად მოგვეხსენება. თუმცა, მილანს ფავორიტად ბევრი მაინც არ მიიჩნევს.

ამას სიმეონეს ტრავმაც დაემატა და სპალეტის მესამე ფორვარდი დარჩა რასპადორის სახით. ნაპოლის უკვე უთამაშია პირველ წრეში ოსიმენის გარეშე, კვარას კარგი პარტნიორობა გაუწიეს სიმეონემ და რასპადორიმ, ორივემ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ეს სულ სხვა ეტაპია, სულ სხვა დონის შეხვედრა, მთავარი კაცი დამტვრეულია, სიმეონეც მიჰყვა და რასპადორისაც ვერ ჩაუმთავრებია ვარჯიში. აი ასე, ყველაფერი ერთად.

სპალეტის კიდევ აქვს ერთი ვარიანტი, რომელზეც ბევრი წერს და საუბრობს. ნაპოლის ჰყავს ელმაზი, რომელიც მშვენივრად თამაშობს მარცხენა გარემარბის პოზიციაზე და ჰყავს კვარაცხელია, რომელსაც ცენტრშიც შეუძლია თამაში. გნებავთ ცრუ ცხრიანზე, გნებავთ ფორვარდად. ცენტრალური მცველების ზურგსუკან ვერ გაიხსნება თუ რა?!

მოკლედ, არის ვარიანტები და სპალეტის ბევრი ფიქრი მოუწევს. ახლა უკვე ყველაფერს დეტალები წყვეტს.

მილანს კიდე ბებერი იბრა დააკლდება. თუმცა, რა ფუნქციებსაც ზლატანი ასრულებს მილანში, იმას ნატკენი ფეხითაც შეძლებს. შევა გასახდელში და მაგრად დამუხტავს თავისიანებს.

კვარა vs ლეაუ

ეს ბიჭიც მაგარია. არაფერი აკლია. მაგარი ათლეტია, ძლიერი და სწრაფია, ტექნიკურად რა შეუძლია ნეაპოლშიც ვნახეთ. რთული იქნება მისი დაჭერა.

შეიძლება ითქვას, რომ ერთით ნულია მის სასარგებლოდ. ნეაპოლში ის იქცა გმირად, კვარას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, გუნდმა ჩააგდო მატჩი და ხვიჩაც ვეღარ გამოჩნდა ეფექტური.

ახლა კიდე მეორე რაუნდია მათ შორის, (ლეაუმ მილანური მატჩი გამოტოვა სერია ა-ს პირველ წრეში) მერე მესამეც იქნება და ვნახოთ რა და როგორ, ძლიერი მეტოქე ზრდისთვის საუკეთესო წამალია.

იქნებ ძალიან დიდი და ისტორიული დუელის დასაწყისსაც ვადევნებთ თვალყურს, რავიცი..

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე