“რა მაგარია, როდესაც ამხელა პერსპექტივა გაქვს”, – უთხრა შოთა არველაძემ დინამო თბილისის აკადემიის ფეხბურთელებს. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა დინამოში საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა.
არველაძე დინამო თბილისის აკადემიაში
“თბილისში ყოფნის პერიოდში ყოველთვის ვცდილობ სხვადასხვა ასაკის მოზარდ ფეხბურთელებს შევხვდე, ზოგს ვესაუბრო, ზოგთან ერთად ვივარჯიშო.
მიხარია, 35-ე საფეხბურთო სკოლისა და თბილისის ლოკომოტივის შემდეგ, დინამოში ვარჯიშის ჩატარების საშუალება კიდევ ერთხელ რომ მომეცა”.
შოთა არველაძე
ამ აღწერით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო 12 წუთს გრძელდება, თუმცა ცხადია, დინამოს აკადემიის 19-წლამდე გუნდმა ბევრად მეტი მიიღო – როგორც გამოცდილება, ისე მოტივაცია.
“ამ ქვეყანაში თუ დგები დილას და მიდიხარ დინამოში, ეგ იგივეა – გაიღვიძო ბარსელონაში და წახვიდე ბარსელონაში, მადრიდში – რეალში და პარიზში – პსჟ-ში”. ვიდეოდანაც ნათლად ჩანს, რომ არველაძის ვიზიტი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას, ან რომელიმე კონკრეტული ვარჯიშის დახვეწას არ ემსახურებოდა.
გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ქართველი მწვრთნელის ვიზიტი მოტივაციისა და თვითრწმენის გაზრდასაც ემსახურებოდა.
“ყველაზე მეტი და დიდი უნდა იოცნებოთ. თქვენს ასაკში რომ მეკითხებოდნენ სად მინდოდა, ბარსელონას ვპასუხობდი, – ამბობდნენ, რომ აუ, ეს გიჟია…
პირველი ოცნება ხომ დინამო იყო და აქ ხართ. რამდენი ოცნება შეგიძლიათ რომ გქონდეთ, წარმოგიდგენიათ? ამიტომ, არ დაკარგოთ, არ მიცეთ, არავის არაფერი გაატანოთ, რაც თქვენია გამოგლიჯეთ ბოლომდე”.
“რაც ყველაზე თვალშისაცემია, წლიდან წლამდე, ჩვენი ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. მთავარია, მათ შესაბამისი მოტივაცია და ენერგია შეინარჩუნონ, არ გაჩერდნენ და მიზნისკენ სვლა ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად გააგრძელონ.
მომდევნო ჩამოსვლაზე ვეცდები მსგავსი შეხვედრა და ვარჯიში აუცილებლად ჩავატარო ქუთაისში, სამეგრელოში და ბათუმში. დარწმუნებული ვარ სხვებიც შემომიერთდებიან და მინიმუმ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ფეხბურთელებს სწორი გზა ვანახოთ, დავეხმაროთ და მოტივაცია მივცეთ”.
ქართველი მწვრთნელი ახლა უგუნდოდაა, ბოლოს, არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფში ჰალ სიტის წვრთნიდა.