სარჩევი
კვარაცხელია სერია A-ს 2024 წლის სიმბოლურში | Setanta Sports

სპორტულმა პლატფორმამ, Sofascore-მა 2024 წელი შეაჯამა. ხორვატულმა ონლაინსივრცემ, რომლის ამბასადორიც უკვე 2 წელია ლუკა მოდრიჩია, იტალიის სერია A-ს 2024 წლის სიმბოლური თერთმეტეული წელსაც წარადგინა.

სიმბოლური შემადგენლობი ამჟამად 3-1-4-2-ის სახით გამოიყურება. ხორვატულ პლატფორმას არ დაუსახელებია წლის მწვრთნელი, თუმცა წლის ფეხბურთელად ინტერის ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოღლუ დაასახელეს. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება.

მეკარე – ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი

კარის საიმედო დამცველად ტორინოს სერბი მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი მიიჩინიეს, რომელმაც წლის განმავლობაში 36 თამაშის ჩატარება მოახერხა ტურინულ გუნდთან ერთად და გრანატას კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა. მოგერიებების რაოდენობით კი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იყო ვლადიმირო ფალკონესთან ერთად.

დაცვის ტრიუმვირატი – ბასტონი/ბრემერი/პავარი

რატომ შეირჩა ეს სამეული? – ამ შეკითხვის დასმა არარელევანტური იქნება, რადგანაც ალესანდრო ბასტონის 2024 წელი ჩინებული გამოუვიდა. გარდა იმისა, რომ სკუდეტოს დაეპატრონა ინტერთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ბიშონეს მრავალი მშრალი კარისა. იან ზომერის 16 მშრალი კარი ალესანდრო ბასტონისა და ბენჟამინ პავარის დამაჯერებელი თამაშის შედეგიც არის.

ბენჟამინ პავარმა კალჩოს მარტივად აუღო ალღო, ამის თქმა თამამად შეიძლება. მისი თამაშის სტილმა და სტაბილურმა სათამაშო ფორმამ Sofascore-ს ისიც დაავიწყა, რომ ფრანგი მარჯვენა ცენტრალური მცველი 6 ტურია, რაც ინტერს ვერ ეხმარება.

რაც შეეხება გლეისონ ბრემერს, მისი მოხვედრა, სავარაუდოდ, დაცვითმა სოლიდურობამ განაპირობა, რაც გამოიხატებოდა საჰაერო ორთაბრძოლების მოგებაში, პოზიციის ზუსტად შერჩევაში, დაკარგვების სიმცირესა და ზუსტი პასების რაოდენობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს 6 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, მაინც იკავებს ადგილს სიმბოლურ თერთმეტეულში. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ იუვენტუსს პირველი ექვსი ტურის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული, ბრემერის ლაზარეთში გადაბარგების შემდეგ კი მაშინვე მიიღეს გოლი კალიარისგან. მართალია, ბრემერისთვის სულ რაღაც მეორე სეზონია ბიანკონერისთან ერთად, მაგრამ მისი გავლენა აშკარად იგრძნობა გუნდის თამაშის ხარისხზე.

საუკეთესო რეჯისტა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ჰაქან ჩალჰანოღლუ
Sofascore-ის ვერსიით ჰაქან ჩალჰანოღლუ არა მხოლოდ საუკეთესო თერთმეტეულში იმსახურებს ყოფნას, არამედ წლის საუკეთესო ფეხბურთელიც არის კალჩოს მასშტაბით.
წლის განმავლობაში 10 გოლის გატანა მოახერხა, პასების სიზუსტით კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო აპენინის ნახევარკუნძულზე. გავლენაზე თუ ვსაუბროთ, ჰაქანი ინტერისთვის ცალსახად დირიჟორია, რომელიც ნიკოლო ბარელასთან და ჰენრიხ მხითარიანთან ერთად სიმონე ინძაგისთვის საიმედო ნახევარდაცვის სამეულს ქმნის. ჩალჰანოღლუს რაფინირებულმა სტილმა, რომელიც ბურთის დაკარგვას არც კი განიხილავს, დამატებით სხვა ასპექტებთან ერთად მოაგებინა ინტერს სკუდეტო გასულ სეზონში, მიმდინარეში კი ვხედავთ, რომ ბიშონე კვლავ რბოლაშია, ამჯერად ატალანტასთან და ნაპოლისთან ერთად.

მეტისმეტად შემტევი ნახევარდაცვა – ლეაუ ლუკმენი დე კეტელარე დიბალა

შესაძლოა, როგორც მილანი, ისე რაფაელ ლეაუც არასტაბილურობით გამოირჩევა, მაგრამ პორტუგალიელი შემტევი კვლავ მთავარი ვარსკლავია მილანური გუნდისა. მიუხედავად ცვალებადი ხასიათისა, მაინც ახერხებს რესპექტაბელური პირადი სტატისტიკური მაჩვენებლების დაფიქსირებას. წინა სეზონში 1 გოლი და 1 საგოლე პასი დააკლდა ორმაგ დუბლთან. ახლა კი ჯერჯერობით 3 გოლისა და 4 პასის ამარაა, მაგრამ რაფა კვლავ ინარჩუნებს იმ სივრცეს, რომელიც წინა სეზონის მონაგარის გაუმჯობესებისკენ გადახრის.

ადემოლა ლუკმენი ცალსახად იმსახურებს ამ სიმბოლურში ყოფნას. ატალანტას გასული ან მიმდინარე სეზონი რომ დავივიწყოთ, ევროპის ლიგის მოგებასთან ან ფინალში შესრულებულ ჰეთ-თრიკთან ერთად, იმ ფაქტს ვერსად გავექცევით, რომ ადემოლა ლუკმენი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კონტინენტისა, რომელსაც წარმოადგენენ მო სალაჰი, აშრაფ ჰაკიმი, სერჰუ გირასი და ა.შ.

წლის განმავლობაში 13 გოლი და 10 პასი მოაგროვა სერია A-ს მასშტაბით, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია. და ახლა ბერგამოს ატალანტა იტალიის ჩემპიონატის ლიდერი რომ არის, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნიგერიელი შემტევია შარლ დე კეტელარესთან ერთად.
შარლ დე კეტელარე – ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი თავი იპოვა ჯანპიერო გასპერინის ხელში და დეკადანსისკენ წასული კარიერა იხსნა. 13 გოლი და 9 საგოლე პასი – ბელგიელი უბრალოდ საუცხოო იყო ლა დეას შემადგენლობაში. ახალი იმპულსების პოვნის შემდეგ 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ ამიტომაც გამოისყიდა ატალანტამ მილანიდან.

შესაძლოა, გაჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ არის ამ თერთმეტეულში პაულო დიბალა, თუ გავითვალისწინებთ რომას წინა და ამ სეზონის მატჩებს სერია A-ში. მაგრამ თუ ვინმე იყო გამოსარჩევი დედაქალაქური გუნდიდან, ეს სწორედ პაულო დიბალა იყო. 30 თამაში წლის განმავლობაში, 13 გოლი 4 პასი – ეს ლა ხოიას პირადი სტატისტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში რომა ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს, პაულო დიბალა 5 გოლით, დოვიბკთან ერთად, რომას საუკეთესო ფეხბურთელია.

საუკეთესო შემტევები – ხვიჩა კვარაცხელია და მარკუს ტურამი

შეუძლებელია სერია A-ს წლის სიმბოლურის შედგენა მარკუს ტურამის გარეშე. ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად იტალიის ჩემპიონატის თანაბომბარდირია მატეო რეტეგისთან ერთად. მარკუს ტურამის ანგარშიზე 28 საგოლე კონტრიბუციაა, და ეს ყველაფერი 34 მატჩში.

მართალია, ნაპოლის წინა სეზონი ჩაუვარდა, მაგრამ ინდივიდუალური მაჩვენებლების კუთხით, ხვიჩას თამაში დამაკმაყოფილებელი იყო. ამ სეზონს რაც შეეხება, ახლა ნაპოლი საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული, ხვიჩა კი ნეაპოლელთათვის მთავარი დამრტყმელი ძალაა. 77-ე ნომერმა უკვე მოასწრო 5 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის ჩაწერა პირად მონაგარში.

მუხლის მცირე ტრავმის გამო 2 მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან ვერ დაიწყო, თუმცა ახლა ქართველ შემტევს ყველაფერი მწყობრში აქვს და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.

მომდევნო შეხვედრას ნეაპოლელები სტუმრად, არტემიო ფრანკიზე ფიორენტინას წინააღმდეგ გამართავენ. ფლორენციაში ბოლო ვიზიტი ხვიჩა კვარაცხელიასთვის შედეგიანი აღმოჩნდა და თავი საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

სერია A – 2025

იტალიის სერია A 2025 წლის 4 იანვარს მე-19 ტურით განახლდება. ტურში 7 თამაში ჩატარდება. ფიორენტინასა და ნაპოლის დაპირისპირება ჩვენი დროით 4 იანვარს, 20:55 საათზე დაიწყება. მატჩის ხილვას კი Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ.

NEWS24: 30%-იანი ფასდაკლება ყოველთვიურ გამოწერაზე.

YEAR24: 30%-იანი ფასდაკლება წლიურ გამოწერაზე.