სარჩევი
საქართველოს ნაკრები დებიუტანტები - ინტერვიუ შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გადრანი | Setanta Sports
2024 აგვ 30, 14:13 შშ
10 წუთის საკითხავი

საქართველოს ნაკრები და დებიუტანტები – ეროვნულ გუნდში შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გადრანი სადებიუტო შეკრებას გაივლიან. setantasports.com ორივე ლეგიონერს დაუკავშირდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.

საქართველოს ნაკრები – შემადგელობა

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია. ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ჩეხეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს გასვლაზე, ტირანაში ალბანეთს ეთამაშება.

სასიამოვნოა ნაკრებში ირაკლი აზაროვის დაბრუნება. დონეცკის შახტარის მცველს, რომლის თაობაზეც ზაფხულში უკრაინულმა გუნდმა არაერთი შეთავაზება მიიღო, ევროპის ჩემპიონატი გამოუძახებლობის გამო გამოტოვა. ახლა კი საინტერესოა, ზეშემართული აზაროვის ხილვა ნაკრებში. მისი კლასი ჯვაროსნებს ცხადია, დაეხმარებათ.

ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ანრი მექვაბიშვილი. დაცვაში ვერ ვხედავთ საბა კვერკველიას, რომელიც ჯერჯერობით უგუნდოდაა. იმავე მიზეზის გამო შემადგენლობაში არ არის ნიკა კვეკვესკირი.

განაცხადს მიღმაა ლევან შენგელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვერ მოახერხა.

სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება.

მეკარეებიკლუბი, ქვეყანა
გიორგი მამარდაშვილივალენსია/ლივერპული, ესპანეთი/ინგლისი
გიორგი ლორიაომონია არადიპუ, კვიპროსი
ლუკა გუგეშაშვილიპანსერაიკოსი, საბერძნეთი
მცველებიკლუბი, ქვეყანა
გურამ კაშიასლოვანი, სლოვაკეთი
გიორგი გველესიანიპერსეპოლისი, ირანი
ლაშა დვალიაპოელი, კვიპროსი
ლუკა ლოჩოშვილიკრემონეზე, იტალია
ლუკა გადრანიქაირათი, ყაზახეთი
ჯიმი ტაბიძე*
ოთარ კაკაბაძეკრაკოვია, პოლონეთი
გიორგი გოჩოლეიშვილიკოპენჰაგენი, დანია
ირაკლი აზაროვიშახტარი, უკრაინა
გიორგი წიტაიშვილიგრანადა, ესპანეთი
ნახევარმცველებიკლუბი, ქვეყანა
ოთარ კიტეიშვილიშტურმი, ავსტრია
გიორგი ჩაკვეტაძეუოტფორდი, ინგლისი
გიორგი ქოჩორაშვილილევანტე, ესპანეთი
სანდრო ალთუნაშვილივოლფსბერგი, ავსტრია
შოთა ნონიკაშვილიჩერკასი, უკრაინა
ზურიკო დავითაშვილისტ. ეტიენი, საფრანგეთი
საბა ლობაჟანიძეატლანტა იუნაიტედი, აშშ
თავდამსხმელებიკლუბი, ქვეყანა
ბუდუ ზივზივაძეკარლსრუე, გერმანია
ჟორჟ მიქაუტაძელიონი, საფრანგეთი
ხვიჩა კვარაცხელიანაპოლი, იტალია

შოთა ნონიკაშვილი – ინტერვიუ

შოთა ნონიკაშვილი ამპლუით ნახევარმცველიან. 23 წლის ფეხბურთელი ახალგაზრდულ დონეზე დინამოსა და საბურთალოს აკადემიებში იყო. ქართული საფეხბურთო საზოგადოება კი სწორედ საბურთალო/იბერიადან იცნობს მას.

იყო ასაკობრივი ნაკრებების მუდმივი წევრი. ახალგაზრდულ გუნდებში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილთან ერთად თამაშობდა.

ბოლო პერიოდში ეროვნულ ლიგასა და 21-წლამდელთა ნაკრებში შედეგიანობითაც გამოიჩინა თავი, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ 10-იანის ზონაში კიდევ უფრო მეტად ტვირთავდნენ, არადა შოთა უფრო 6-იანი და 8-იანია.

სულ ახლახანს კი ის იბერიადან უკრაინულ ჩერკასიში გადავიდა, რომელსაც უკრაინის უმაღლეს ლიგაში დიდი მიზნები აქვს და ჩემპიონატიც კარგად დაიწყო.

მასთან საუბარი ემოციური ნაწილით დავიწყეთ. ცხადია, ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ფეხბურთელისთვის ოცნების ასრულებაა, გამონაკლისი არც შოთა იყო.

სიტყვებით ძალიან ძნელია გამოდმოსცე იმ მომენტში რა ვიგრძენი. პირველ რიგში, მთელმა ბავშვობამ თვალწინ გამირბინა. რისთვისაც ვსწავლობდი და ვშრომობდი შედეგი გამოიღო. ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი.

ძნელია ემოციებზე საუბარი, რადგან ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ნაკრებია. ამას რომ მივაღწიე გამაბედნიერა.

ფეხბურთელებთან კომუნიკაციას ეროვნული ნაკრებიდან, როგორც წესი, ზურა ხიზანიშვილი ამყარებს ხოლმე. საინტერესო იყო, უშულოდ შოთამ როგორ შეიტყო გამოძახების შესახებ.

კლუბის ვარჯიშიდან ავტობუსში ავედით, ლანჩზე მივდიოდით. ტელეფონი არ მქონდა შემოწმებული და შემდეგ რომ ვნახე ქართულ ნომერს ჰქონდა დარეკილი. მაინტერესებდა ვინ იყო. პირველ რიგში, ნომრების ბაზაში შევამოწმე და ზურა ხიზანიშვილი რომ დაეწერა, მივხვდი, რომ ფეხში ძალა წამერთვა და გვერდში ახლოს რაც იყო იმას მივეყრდენი წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა. მაგ მომენტში მივხვდი რაშიც იყო საქმე.

ნონიკაშვილის სათამაშო სტილი და პოზიცია მათ შორის დიდ ბრძოლისუნარიანობასაც მოითხოვს. ეს კი ფიზიკური მზაობის გარდა კარგ მენტალურ კონდიციებს მოითხოვს. შესაბამისად, შემდეგი კითხვა შემართებასა და ფიზიკურ ფორმაზე იყო.

იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს, ძნელია, ისეთი შემართება არ გქონდეს. მთელ საქართველოს გადმოედო ეს მუხტი და ანალოგიურად იმოქმედა ჩემზე. ამ ყველაფრის ნაწილი რომ ვხდები ეს ჩემთვის 1000-მაგი მოტივაციაა. ამასთან, ზოგადად, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიდიხარ შემართებასა და მზაობაზე საუბარიც კი ზედმეტია!

რაც შეეხება მიზანს, ცხადია, შეკრებას მაქსიმუმს გავიღებ და ვაჩვენებ. მატჩების ნაწილში კი ორივე მატჩში გამარჯვებაა მიზანი. რა დროც არ უნდა იყოს ჩემთვის განკუთვნილი და რა დროც არ უნდა მომეცეს, გულშემატკივარს ვპირდები, რომ მაქსიმუმს გავიღებ მოედანზე.

ფიზიკურად თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ და კარგად ვარ მომზადებული. ბევრი ვითამაშე, იბერიაში კონფრენს ლიგის მატჩები ჩავატარე. ახალ კლუბშიც პირველი შეხვედრა ძირითადიდან დავიწყე.

როგორც ვთქვით, შოთა ნონიკაშვილი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია. ვილი სანიოლის გუნდში კი მთავარი ფორმაციები 3-4-2-1 და 5-3-2-ია. საინტერესოა, შეკრებაზე სად უფრო გამოიკვეთება შოთა როლი – 6-იანზე თუ 8-იანზე.

პოზიციას რაც შეეხება – პირველ რიგში, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ცხადია, მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო, სადაც გუნდს დასჭირდება. მაგას დაზუსტებით მოგვიანებით გავიგებთ.

ნონიკაშვილი ასაკობრივ გუნდებში აზაროვთან, მექვაბიშვილთან, კალანდაძესთან, კვარაცხელიასა და დავითაშვილთან ერთად თამაშობდა. ახლა კი თითქმის ყველა მათგანთან ერთად საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იქნება. ცხადია, ამას დამატებითი ემოციური დატვირთვა აქვს.

წარმოიდგინეთ, ვისთან ერთადაც მთელი ბავშვობა იზრდებოდი, მთელი ასაკობრივი ნაკრებები ერთად გამოიარეთ, ერთად რამდენი რამ გავიარეთ და იმავე ხალხთან ერთად რომ გიწევს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა, ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი.

სულ ისე ვიყავით, როგორც ერთი დიდი ოჯახი და ძმებისგან არ ვასხვავებდით ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება. ასევე, არამხოლოდ ეგ ბიჭები, სხვებთანაც, ბევრთან ისე ვარ ეროვნულ ნაკრებში, როგორც ჩემს ოჯახის წევრებთან და ორმაგად სასიხარულოა მათთან ერთად ყოფნა და სტადიონზე გასვლა.

შოთა ჩერკასიში ახლახანს გადავიდა. კლუბი 21-ე საუკუნეშია დაარსებული და სხვადასხვა სახელით გამოდიოდა. უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკოა. ესპანელი სპეციალისტი, რომელსაც ქართული საფეხბურთო საზოგადოება კარგად იცნობს. მისი წვლილი დინამო თბილისის აკადემიაში საკმაოდ დიდია. იყო საბურთალოში, შემდეგ დონეცკის შახტარში და რამდენიმე წლის წინ საქართველოში დინამოს აკადემიაში დაბრუნდა. მცირე ხნით დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელიც იყო. მასთან ინტერვიუ setantasports.com-მაც შემოგთავაზათ.

ჩერკასიში ცოტა ხნის წინ ჩამოვედი, პირველი თამაში უკვე ჩავატარე და კარპატის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. მწვრთნელი ანდრეს კარასკოა, რომელთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებს. დინამოსა და იბერიაში ერთად ვიყავით, კარგად მიცნობს და, რაც მთავარია, მენდობა და ჩემი იმედი აქვს.

კლუბში სიტუაციას რაც შეეხება – იდეალურად მიმიღეს. თითქოს აქაც ოჯახში ჩამოვედი. ადაპტირება არ გამჭირვებია, პირიქით.

საკმაოდ ამბიციური გუნდი ვართ, 4-დან 3 მატჩი მოვიგეთ და ეს ამაზე მეტყველებს. მიზანი სამეულია და რატომაც არა, ჩემპიონობაც. რთული იქნება თუმცა ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

დინამო კიევთან გვაქვს მატჩი და ახლა მთელი ყურადღება იქით გვაქვს მიმართული. მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, გუნდს ამის შესაძლებლობაც აქვს და ამბიციაც.

ინტერვიუს ბოლოსკენ შოთას ვთხოვე რამე დაემატებინა, ან თავად ეთქვა ისეთი რამ, რაც მე არ მიკითხავს. პასუხმა კი მაჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს, როგორც მინიმუმ, მენტალურად ჩინებული ნამატი აქვს.

არაფერი, ერთადერი მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ შრომას და რწმენას ყოველთვის მოაქვს შედეგი და მაგით მოვდივარ მეც!

შოთა ნონიკაშვილი

ლუკა გადრანი – ინტერვიუ

ქართული საფეხბურთო თემისთვის უცხო არც ძმები გადრანები არიან. ეროვნულ ლიგაში ორივეს საკმაოდ ბევრი აქვს ნათამაშები. უფროსი, გიორგი უნგრეთში ხოსილოტში თამაშობს, უმცროსი, ლუკა კი ყაზახეთში, ქაირათში.

სადებიუტო გამოძახება ლუკამ მიიღო. უმცროს გადრანს საქართველოს გარდა ესპანეთში, ირანსა და ლატვიაში უთამაშია. შემდეგ კი მის კარიერაში ყაზახური თარაზი და აქტობე იყო. ცენტრალური მცველი ქაირატში 2024 წელს გადაბარგდა და შიდა ჩემპიონატში კლუბთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძვის.

საუბარი ლუკასთანაც ცხადია, ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებული ემოციებით დავიწყეთ.

გმადლობთ მოლოცვისთვის. ემოციურად ცოტა რთულია. დიდი ემოციებია, რადგან მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი. ამისთვის ვშრომობ, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი თავი გამოადგეს და რაც შემიძლია მოვახმარო ჩემი ქვეყნის გუნდს.

მთელი დღეა, ვინც მიცნობს, ვისაც ჩემი კარიერა აინტერესებს, მიყურებს, თვალს მადევნებს, მირეკავს. დიდი ემოციებია, ენითაღუწერელი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამას თან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. თუმცა ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ და გათავისებული მაქვს, ეს სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან გათავისებული მაქვს, დიდი ხანია ვფიქრობ, ვემზადები ფსიქოლოგიურად და მინდა, როგორც ყველა ფეხბურთელს, ვიყო ეროვნული ნაკრების ნაწილი.

მარიამობის ასეთ წმინდა დღეს დამირეკა ხიზანამ. ჯერ მარიამობა მომილოცა, მერე კი – ნაკრებში გამოძახება. მადლობა უფალს, რომ ასეთი მარიამობა გამითენა და ასეთი ემოციები მაჩუქა. ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ახლაც ემოციებში ვარ.

ლუკას ფიზიკური, ძალისმიერი სათამაშო სტილი აქვს. კარგია ორთაბრძოლებსა და პოზიციის შერჩევაში. თანაც ყაზახეთის ჩემპიონატი, საქართველოს მსგავსად, გაზაფხული-შემოდგომის პრინციპით ტარდება, ეს კი ცხადია, ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ლუკა ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში იყოს.

ცხადია, საბრძოლო შემართება მაქვს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ნებისმიერი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში პირველ გამოძახებას იღებს, იმავეს განიცდის და იმავე განწყობითაა.

ის შემართება, ის ჟინი, გამარჯვების სურვილი ჩემი ქვეყნის მაისურით, მეც ძალიან მაღალი მაქვს – ჩამოვიდე, შევუერთდე ამ ძალიან მაგარი ფორმაციის, ძალიან მაგარი ბიჭებით დაკომპლექტებულ ნაკრებს და მეც ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად მოვახმარო, ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის გუნდს.

ფიზიკური ფორმა ოპტიმალური მაქვს, რადგან სათამაშო პრაქტიკა მუდმივად მაქვს ჩემს გუნდში. კლუბის მიზანი ჩემპიონობაა. ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვართ და ვიმედოვნებ, რომ პირველობას შევინარჩუნებთ. ცხრილში ვითარება დაძაბულია, თუმცა ყველაფერს გავიღებთ, რომ ოქროს მედლები მოვიპოვოთ.

გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე მაკავშირებს კონტრაქტი. გუნდში კარგი განწყობაა. გამორჩეული სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები გვყავს. მათი ნაწილი თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში თამაშობს და მიხარია, რომ მეც მათ სიას შევემატე.

ფეხის მიკრო ტრავმა მქონდა, დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ, თუმცა მას შემდეგ დავბრუნდი, მუდმივად ვთავამშობ და ყველაფერი მწყობრშია. ყველანაირად მზად ვარ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ვითავისებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ნაკრებში გამოძახება ჰქვია.

ლუკა ასაკობრივი ნაკრებების წევრიც იყო ვასილ მაისურაძისა და გია ცეცაძის მწვრთნელობის დროს. ცხადია, ნაკრებში ადაპტაციის პრობლემა, სხვა ფეხბურთელების მსგავსად, არც ლუკას უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ის ატმოსფეროა, რომელიც ვილი სანიოლის ფორმაციის ნაკრებს გამოარჩევს.

ძალიან მიხარია, რომ იმ ბიჭებთან ერთად, ვისთანაც საკლუბო და ასაკობრივ დონეზე ვითამაშე, ახლა უკვე ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება მოგვიწევს. არ იქნება რთული ადაპტაცია. რამდენიმემ უკვე მომწერა, მომილოცეს. დარწმუნებული ვარ შიგნით ძალიან კარგი ატმოსფერო და გარემო დამხვდება.

ბევრ მათგანს კარგად ვიცნობ, თავადაც კარგად მიცნობენ. დარწმუნებული ვარ, როგორც ერთ დიდ ოჯახში ხდება, თბილად დახვედრა და ამ თბილი ურთიერობით საერთო საქმისკენ სწრაფვა იქნება ნაკრებში.

ლუკა გადრანი

საქართველოს ნაკრები – ერთა ლიგის კალენდარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი ორი ტურის მატჩებს 7-10 სექტემბერს გამართავს.

  • საქართველო vs ჩეხეთი – 7 სექტემბერი, თბილისი, მიხეილ მესხი – 20:00
  • ალბანეთი vs საქართველო – 10 სექტემებრი, ტირანა, Air Albania Stadium – 22:45
  • უკრაინა vs საქართველო – 11 ოქტომბერი, პოზნანი, Poznań Stadium – 22:45
  • საქართველო vs ალბანეთი – 14 ოქტომბერი, თბილისი, მიხეილ მესხი – 20:00
  • საქართველო vs უკრაინა – 16 ნოემბერი, ბათუმი, Adjarabet Arena – 21:00
  • ჩეხეთი vs საქართველო – 19 ნოემბერი, ოლომოუცი, Andrův stadion – 23:45