სარჩევი
თურქეთი vs საქართველო - ისტორიული მატჩის წინ | Setanta Sports
2024 ივნ 18, 11:40 შ-მდე
3 წუთის საკითხავი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის პირველ შეხვედრას გამართავს ევროპის ჩემპიონატზე. ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები და ნაკვები ოცნება ფრთებს შეისხამს და რა შედეგიც არ უნდა მოიტანოს, ამ დღის მნიშვნელობას ვეღარაფერი გადაფარავს.

გუნდში კარგი განწყობაა, ყოველ შემთხვევაში, ვარჯიშზე ასე ჩანდა. არის დანაკლისი, არის კარგი ამბებიც, და არის დიდი ქართველობა დორტმუნდში.

კვირკველია დაბრუნდა, კიტეიშვილი გამოგვაკლდა

პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა ძალიან მოკლედ გასცა კითხვას პასუხი – ერთი დაბრუნდა, მეორე გამოგვაკლდა. დიდი შანსია კვირკველიამ ძირითადში დაიწყოს. ამხანაგურ შეხვედრაში გველესიანიც მოსინჯეს და ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ კვირკველიას მიმართ ნდობა გაცილებით დიდია. გველესიანს კი ბურთის ამოტანის დროს ჰქონდა გარკვეული შეცდომები, მაღალი პრესინგის პირობებში ძალიან რთული იქნება მისთვის ამოცანის შესრულება.

აი, ოთარ კიტეიშვილი კი ძალიან დიდი დანაკლისია. დაცვისა და შეტევის ასეთი კარგი დამაკავშირებელი ნაკრებს არ ჰყავს. ვილიმ თქვა რომ ტაქტიკა არ შეიცვლება, უბრალოდ ერთ ფეხბურთელს მეორე ჩაანაცვლებს და მორჩა, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ოთარი შეუცვლელია. სატესტო შეხვედრაში კი განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოედნის ცენტრში მისი და ქოჩორაშვილის კარგი შეთამაშება, ყოველთვის აზღვევდნენ ერთმანეთს, ყოველთვის ავსებდნენ სივრცეს და ერთმანეთის ხარჯზე პაუზებიც სწორად აიღეს, რაც შეტევის განვითარებაში წაგვეხმარა.

ვინ შეცვლის კიტეიშვილს? ახლა ეს არის მთავარი კითხვა. შეუძლია კვეკვესკირს, შეუძლია მექვაბიშვილსა და სიგუას. მე უფრო კვეკვესკირისკენ ვიხრები, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს სულ ხუთჯერ უთამაშიათ ერთმანეთის პირისპირ. სამჯერ ამხანაგურ და ორჯერ ოფიციალურ შეხვედრებში. მაინცდამაინც კარგი გასახსენებელი არაფერია. თურქებს 3 მოგება აქვთ, ქართველებს ერთი, და ერთიც ყაიმით დასრულდა, მეზობლურად.

პირველი ამხანაგური მატჩი 2002 წელს გაიმართა და თურქეთმა 3:0 მოიგო.

შემდეგ იყო ოფიციალური მატჩების ჯერი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის – 2004 წელს თურქეთში საქართველომ ფრე გაახერხა, 84-ე წუთზე მალხაზ ასათიანმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

აი თბილისურ შეხვედრაში კი თურქეთის ნერვი უკვე აღარავის ჰქონდა. მაშინ, მთელი ქვეყნის ფსიქიკური ჯანმრთელობა საბერძნეთთან შეხვედრამ შეიწირა. თურქეთთან აღარც ფეხბურთელებს შერჩათ ძალა და ენერგია, აღარც ქომაგს, შედეგი კი მოსალოდნელი დაგვიდგა – 2:5, მათ სასარგებლოდ.

ბოლოს ისევ ამხანაგურების ჯერი იყო, ჯერ 2007 წელს, საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო. ეს ტოპმიულერის დროა. ხალხი ტრიბუნაზე ამბობდა ეს შეხვედრა ჩააწყესო, ესეც და ურუგვაიცო – ასეთი დრო იყო. მართლა სჯეროდათ ამის.

ბოლო მატჩი კი 2012 წელს შედგა, ისევ ამხანაგური, თურქებმა 3:1 მოიგეს.

სანიოლი მატჩის წინ

საინტერესო რამ თქვა ვილიმ. ქართველ ქომაგს ფილტრი არ აქვსო. მათ ოცნებებს საზღვარი არ გააჩნია, გუშინ აქ მოხვედრაზე ოცნებობდნენ, დღეს კიდევ ჯგუფიდან გასვლა უნდათო. ასე თქვა სანიოლმა, ქართულად კი ამ მოსაზრებას “მადა ჭამაში მოდის ჰქვია”.

მეტოქე გუნდში ჩალხანოღლუ გამოყო, ისიც თქვა არ მიყვარს მეტოქეზე საუბარი და არც ის მიყვარს ჩვენზე რომ საუბრობენო, მაგრამ ჩალხანოღლუ მართლა ძალიან მომწონს, ჯერ კიდევ გერმანიაში თამაშის პერიოდიდანო.

კარგ ხასიათზე იყო, ან ასე გადაწყვიტა ქომაგს დანახვებოდა. ქართველებისგან განსხვავებით ვილისთვის ეს უცხო გარემო არ არის, აქ ყველა ძალიან კარგად იცნობს და ფინალურ ეტაპზეც უთამაშია. გაუზიარებს კიდეც ფეხბურთელებს ამ გამოცდილებას, თუმცა, ყველაფრის გაგება შეუძლებელია, გახვალ მერე მოედანზე და მიხვდები რომ სულ სხვა ამბავი ყოფილა, და ასე მოდის გამოცდილებაც.

დიდი ქართველობა დორტმუნდში

სავსეა დორტმუნდის ქუჩები ქართველებით. იმაზე გაცილებით მეტი შემხვდა, ვიდრე თურქი. ყოველ შემთხვევაში, ფორმებითა და დროშებით თუ ვიმსჯელებთ ნამდვილად ასეა და ვნახოთ აბა სტადიონზე როგორ იქნება.

პრესკონფერენციაზე სალიჰ ოზჩანი საბრძოლოდ იყო განწყობილი და ადგილობრივი თურქების იმედიც ჰქონდა. მათი მხარდაჭერა დაგვეხმარება პირველივე წუთებიდან მოვიპოვოთ უპირატესობა და ქომაგი გავახაროთო. ასე დაგეგმა სალიჰმა და მონტელამაც დააქნია თავი კმაყოფილების ნიშნად.

ძალიან ბევრი რამ იქნება ამ თამაშზე დამოკიდებული. ნათქვამია კარგი დასაწყისი ნახევარი საქმეაო, ჰოდა, ამ განწყობით ხვდება მთელი ქვეყანა მოახლოებულ შეხვედრას. მანამდე იქნება დიდი ქართველობის მსვლელობა, იქნება სიმღერა სტადიონზე, წარმოდგენაც არ მაქვს რას ვიგრძნობ, როცა პირველ სასტვენს გავიგონებ და მერე შევეცდები ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები მაინც შემორჩეს გონებას მკითხველამდე რომ დალაგებულად მოვიტანო.

აბა, წავედით!