სარჩევი
საქართველო vs შოტლანდია - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას | Setanta Sports
2023 ნოე 14, 19:00 შშ
8 წუთის საკითხავი

საქართველო vs შოტლანდია – სატურნირო მოტივაციისგან, ერთი შეხედვით, დაცლილი, მაგრამ პრინციპული მატჩი. სქოთებთან საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, 21:00 საათიდან ჩაატარებს.

შოტლანდია 2:0 საქართველო, წვიმაში, ჰემპდენ პარკზე

საქართველოსა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა სქოთებს აქვთ. საქართველოს ნაკრების მხარეს 2 გამარჯვებაა, შოტლანდიამ კი 3 მატჩი მოიგო. ამ წყვილში მატჩი ფრედ არასდროს დასრულებულა. ბურთების ბალანსი 5:4-ზეა სქოთების სასარგებლოდ.

ბოლო შეხვედრა მაყურებელს კარგად უნდა ახსოვდეს. ჰემპდენ პარკზე მატჩი მე-9 წუთზე შეწყდა და სასტარტო სასტვენიდან 108 წუთის შემდეგღა განახლდა.

ძლიერ წვიმას გლაზგოს UEFA-ს A კატეგორიის სტადიონის გაზონმა ვერ გაუძლო. ნათელი იყო, რომ მატჩის ჩატარება ამ პირობებში რთული იქნებოდა, თუმცა მსაჯმა, იშტვან ვადმა UEFA-ს დელეგატთან ერთად შეხვედრის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

შოტლანდიელებისთვის საკულტო პერსონაჟის, უილიამ უოლასის პერიფრაზისა არ იყოს, ‘ამ კარგ შოტლადიურ ამინდში’, სტივ კლარკის გუნდი მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა დააწინაურა.

მერე მატჩი მე-9 წუთზე შეწყდა და მოგვიანებით მე-10 წუთიდან განახლდა. გაზონის მეტ-ნაკლებად მოწესრიგება შოტლანდიელებს რომ ვერ მოეხერხებინათ, შეხვედრა მეორე დღეს 0-0-დან დაიწყებოდა.

47-ე წუთზე უპირატესობა ორამდე სკოტ მაკტომინეიმ გაზარდა. მატჩის ბოლოს კი პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა.

თუ გინდათ, ახლავე წავიდეთ თბილისში

ცხადია, მატჩის მეორე დღეს ჩატარება ვილი სანიოლის გუნდის გეგმებში შედიოდა. ეს იცოდნენ შოტლანდიელებმაც, ამიტომაც ფეხბურთელებს შორის რამდენიმე წუთს აქტიური გასაუბრება და რეპლიკების მიმოცვლა მიდიოდა.

შოტლანდიური გამოცემები იმ წუთებში წერდნენ, რომ ქართველებს მატჩის განახლება არ სურდათ.

“Georgia do not want to play this game. They’re in their dressing room, they’re having a briefing with UEFA, and as things stand they are refusing to come out of their dressing room because they don’t want this game to be played”

კონი მაკლაფლინი – ViaplaySportsUK

იმ 100-ზე მეტი წუთის განმავლობაში ამგვარი შინაარსის ბევრი პოსტი დაიწერა ბრიტანულ მედია საშუალებებში. თუმცა ამაზე საყურადღებო ფეხბურთელების მხრიდან გაკეთებული კომენტარები იყო.

მათგან მაკგრეგორის რეპლიკა გამოირჩეოდა. “თუ გინდათ, ახლავე წავიდეთ თბილისში და იქ ვითამაშოთ.”

შოტლანდია 2:0 საქართველო – მარცხი ხასიათში

იმ საღამოს, საქართველოსა და შოტლანდიას შორის კლასში სხვაობაზე მეტად თამაშის სურვილში განსხვავება იგრძნობოდა. სქოთებს ზედიზედ მეოთხე მოგება სწყუროდათ.

თუკი საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ რომელიმე მატჩი ხასიათით წააგო, ეს სწორედ წვიმიან, გლაზგოურ შეხვედრაზე ითქმის. შეიძლება, წინადადება პარადოქსულად მოჩანდეს ესპანეთთან ანტისარეკორდო 1:7-ის ფონზე, თუმცა ეს მართლაც ასეა. ესპანეთთან მარცხისას უპირატესი დაგეგმვის პრობლემა იყო.

ჰოდა, რევანშია ასაღები. პირველ რიგში, ხასიათის, მენტალობის მხრივ. აკი, ვილი სანიოლმაც თქვა პრესკონფერენციაზე – მიზანი მომდევნო ორ მატჩში “იმის უკეთ გაკეთებაა, რასაც ჩვეულებისამებრ ვაკეთებთ ხოლმეო.”

ბოლო პერიოდს თუ გავიხსენებთ, ცხადია სულ სხვა მნიშვნელობის, თუმცა რევანში მაინც ვიხილეთ. დიახ, ჩრდ. მაკედონიას ერთი ამოსუნთქვით, რომ მოუგო საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში, აქედანაც და იქიდანაც, მაგ მატჩებს ვგულისხმობ.

ჰოდა, ხასიათის ნაწილში, შოტლანდიასთან რევანში, მათ შორის, მარტის ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩისთვისაც გამოდგება.

ეს ერთგვარი რეაბილიტაციის შანსია – მაკგრეგორის რეპლიკის საპასუხოდ, გადაიტანოს ნაკრებმა და გაამართლოს მინდორზე ის წინადადება, რომელიც, ალბათ, რაღაც დროს, რაღაც გარემოებაში, დაკვეხნით, ყველას გვითქვამს: “ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას!”

ამას გარდა, თითოეული გამარჯვება, განსაკუთრებით ოფიციალურ შეხვედრაში, 2026 წლის მუნდიალის წილისყრაზე, უკეთესი განთესისთვის დადებული თითო აგურია. შესაბამისად, საქართველო vs შოტლანდია ამ მატჩთა კატეგორიაშია გასაყვანი.

თანაც, ჯვაროსნებს ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი კვლავ აქვთ, ამისთვის ნაკლებრეალისტურ მოვლენათა ჯაჭვში ბევრი ამბის თანხვედრაა საჭირო, თუმცა მისი სათავე, უდავოდ, შოტლანდიასთან გამარჯვებაზე (თეორიულად ფრეზეც) გადის.

საქართველო vs შოტლანდია – მზადება

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩამდე მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია. თუმცა მაინც არის რამდენიმე კითხვის ნიშანი.

საბა საზონოვი U21-ში

სანიოლის განკარგულებაში არ იქნება საბა საზონოვი. ტორინოს ცენტრალური მცველი რამაზ სვანაძის 21-წლამდელთა გუნდში იქნება და სრულფასოვან სათამაშო დროს სწორედ ახალგაზრდულში მიიღებს.

მისი პირველ გუნდში გამოუძახებლობა ვილი სანიოლმა სწორედ ამ სათამაშო დროის აუცილებლობით ახსნა. ტორინოში საბას დრო შემჭიდროვებულია, შესაბამისად, ფრანგი მწვრთნელის ეს არგუმენტი აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება.

დათი ხოჭოლავას, მუხლის ტრავმის გამო, ნაკრებში 2022 წლის 26 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ეს ცენტრალური დაცვის ოპტიმალური სახით ფორმირებას ცხადია ართულებს. ბუნებრივია, სწორება სწორედ მარტის ერთა ლიგის მატჩ(ებ)ზე გვაქვს. ეს ცალკე თავის ტკივილია, რადგან ჯანმრთელი დათი ხოჭოლავა ნაკრების ძირითადის უცვლელ წევრად მოიაზრება.

საზონოვის არყოფნა კი პირველ ნაკრებთან ერთად ახლა იმას ნიშნავს, რომ ძირითადის სამი ცენტრალური მცველის პოტენციური პირველი რეზერვი, ერთა ლიგის ნახევარფინალამდე ბოლო შეკრებას ტოვებს. ცხადია, თუკი მარტში, ლუქსემბურგთან საზონოვის თამაში, რომელიმე გარემოების გამო, საჭირო გახდება, დღეს სანაკრებო სიის მიღმა მისმა დატოვებამ, შესაძლოა, თავი უარყოფითად სწორედ 2024-ის გაზაფხულზე იჩინოს.

ვინ დაუბრუნდა და ვინ აკლია საქართველოს ნაკრებს

საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდნენ ოთარ კაკაბაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი. კრაკოვიას მარჯვენა მცველმა ტრავმა მოიშუშა და ჯვაროსანთა რიგებშიც დაბრუნდა.

სანიოლმა მასზე თქვა, “ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, არამხოლოდ მინდორზე, არამედ მის მიღმაც”. კაკაბაძეს შეუძლია მარჯვენა უინგბექისა და მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშია. გააჩნია, კონკრეტულ მეტოქესთან დაცვის დამძიმება უჯობს სანიოლს, თუ – შემსუბუქება.

ნაკრებში დაბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი. სანიოლის თქმით, სექტემბერში გაშვებული გოლებიდან 6 მისი ბრალი იყო. ამის გამო ის ოქტომბერში მწვრთნელმა არ გამოიძახა.

შემდეგ იყო საგოლე გადაცემა ბარსელონასთან და დაცვაში, 4-მცველიან ფორმაციაში უზადო თამაში. მოკლედ, გოჩოლეიშვილი ფორმაში ბრუნდება.

ტრავმის გამო ნოემბრის შეკრებას ოთარ კიტეიშვილი გამოტოვებს. აქილევსის მყესს განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობა რომ სჭირდება, ეს ვილი სანიოლმაც დაადასტურა.

ნაკრებში მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს საბა ლობჟანიძე. მასზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მკაფიოდ განმარტა, რომ ხანგრძლივი მგზავრობის გამო და ჩამოსვლის გვიანდელი თარიღის გამო აღარ გამოიძახა. თორემ, ის დასძინა: “ცხადია, ლობო მარტისთვის ჩვენს გეგმებში შედისო”.

ესაუბრება ვილი სანიოლი ფეხბურთელებს?

პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი დეტალი გაირკვა, არც თუ სასიამოვნო. როგორი კომუნიკაციაა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის?! სხვადასხვა დროს ფრანგისთვის დასმულ ამ კითხვაზე, მუდმივად დადებით პასუხს ვიღებდით. თუმცა გაბრიელ სიგუას შემთხვევა საპირისპიროს ცხადჰყოფს. იმედია, გაუგებრობაა, ან უბრალოდ ერთეული, აღარგამეორებადი შემთხვევა.

ტაილანდთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა თქვა, ხვალ გაბრიელ სიგუა ძირითადში დაიწყებსო. მერე იყო წინასამატჩო ვარჯიში. იქ, სანიოლის თქმითვე, ტაქტიკურ ვარჯიშზე სიგუას გარჯით კმაყოფილი არ დარჩა და ის სკამზე დატოვა.

მატჩის შემდეგ ბაზელის ნახევარმცველზე თქვა, გუშინ მთლად კმაყოფილი არ დავრჩი და სკამიდან ამიტომაც დაიწყოო. იქვე დასძინა, მაინც 45 წუთი უნდა მიმეცა და ახლა 35 წუთით ვათამაშე, თითქმის იგივე დრო მიიღოო.

რა მოხდა? ჩვეულებრივი ამბავია – შეცვალოს მწვრთნელმა, თუნდაც წინასწარ გაცხადებული გეგმა. თუმცა პრობლემა სხვა ამბავშია.

ვილი სანიოლს გაბრიელ სიგუასთვის არ განუმარტავს, მისი გადაწყვეტილების მიზეზი. გავიდა 1 თვე, Geo Team ესტუმრა ბაზელში სიგუას და ამის შესახებ, ინტერვიუდან გახდა ცნობილი.

ცხადია, საბა საპანაძემ ეს კითხვა პრესკონფერენციაზე დასვა, რომ გაბრიელმა ვერ გაიგო მიზეზი, თუ რატომ დარჩა დაანონსებული სასტარტოს მიღმა ტაილანდთან. სანიოლმაც მკაფიოდ განმარტა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი. არგუმენტაცია გასაგებია, მისაღებიც, თუმცა ფაქტი, რომ ფეხბურთელმა არგუმენტაცია 1 თვის შემდეგ, ჟურნალისტის მედიატორობით მოისმინა, საგანგაშოა.

იმედია, ან ერთეული შემთხვევაა ან გაუგებრობა. ჯანსაღი კომუნიკაცია, ხომ ჯანსაღი ატმოსფეროს ერთ-ერთი წინაპირობაა, რომელიც ასე, შეუიარაღებელი თვალითაც, მკაფიოდ ჩანდა ნაკრებში სანიოლის მოსვლის პირველ პერიოდში.

შოტლანდია თურქეთში მოემზადა

შოტლანდია “მომენტის დაჭერასა და გამოყენებას” გეგმავს. ეს დაახლოებით ხასიათის შექმნად უნდა გავიგოთ, რომელიც საქართველოსა და ნორვეგიასთან, სტივ კლარკისთვის დადებით შედეგებზე გადის.

A ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური შოტლანდიამ და ესპანეთმა უკვე მოიპოვეს. ორივე ნაკრებს 15-15 ქულა აქვს და რადგან ურთიერთშეხვედრებში ორივე ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა, ბოლო ტურამდე პირველადგილოსნის ბედი ვერაფრით გაირკვევა.

ჯგუფში პირველი ადგილი კი სიმბოლურ ხასიათს ნამდვილად არ ატარებს. შოტლანდიასა და ესპანეთს შორის უკეთესი, 2 დეკემბერს, ჰამბურგში გასამართ წილისყრაზე უკეთეს განთესვას მიიღებს.

სხვათა შორის, ამავე დღეს გაირკვევა საქართველო-ლუქსემბურგის გამარჯვებული ითამაშებს C ლიგის ფლეიოფის ფინალს შინ, თუ – საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის მოგებული.

მართალია, შოტლანდიის მწვრთნელი პირდაპირ ამბობს, რომ ესპანეთისგან ბოლო 2 ტურში ქულების დაკარგვას არ ელის, თუმცა სქოთები მაინც იბრძოლებენ.

თუკი 2 წლის წინ მოლდოვასთან მატჩამდე შოტლანდია ესპანეთში მოემზადა, ახლა იმავე, უკეთესი ამინდის გამო, კლარკის გუნდმა საქართველოსთან მატჩამდე თურქეთი შეარჩია.

საქართველო vs შოტლანდიაშოტლანდიის დანაკლისი

შოტლანდიას ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი აკლია. მთავარი კაპიტნის, ენდრიუ რობერტსონის არყოფნაა. მასთან ერთად სტივ კლარკს, კირან ტირნი, ძირითადი მეკარე ანგუს განი, აარონ ჰიკი, კევინ ნისბეთი და ჯონ სუტერი ვერ დაეხმარებიან.

საქართველო vs შოტლანდია – დინამო არენაზე

საქართველო vs შოტლანდია – მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი კვლავ სარეალიზაციოა. მატჩი დინამო არენაზე 16 ნოემბერს, 21:00 საათიდან დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.