საქართველო U21 vs ხორვატია U21 – 15 ნოემბერი, 19:00 საათი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი – უმნიშვნელოვანეს მატჩზე სტადიონი ისევ გასავსებია.
ევროპის 2025 წლის U21 ჩემპიონატი სლოვაკეთში გაიმართება, საქართველოს U21-ს კი ისტორიული შანსი აქვს, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციოს გავლით პირველად ითამაშოს.
იქამდე ორმატჩიანი პლეი ოფია, მეტოქე ივიცა ოლიჩის ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებია.
ამ შეხვედრაში ტრიბუნების მხარდაჭერა რამაზ სვანაძის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
საქართველო U21 vs ხორვატია U21 – პრევიუ
ხორვატია 5 დღეა თბილისშია. საქართველოშივე ჩვეულზე ხანგრძლივი სამზადისი სტუმარმა გუნდმა თბილისამდე რთული გზით ახსნა.
ივიცა ოლიჩმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე უარი თქვა. სამაგიეროდ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვინც თავის დროზე, მალხაზ ასათიანს მძიმე ტრავმა მიაყენა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ გვერდთან ისაუბრა ვრცლად.
ივიცა ოლიჩი – საქართველო U21-მდე
ივიცა ოლიჩის ამ სიტყვების ნაწილი ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას 11 ნოემბერს აქვს გამოქვეყნებული, ნაწილი კი – დღეს. მთავარი მწვრთნელის ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ.
“საქართველო U21-ის მიმართ პატივისცემით მიუხედავად, მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ვითამაშებთ” – ეს სათაურია, თუმცა ამ თავდაჯერებული განცხადების მიღმაც ოლიჩის სტრიქონებს შორის საინტერესო რაღაცები იკითხება.
“უცნაურია, თუმცა თბილისამდე გზა რთულია, არაა იქ მოხვედრა ადვილი, ამიტომაც რაც შეიძლებოდა დროულად გავეშურეთ საქართველოში. ზოგიერთ ფეხბურთელს 8-10 საათიც კი დასჭირდება გზაში”.
ხორვატიის U21-ს მესხზე გასამართი მატჩისთვის საგრძნობი დანაკლისი აქვს. სახელებით ისინი ჯერ ხორვატ ვარკსვლავთა ყულაბაში არ ჩაცვენილან, თუმცა მათ უმეტესობას კვალიფიკაციაში ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული. ეს კი ჩვენი უპირატესობა უნდა გახდეს.
“პრპიჩმა და ჟივკოვიჩმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრი მატჩი ჩაატარეს, მათთან დაკავშირებით გარკვეულია, რომ ვერ დაგვეხმარებიან.
კითხვის ნიშნებია ბადელისა და პრპიჩის შემთხვევაში.
არ გვეყოლება მარინ ლიუბიჩიჩიც. მას პირადად ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ ამ ორ მატჩში ის შეკრებაზე არ იქნებოდა, რადგან სრულფასოვნად ჯანმრთელი და მზადყოფნაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება.”
მალევე გაირკვა რომ დიონ ბელიომ რაპიდში ფეხის გადაბრუნების გამო კოჭი ისე დაიზიანა, რომ გერმანული ბუნდესლიგის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ხორვატიის U21-ს დანამდვილებით დააკლდება.
მასთან ერთად თბილისურ მატჩს დანამდვილებით გამოტოვებენ: ლეონ ბელჩარი და ლუკა ვრბანჩიჩი. მათთან დაკავშირებით უკვე დღეს ოლიჩი ამბობს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან იმ იმედით, რომ ეს ფეხბურთელები საპასუხო ხორვატულ შეხვედრაში უვკე მწყობრში იყვნენ.
“თავდაპირველად საქართველო რუსული სტილით, დაბალი დაცვითი ბლოკით, კონტრ შეტევაზე მოთამაშე გუნდი მეგონა. თუმცა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც გავაანალიზეთ… მათ შვედეთი ჩატოვეს ჯგუფში და პლეი ოფში დამსახურებულად არიან.”
ოლიჩი რთულ მატჩს ელოდება. ამავე აზრს იზიარებს კაპიტანიც. ნიკოლა ჩავლინაც და ივიცა ოლიჩიც ხაზს რამდენჯერმე უსვამენ, რომ მათ საქართველოს U21-ს ღრმა ანალიზი გაუკეთეს.
გვაქებენ, თუმცა იქვე ამბობენ, რომ ჩვენს თამაშში დატოვებული სივრცეების ათვისებას შეეცდებიან.
რამაზ სვანაძე U21 – პრესკონფერენცია
მეტად თუ არა, არანაკლებ ჰყავს ჩვენს სტაფს გარჩეული ხორვატიის ახალგაზრდულიც. ჩვენს U21-ში საუცხოო განწყობა რომ არის ეს წინასამატჩო ვარჯიშზეც გამოჩნდა.
რამაზ სვანაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელებმა კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება სახელდახელოდ შექმნილი დერეფნით მიულოცეს.
“ვთვლი, რომ მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის. დიდ პატივს ვცემთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, თუმცა ჩვენი გეგმა გვაქვს და ვეცდებით, რეალიზებაში მოვიყვანოთ.
ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს და ვეცდებით რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე.
განწყობა რა თქმა უნდა დადებითია და სხვანაირად არც შეიძლება იყოს.
მენტალური განწყობისა და ხასიათის ნაწილში, პრობლემები არ შეგვექმნება.”
რამაზ სვანაძემ, რომელიც ტრადიციულად ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული იყო, რომ ეს განწყობა მედიის წარმომადგენლებსაც გადმოგვდო, გულშემატკივარს განცალკევებით მიმართა.
“არაერთხელ ვნახეთ ჩვენი გულშემატკივრის ძალა და მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო, რომ დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი, მოვიდნენ, მხარი დაგვიჭირონ, რადგან ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეს მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.
დანაკლისი გვაქვს, თუმცა ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ფეხბურთელის შესაძლებლობებში, ვინც ახლა ჩვენთანაა და შეკრება გაიარა. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თავს არავინ დაზოგავს, იმისთვის რომ ხვალინდელი მატჩი წარმატებულად დავასრულოთ!”
საქართველო U21 vs ხორვატია U21 – ბილეთები
საქართველო U21 vs ხორვატია U21-ის ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე, ამ ბმულზე შეგეძლებათ.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 ნოემბერს, 19:00 საათიდან დაიწყება.